სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით

2010-12-30 06:26
Featured image

29/12/2010, თბილისი, საქართველო

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბელორუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.

2010 წლის 19 დეკემბერს  ბელორუსის ათასობით მოქალაქე შეიკრიბა მინსკში, ოქტომბრის მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოსახატად. შედგომში მათ გადაინაცვლეს დამოუკიდებლობის მოედანზე.  ,,საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით:  
,,პარლამენტის შენობის შესასვლელთან მცირე ჯგუფად იდგა ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. სახე შარფებით ჰქონდათ დაფარული. მათ დემონსტრანტებს მოუწოდეს შენობა შტურმით აეღოთ. თავად დალეწეს ფანჯრები და ჩამოიღეს კარი. ამის შემდეგ  სპეცდანიშნულების რაზმმა მთელი დემონსტრაცია დაარბია.

თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის ლიდერები შეკრებილ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. მათივე თქმით, პოლიციამ დემონსტრანტები და ჟურნალისტები ხელკეტებით სცემა".

დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბიეს. დაახლოებით ორას დემონსტრანტს სცემეს. ასობით მათგანი დააკავეს და დაუდგინეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მათი საქმეები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით განიხილეს.

პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი და მათი შტაბის წევრებიც დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რამდენიმე დაკავებულთან არ დაუშვეს ადვოკატები.

დაკავებული პრეზიდენტობის ორი ოპოზიციური კანდიდატის - ბ-ნი ვლადიმირ ნეკლაევისა და ბ-ნი ანდრეი სანიკოვის - ჯანმრთელობის მდგომარეობა  საგანგაშოა.  ,,საერთაშორისო ამნისტიის"  ცნობით, ბ-ნ სანიკოვს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და შესაძლოა თავის ქალაც დაზიანებული ჰქონდეს.
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ ბელორუსის მთვარობას:
-    გამოიძიოს სავარაუდოდ პოლიციის მიერ  ძალის არაპროპორციული გამოყენება;
-    უზრუნველყოს, რომ არავინაა დაკავებული კანონდარღვევით;
-    უზრუნველყოს, რომ დაკავებულებს ხელი მიუწვდებოდეთ სამართლებრივ დახმარებაზე;
-    დაკავებულთათვის უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება;
-    პატივი სცეს დაკავებულთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას;
-    გამოიძიოს ბატონი სანიკოვისა და ნეკლაევისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები და დამნაშავენი მისცეს პასუხისგებაში.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაგმოს ბელორუსში ადამიანს უფლებების დარღვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, აქტიურად მიადევნოს თვალი ბელორუსში მოვლენების შემდგომ განვითარებას.


ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მრავალეროვანი საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის  42-ე მუხლი