სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კავშირი ფაქტობრივ და ფიქციურ რეალობას შორის NDI-ის კვლევის კვალდაკვალ

2021-01-25 21:13
Featured image

რას გვეუბნება NDI-ს კვლევის შედეგები? 

დასკვნის გასაკეთებლად საჭიროა კარგად გავიხსენოთ რას ნიშნავს რეალობა და როგორი განსაზღვრების მქონე რეალობაში გვიწევს ცხოვრება. 

რეალობა შეიძლება იყოს ორგვარი. ერთი, ის რაც ფაქტობრივი გარემოებებისგან შედგება და და მეორე ის რაც ფიქციური, ანუ, ადამიანის მიერაა გამოგონილი. (ამ ყოველივეს ძალიან კარგად განასხვავებს ერთმანეთისგან ისტორიკოსი იუვალ ნოე ჰარარი აღნიშნულ ლექციაში: https://www.youtube.com/watch?v=nzj7Wg4DAbs&t=618s)

ფაქტობრივია რეალობა, რომელიც დაკავშირებულია გარემო ფაქტორებთან და ადამიანურ მოთხოვნილებებთან. ის რომ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად განვიცდით შიმშილს,  ის რომ დაუცველები ვართ ვერაგი ვირუსის წინაშე და ასე შემდეგ. 

ამისგან განსხვავებით არსებობს ფიქციური რეალობა, რომელიც საჭიროა ფაქტობრივი რეალობის მოსაწყობად, მისგან მომდინარე საფრთხეებისა თუ რისკების დასაზღვევად და ასევე იმ საჭიროებებისათვის პასუხის გასაცემად, რომელსაც ადამიანური მოთხოვნილებები აჩენს. მაგალითად, ფული, სასამართლო, არჩევნები და კიდევ მრავალი სხვა. 

ფაქტობრივ და ფიქციურ რეალობას შორის კავშირი მდგომარეობს იმაში, რომ მეორე იქმნება პირველიდან მომდინარე საჭიროებების ეფექტურად დასაძლევად. რომ არ არსებობდეს სასამართლო გართულდებოდა დავების გადაწყვეტილება, მათი აღსრულება და კუთვნილის სამართლიანად დაბრუნების შესაძლებლობა(არ აქვს მნიშვნელობა სასამართლო იქნება კერძო თუ საჯარო, საუბარია სასამართლოზე როგორც იდეაზე). რომ არ არსებობდეს ფული, გართულდებოდა ჩვენთვის საჭირო ნივთების მიღება და გაცემა სხვათა მისაღებად და ასე შემდეგ. 

დასკვნა შესაძლოა ასე ჩამოვაყალიბოთ: ფიქციურმა რეალობამ შესაძლებლობა უნდა მოგვცეს გადავჭრათ ფაქტობრივი გარემოებებიდან მომდინარე ტექნიკური პრობლემები და ეს ყოველივე გავაკეთოთ ყველაზე ეფექტიანი და იაფი გზით. 

აღნიშნული მსჯელობის პარალელურად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ როგორია ჩვენთან ამ ორ რეალობას შორის კავშირის აღქმა და სწორედ ამაზე ხომ არ მიუთითებს კვლევის შედეგებიც. 

პოლიტიკური დღისწესრიგი აბსოლუტურად ეფუძნება ფიქციური რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრას თანაც ისე, რომ არ ხდება ფიქციური რეალობის საჭიროების განმაპირობებელ ფაქტობრივ რეალობაზე რეფერირება. უფრო მარტივად, ბევრს ვკამათობთ ვინ? როდის? რამდენი? უნდა შევიდეს პარლამენტში მაგრამ ცოტას თუ აქვს იდეა რატომ შედის პარლამენტში და რის გაკეთება სურს საპარლამენტო მანდატის გამოყენებით. ასე გრძელდება მუდმივად.

აი ასე- ჩვენთან ფიქციურმა რეალობამ დაკარგა კავშირი ფაქტობრივ რეალობასთან. ამან კი გამოიწვია ის, რომ გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ფიქციური რეალობის პრობლემების გადაწყვეტაში უშუალოდაა ჩართული, არავის აინტერესებს მასზე მსჯელობა და არავინ აღიქვამს ამ სფეროდან მომდინარე პრობლემებს ეროვნულ საკითხად. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ფაქტობრივი რეალობიდან მომდინარე პრობლემები, რომელთაც მყისიერი გადაჭრა სჭირდება: ადამიანებს შიათ, ადამიანებს სჭირდებათ სამსახური, ადამიანები საფრთხეს განიცდიან ვირუსის შიშით. 

სწორედ ამიტომ, კვლევის შედეგად ეროვნული საკითხების პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, ტერიტორიების დაკარგვა და კორონა ვირუსი. ალბათ, შენიშნავდით, რომ ყველა ეს საკითხი, ფაქტობრივი რეალობიდან მომდინარე პრობლემაა. 

ხოლო გაყალბებული/ხარვეზიანი/უსამართლო არჩევნების შედეგები არავის არ აინტერესებს და მიტომაც იკავებს სათანადო ბოლო ადგილს ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა შორის. ეს კი იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის აღქმული ფაქტობრივი გარემოებებიდან მომდინარე პრობლემების მოგვარების მექანიზმთან. 


სწორედ ამას ასახავს ეს კვლევა. 

ნორმალურია თუ არა ეს ყოველივე? 

ჩემი პასუხია - კიც და არაც.

ნორმალურია ის, რომ ხალხს გააჩნია ფაქტობრივი რეალობის ობიექტურად აღქმის უნარი. არანორმალური კი ისაა, რომ პოლიტიკოსების არასწორი აქცენტირებით (ზოგისთვის ეს სწორიც კი შეიძლება იყოს, თუკი მათი მიზანი ესაა) საზოგადოება კარგავს ინტერესს ფიქციურ რეალობაზე, იმდენად, რამდენადაც ქრება კავშირი ფაქტობრივ და ფიქციურ რეალობას შორის. 

გასაკეთებელი სწორედ ესაა - ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა კავშირია ფიქციურსა და ფაქტობრივს შორის.

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას