სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი დაიწყო

2017-06-01 14:49
Featured image

დღეიდან, 2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი დაიწყო. მართალია წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე განვითარებული მოვლენებიც ტრადიციულად ორგანიზაციის დაკვირვების საგანს წარმოადგენს. 

საია წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვებას ცენტრალური და 8 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში: კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში 20-მდე დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელებს.

საიას დამკვირვებლები განსაკუთრებული ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
  • წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონო მონაწილეობა/აგიტაცია;
  • ამომრჩეველზე ზეგავლენა/დაშინება/მუქარა/ფიზიკური ანგარიშსწორება;
  • ამომრჩევლის მოსყიდვა;
  • საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება;
  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;
  • სხვა საკითხები.

 

მონიტორინგის განხორციელებისას საიას დამკვირვებლები შეისწავლიან არჩევნებში ჩართული სახელმწიფო უწყებების  (საარჩევნო ადმინისტრაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, უწყებათაშორისი კომისია, სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო) საქმიანობას და დააკვირდებიან, თუ  რამდენად გამჭვირვალედ, ობიექტურად  და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით წარმართავენ აღნიშნული უწყებები საქმიანობას.

საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებზე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მიიღებენ. მათ შორის, საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით და სხვა. მოქალაქეებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს და კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებს და საიას დამკვირვებლებს სავარაუდო დარღვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას უშუალოდ განმცხადებლებთან და იმ პირებთან გადაამოწმებენ, ვისაც შესაძლოა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი რეაგირებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციასა და სხვა შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საია პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, ასევე კენჭისყრის დღემდე გამოაქვეყნებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს.

წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი ხორციელდება პროექტის„ახალგაზრდა იურისტები თავისუფალი და სამართლიანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ზრდა.