სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროს დაზარალებულ პირს ზიანი აუნაზღაურდება და ყოველთვიურ სარჩოს მიიღებს

2017-01-20 10:28
Featured image

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ერთი პირის ინტერესებს, რომელმაც 2012 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ინსტრუქტაჟის ჩატარების დროს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.  დაზიანების შედეგად, მას დასჭირდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (ზომიერად გამოხატული ფორმით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანება პირმა ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ოფიცრის ბრალეული მოქმედების შედეგად მიიღო, თავდაცვის სამინისტრო უარს ეუბნებოდა მკურნალობის ხარჯების, მორალური ზიანის და ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და ასევე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,სარჩოს დანიშვნას საფუძვლად ის რეალობა უდევს, რომ დაზარალებული, შრომის უნარის დაქვეითების, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული სირთულეების გამო, ვეღარ ახერხებს მისთვის ნორმალური ცხოვრების წესის გაგრძელებას, საკუთარი ძალებით საჭირო ანაზღაურების გამომუშავებას, ან ეზრდება დანახარჯები მკურნალობისა თუ გარემო პირობებთან დამატებითი ადაპტაციის საჭიროების გამო. სწორედ ამ დანაკლისის კომპენსაციას ხმარდება ყოველთვიური სარჩო [...] სარჩოს გამოთვლა დაკავშირებული უნდა იყოს საარსებო მინიმუმის არა ნორმატიულად განსაზღვრულ ოდენობასთან, არამედ კონკრეტული პირის აუცილებელი მოთხოვნილებების კომპენსირების შესაძლებლობასთან“.  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლა ზიანის მიმყენებლის მხრიდან ცალსახად წარმოშობს დაზარალებულისათვის არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესის  და რიტმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგოა თითოეულ ინდივიდში იწვევს ცხოვრების ხალისის დაქვეითებას, ნერვულ დაძაბულობას, არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენას, რაც წარმოშობს ნეგატიურ განცდებს, თუნდაც მცირედით კომპენსირების აუცილებლობას“.