სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მთავრობის უარს საია სასამართლოში გაასაჩივრებს

2014-05-08 15:01
Featured image
2014 წლის 11 აპრილს საქართველოს მთავრობაში წარდგენილი იქნა მოქალაქეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილობა იქნა მოთხოვნილი, რის საფუძველზეც შპს „RMG Gold”-მა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 2014 წლის 7 მაისს საჩვირის ავტორებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, თითქოსდა საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ.
 
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის და მომჩივანი პირების არაუფლებამოსილ პირებად მიჩნევის საფუძვლად მთავრობამ შემდეგი გარემოებები მიუთითა:
 
საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს საჩივრის ავტორების კანონიერ ინტერესებსა და უფლებებებზე, არ აყენებს უშუალო ზიანს მათ;
 
საჩივრის წარმდგენებს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით არ აქვთ იურიდიული, ლეგიტიმური, პატივსადები ინტერესი;
 
საყდრისი ყაჩაღიანს არ გააჩნია არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი და ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას;
 
საყდრისი-ყაჩაღიანში არ არის კულტურული ფენა.
 
მთავრობის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან:
 
1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. ამასთან კონსტიტუცია ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. აღნიშნული ნორმა თითოეულ მოქალაქეს და არა პირთა შეზღუდულ წრეს, აძლევს უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ყველასთვის საერთო კულტურული, ისევე როგორც ბუნებრივი გარემოს დაცვა.
 
2. საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის 11 თებერვალს რატიფიცირებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ე.წ. ორჰუსის კონვენცია). აღნიშნული კონვენციის თანახმად „გარემოსდაცვით ინფორმაციას“ განეკუთვნება ასევე ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კულტურული ობიექტების მდოგმარობასთან. შესაბამისად, კონვენციის თანახმად ისეთი ღირებულება, როგორიც კულტურული მემკვიდრეობაა, ყველასთან არის დაკავშირებული.
 
3. დღეის მდოგმარეობით, საყდრისი-ყაჩაღიანი არქეოლოგიური ობიექტის სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, საყდრისი-ყაჩაღიანი წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო კულტურული მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობით სარგებლობა და დაცვა განიხილება არა ერთი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის ან კერძო კომპანიის,  არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებამოსილებად.
 
გვსურს აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ დრომდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი აღარ წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს. ხოლო ის გადაწყვეტილება, რომლითაც თითქოსდა საყდრისი-ყაჩაღიანში კულტურული ფენების არსებობა არ დადასტურდა, გასაჩივრებული იქნა და სადაო დოკუმენტს წარმოადგენს.
 
თუ დავუშვებთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი მართლა აღარ წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს და იქ კულტურული ფენა არ არის, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რა საჭირო იყო სამინისტროს მიერ იმ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მონიტორინგი უნდა გაუწიონ „RMG Gold”-ის მიერ წარმოებულ სამთო სამუშაოებს.
 
საყურადღებოა, რომ მომავალში მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილებით თუ კულტურული მემკვიდრეობის რომელიმე ძეგლს შესაბამისი სტატუსი მოეხსნება ან მისი განადგურების საფრთხე წარმოიშობა, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ უფლება გაასაჩივრონ ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით. ეს კი კანონსაწინააღმდეგო და საშიში პრაქტიკის დამკვიდრების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამგვარად, ხელისუფლების რომელიმე უკანონო გადაწყვეტილების შემთხვევაში პრაქტიკულად ნებისმიერი ძეგლი გასანადგურებლად  აღმოჩნდება განწირული, რადგან საქართველოს მოქალაქეებს, დაინტერესებულ საზოგადოებას ამ საკითხზე დავისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
 
მთავრობის უარს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საია სასამართლოში გაასაჩივრებს.