სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სახელმწიფომ გ. გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

2014-05-14 15:26
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2010 წლის 10 მარტს გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით (გ.გამცემლიძის დედა, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები)  საჩივრით „გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარი შეეხებოდა 2008 წლის 8 მაისს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს. გ. გამცემლიძის მიმართ პოლიციელის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო საია საჩივარში ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), ასევე კონვენციის მე- 6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის თაობაზე დავობდა. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციის (ცალმხრივი დეკლარაციის) საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
 
საქმის ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაედევნა თბილისის ცენტრში გიორგი გამცემლიძის მართვის ქვეშ მყოფ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომანქანას. გარკვეული დროის შემდეგ ავტომანქანა ბორდიურს მიეჯახა, მძღოლი, ბ-ნ გიორგი გამცემლიძე გადმოვიდა მანქანიდან და მიმდებარე ავტოფარეხის სახურავზე აძრომით გაქცევა სცადა. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვ. ა., გაეკიდა მას. თანამშრომელმა დევნის დროს გამცემლიძეს სამსახურებრივი  პისტოლეტი ესროლა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების ან/და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, რითიც კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გ. გამცემლიძე ადგილზე გარდაიცვალა. 
 
2008 წლის 8 მაისს, ერთი და იგივე დროს შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა და შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა. საქმის მასალების თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ, გ.გამცემლიძეს დაუვარდა გაქცევისას.  აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე: პირველი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ვ. ა.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსსკ) 144-ე მუხლით- მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით და მეორე,   გარდაცვლილი ბ-ნ გიორგი გამცემლიძის წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 236-ე მუხლით. 2008 წლის 9 მაისს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა. გამოძიების მიერ ვერ დადგინდა იარაღის კუთვნილების ფაქტი.
 
2009 წლის 16 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის (სსსკ-ს 116 მუხლი), მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ორი წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა 41,500 ლარის გადახდა გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ.
 
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია ამტკიცებდა, რომ გ.გამცემლიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება, ისევე როგორც სასამართლო გამოძიება მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ხარვეზებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია და სასამართლოს განაჩენით პოლიციელისთვის დაწესებული სასჯელი არაადეკვატური იყო და რომ საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი განზრახ მკვლელობისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მსჯავრდებული.
 
ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს მთავრობამ გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პოზიციის (ცალმხრივი დეკლარაციის) თანახმად:
 
„საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობა დანანებით აღიარებს კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილის დარღვევას ... მთავრობა მზად არის ჩაატაროს ხელახალი გამოძიება ბატონი გიორგი გამცემლიძის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე; უზრუნველყოს მომჩივნების მონაწილეობა გამოძიების პროცესში, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. . . გადაიხადოს 20,000 ევრო“.
 
საია აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით გ.გამცემლიძის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე ხელახალი გამოძიების ჩატარება სავალდებულო პირობაა. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი  ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაიწყება. საია, როგორც მომჩივნების წარმომადგენელი, გამოძიების მიმდინარეობას აქტიურად დააკვირდება.