სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრანსგენდერ პირებს უნდა შეეძლოთ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა

2018-05-02 17:32
Featured image

დღეს ტრანსგენდერმა მამაკაცმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე. მის ინტერესებს საია იცავს.

საია მიიჩნევს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ხელოვნურ ბარიერებს უდგენს ტრანგენდერ პირებს და ქმნის მრავალი ნიშნით პირის დისკრიმინაციის შესაძლებობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, თუ სახელმწიფო  ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისთვის წინაპირობად ითხოვს ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაცია ან მედიკამენტოზური თერაპია, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უნაყოფობას და  ეწინააღმდეგება პირის ნებას, არღვევს პირადი ცხოვრების (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი) და ასევე ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც კონვენციის მე-3 მუხლით არის დაცული.[1].

სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და არ უპირისპირდება  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიდგომას, რომლის თანახმად სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ტრანსგენდერ პირს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეუძლია. სასამართლოს განმარტებით, ტრანსგენდერი პირის თვითშეგრძნების (თვითიდენტიფიკაციის) უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას ადგილი ექნება მაშინ, თუ პიროვნებას რაიმე ფორმით, ნებისმიერი მხრიდან ხელი შეეშლება საკუთარ შეგრძნებებში, რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დაცული მისი სქესის თაობაზე ინფორმაციის შეცვლაზე უარს, ვერ იქნება განხილული როგორც პირის დაცულ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პიროვნება საჯარო დაწესებულების მიერ არ იზღუდება მის შეგრძნებებში.

საია იმედს იტოვებს, რომ უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს წარდგენილ საჩივარს, მიიღებს ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ტრანსგენდერი პირებისათვის დაწესებულ არაჰუმანურ  შეზღუდვებს.

 


[1] CASE OF A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE (Applications nos. 79885/1252471/13 and 52596/13),