სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა დონორი ორგანიზაციების მიმართ

2013-05-23 10:11
Featured image

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.

დღეს აშკარაა ხელისუფლების მზადყოფნა, ჩართოს საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შემუშავების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს ხელისუფლების გეგმები, შეაფასოს მათი ეფექტიანობა, დააყენოს ალტერნატიული წინადადებები და გააკონტროლოს ხელისუფლების შემდგომი ქმედებები. თუმცა შედარებით დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ხელისუფლება მომავალშიც მოუსმენს სამოქალაქო საზოგადოებას. დიალოგისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად სამოქალაქო საზოგადოებამ დღესვე უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაშიც მას დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება. დონორების დახმარება სჭირდება ახალ ხელისუფლებასაც. 

ამ განცხადებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გვინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას დღემდე გაწეული დახმარებისა და მომავალი მხარდაჭერისთვის და ასევე, გავაცნოთ მათ ჩვენი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა სახის მუშაობა მიგვაჩნია პრიორიტეტულად სამომავლოდ. 
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა:
არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სურათი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქმედო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაჩნდა როგორც ახალი შესაძლებლობები, ისე - ახალი გამოწვეებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა გადახედონ თავიანთ სტრატეგიებსა და პრიორიტეტებს, შეაფასონ ახალ რეალობასთან მათი ადექვატურობა და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები. ამ პროცესში მონაწილეობის მიღების და წინადადებების შეთავაზების შესაძლებლობა საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა მიეცეს. შეცვლილი სტრატეგიები და პრიორიტეტები საჯარო უნდა გახდეს. 
 
იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებიდან დიდი დრო არაა გასული, ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მომავალში არაერთი ცვლილებაა მოსალოდნელი, დონორების პოლიტიკა და მიდგომები მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს. დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, მანამდე შეთანხმებული სამოქმედო გეგმები შეცვლილი რეალობის შესაბამისად გადააწყონ. ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და ეს ცვლილებები შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დასრულდეს. 
 
ზოგადად, უმჯობესი იქნება, თუ დონორი ორგანიზაციები საგრანტო პროგრამებს ზედმეტად ვიწრო ჩარჩოებს არ დაუდგენენ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემენ შესაძლებლობას, პრობლემების გადაჭრის უფრო კომპლექსური და საჭიროების შემთხვევაში, უფრო რისკიანი (მანამდე გამოუცდელი) მიდგომები გამოიყენონ. ხშირად, პრობლემის გადაჭრისთვის მხოლოდ კვლევა, მხოლოდ ადვოკატირება, მხოლოდ ცნობიერების ამაღლება და ცალკე აღებული ნებისმიერი სხვა მიდგომა საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი დონორი მოითხოვს, რომ საგრანტო განაცხადში აქცენტი მხოლოდ ერთი ტიპის აქტივობაზე გაკეთდეს. რისკს რაც შეეხება, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა დონორები ნოვატორული იდეების დაფინანსებას ერიდებიან, რადგან უჭირთ იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენად გაამართლებს ასეთი იდეა. 
 
ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობამ კონკრეტული შედეგები გამოიღოს და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაიჭრას, თუმცა ამ მიზეზით დონორმა ორგანიზაციებმა სწრაფ შედეგებზე ზედმეტად დიდი აქცენტი არ უნდა გააკეთონ და მხოლოდ ისეთი პროექტები არ უნდა დააფინანსონ, რომლებიც ექვსი თვის თავზე ჰპირდება შედეგებს. ზოგიერთი პრობლემის ასეთ მოკლე დროში გადაჭრა არის შესაძლებელი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას მაქსიმალურად უნდა ეცადონ, თუმცა არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოწესრიგებაც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. შესაბამისად, დონორებმა მხარი ისეთ პროექტებსაც უნდა დაუჭირონ, რომლებიც უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი და პრობლემას თუ სრულად ვერ ჭრის, მისი გადაჭრისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას მაინც ქმნის. 
 
