სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თბილისის საქალაქო სასამართლო საიას სარჩელს დღეს განიხილავს

2010-05-05 07:49
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ასაჩივრებს ცესკოს 2010 წლის 2 მაისის დადგენილებას #37/2010, რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის წესი. საიას სარჩელის განხილვა დანიშნულია 2010 წლის 5 მაისს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ცესკოს სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იგი რეგისტრირებული იყო მესაკუთრის მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებამდე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა რიცხვი 12 000-ია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პირებისთვის აქტიური ხმის უფლების შენარჩუნება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ეს არ უნდა განხორციელდეს კანონის დარღვევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, საიამ შეიმუშავა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცესკოს მისცემდა საშუალებას ხელახლა განეხორციელებინა მსგავსი კატეგორიის ამომრჩეველთა რეგისტრაცია.

მოცემულ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა საკითხის საკანონმდებლო რეგულირებაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ცესკოს დადგენილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კანონთან წინააღმდეგობის გამო. კერძოდ:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადების საფუძველზე, “პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მისი პირადობის მოწმობა უქმდება რეგისტრაციის ნაწილში.”

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, “ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.” მოცემული ნორმა გულისხმობს ნამდვილი, სამართლებრივი ძალის მქონე რეგისტრაციის ადგილს და არა უკვე გაუქმებულ, ძალადაკარგულ მონაცემებს. თუმცა ცესკოს გასაჩივრებული დადგენილება სწორედ ძალადაკარგულ მონაცემს რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რეგისტრაციას უკავშირებს ამომრჩევლის შეყვანას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც სრულ სამართლებრივ ნონსენს წარმოადგენს.

ცესკოს დადგენილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მე-16 მუხლსაც. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რაც შეიძლება გახდეს საარჩევნო უბნის შექმნის საფუძველი. მასში მოხსენიებული არ არის რეეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნის შექმნა.

ცესკოს დადგენილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-3 წინადადებას, რომლის მიხედვითაც “დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.”