სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კორტებთან მოკლული ვაზაგაშვილის მშობლები გამოძიებამ დაზარალებულად არ სცნო

2006-06-13 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2 მაისს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები ქალაქის პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ინტერესებს იცავს.

საიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, რომლითაც ის გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვდა.

ქალაქის პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ სცნო. მოტივად მათ კონკრეტულ ფაქტზე დაწყებული საქმის წარმოება დაასახელეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს ამ ფაქტით სასამართლოზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ და მათ არ შეუძლიათ საქმეზე ობიექტურობის დადგენისათვის გამოძიებაში აქტიურად ჩართვა. ეს კი გამოძიების მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უგულველყოფას წარმოადგენს.