უკვე არაერთი ათეული წელია დონორი ორგანიზაციები ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას დახმარებას უწევენ. ამ პერიოდში რამდენიმე ორგანიზაციამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მათი მიზნები და საქმიანობა სამართლიანი, პრინციპული, მიუკერძოებელი და ქვეყნისთვის სასარგებლოა. დონორებმა ასეთ ორგანიზაციებს თავისუფალი ე.წ. Core (და არა პროექტებზე მიბმული) დაფინანსება უნდა გამოუყონ და მისცენ მათ შესაძლებლობა, თავად დაგეგმონ, როგორ გაანაწილონ მიღებული ფული დასახული მიზნების მისაღწევად. 
შესაძლებელია, დამატებით წინაპირობებად ორგანიზაციაში შიდა დემოკრატიის პრინციპების დაცვა (გადაწყვეტილების მიღების პროცესში რიგითი თანამშრომლებისა და წევრების მონაწილეობა), ბენეფიციარებთან აქტიური კომუნიკაციის მექანიზმების არსებობა (პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქმიანობის დაგეგმვაში ბენეფიციარების ჩართვა, გაწეული სამუშაოს შესახებ მათი ინფორმირება და ა.შ.), ფინანსური და პროგრამული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა (შესაბამისი ანგარიშების განსაჯაროება და საჯარო დისკუსიების ორგანიზება) და სხვა მსგავსი კრიტერიუბი იქნას გამოყენებული. ყველა შემთხვევაში, ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე უნდა იყოს.
 
აუცილებელია ახალი ჯგუფებისა და ინიციატივების წახალისებაც, რაც სამოქალაქო საზოგადოების ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით გამდიდრებას შეუწყობს ხელს. ამისთვის შესაძლებელია ახალი ორგანიზაციების დაფინანსება (ე.წ. Seed გრანტების გაცემა), გამოცდილი და ახალი ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციებში ახალგაზრდების სტაჟირების დაფინანსება და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. 
 
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მმართველობების როლი მომავალში, სავარაუდოდ, გაიზრდება (ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა დეცენტრალიზაციის აუცილებლობა), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული არასამთავრობოების დაფინანსებაც.
 
სასურველია, შენარჩუნებულ იქნას ის მუხტიც, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში ახალგაზრდებში გაჩნდა. ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა არა მხოლოდ დონორი ორგანიზაციების, არამედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილიც უნდა გახდეს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია მათი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული განვითარების ხარჯების სათანადოდ დაფინანსებაც. როგორც მინიმუმ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, (ა) ადექვატური ანაზღაურების შეთავაზების გზით, კვალიფიციური კადრები მიიზიდონ და შეინარჩუნონ და (ბ) დონორების დაფინანსება ფინანსური აუდიტისა და პროგრამული საქმიანობის პროფესიული შეფასებისთვის გამოიყენონ. ამის საპირისპიროდ დღეს დონორების უმრავლესობა ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ხარჯებზე ძალიან დაბალ ზედა ზღვრებს აწესებს. 
 
და ბოლოს, აუცილებელია, რომ დონორმა ორგანიზაციებმა, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ახლავე დაიწყონ მსჯელობა სპეციალური (ე.წ. Endowment) ფონდის შექმნაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მომავალი მუშაობისთვის (საერთაშორისო
დაფინანსების შემცირების შემდეგ) მოხდება თანხების აკუმულირება. საჭიროა მუშაობის დაწყება სახელმწიფო გრანტების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, არასამთავრობო ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის, კვლევების მეთოდოლოგიების გაუმჯობესებისა და სხვა მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობაზეც. 
 
ხელისუფლების დახმარება: 
წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი რეფორმების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის აუცილებლობის უგულვებელყოფა იყო. ამან, ერთის მხრივ, საზოგადოების გაუცხოება, მეორეს მხრივ კი _ რეფორმების პროცესში დაშვებული არაერთი შეცდომა გამოიწვია. ახალ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით მოუწევს მუშაობა. უახლოეს მომავალში დონორების განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს: 
სხვადასხვა სფეროს რეფორმირების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში ექსპერტული დახმარების გაწევა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნა.
 
სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის მოთხოვნა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებაში მხარდაჭერა. 
 
ისეთი მწვავე პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაში დახმარება, როგორიცაა, სხვადასხვა პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება, რათა თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართალი; კერძო საკუთრების უფლების შელახვის ფაქტების გამოძიება და მათზე ადეკვატური რეაგირება; 24-საათიანი ენერგომიწოდებისა და ენერგოუსაფრთხოების უზუნველყოფა/შენარჩუნება; პენიტენციური სისტემის რეფორმა - პატიმართა უფლებების დაცვა და სისტემაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება; წინა ხელისუფლების დროს დანიშნული საჯარო მოხელეების შესაძლო არამართლზომიერი დათხოვნების პრევენცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ცარიელ შენობებში უკანონოდ შეჭრის შემთხვევებსა და გაფიცვებზე ადეკვატური რეაგირება; კრიმინალის გაზრდის პრევენცია და უმცირესობების უფლებების დაცვა. 
 
შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაში გადასაჭრელ პრობლემათა გარდა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება გრძელვადიანი ეფექტის მქონე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განათლების ხარისხის ამაღლება (როგორც ფორმალურის, ისე არაფორმალურის), უმუშევრობის შემცირება, დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სტრუქტურების გაძლიერება და მათი რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გენდერული საკითხების ინტეგრირება პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
 
ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება და კერძო საკუთრების უფლების დაცვის მყარი გარანტიების შექმნა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარება დაეხმარება ყველაზე მეტად ქართული დემოკრატიის განმტკიცებას და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას. 
 
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის პროცესში დონორმა ორგანიზაციებმა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაშვებული შეცდომა არ გაიმეორონ, მთლიანი აქცენტი ხელისუფლების დახმარებაზე არ გადაიტანონ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა მკვეთრად არ შეამცირონ. მათ უნდა განასაჯაროონ, რა სახის დახმარებას უწევენ ხელისუფლებას,  რა ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ და რა მოლოდინები აქვთ და ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მისცენ. ამას გარდა, თუ დონორები ცალკეულ სამინისტროებს პროექტებს დაუფინანსებენ, შესაძლებელია, რომ ამ დაფინანსების მცირე პროცენტი რომელიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს გამოუყონ, რათა მათ გააკონტროლონ, რამდენად სწორად ხარჯავენ ფულს შესაბამისი სამინისტროები. მნიშვნელოვანია, ასევე, ისეთი ტიპის დაფინანსების უზრუნველყოფა, რომელიც დააკავშირებს სამოქალაქო სექტორის ექსპერტიზასა და ხელისუფლების საჭიროებებს, რაც გახდება სამთავრობო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი სექტორების თანამშრომლობის წამახალისებელი.
 
საქართველო დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. როგორც წარსულში, მას ახლაც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი. ქართული სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა ქვეყნის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის და მას სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება. 
 
 
ხელმომწერები:
1. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
3. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
6. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
7. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)
8. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS)
9. ALPE
10. ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)
11. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
12. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
14. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
15. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრები:
16. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
17. დემოკრატ მესხთა კავშირი
18. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
19. სამოქალაქო საზოგადოების კვლევის და განვითარების ცენტრი
20. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო
21. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
22. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 
23. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი
24. მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”
25. გორის ინვალიდთა კლუბი
26. ასოციაცია „ბილიკი“
27. ძალადობისგან დაცვის ეროვნული პლათფორმის ხაშურის კომიტეტი
28. უკეთესი მომავლისთვის
29. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი
30. დუშეთის განვითარების ფონდი
31. სტეფანწმინდა
32. ასოციაცია „ტოლერანტი“
33. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
34. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
35. ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი
36. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
37. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
38. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
39. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“
40. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
41. ასოციაცია „გაენათი“
42. ფონდი „აფხაზინტერკონტი“
43. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
44. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
45. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
46. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი
47. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
48. ბორჯღალი
49. დემოკრატიის ინსტიტუტი