სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

2024-07-16 12:04
Featured image

საია წარმოადგენდა პაციენტის ინტერესებს, რომელსაც ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გაეწია მომსახურება პროტოკოლის მოთხოვნათა დარღვევითა და ინფორმირებული თანხმობის უგულებელყოფით. 

საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ორსული პაციენტი მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და ამოყვანილ იქნა მკვდარი ნაყოფი. თუმცა, პაციენტის მდგომარეობის არასათანადო მართვის შედეგად, მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე მოხდა პაციენტისათვის ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ორგანოს, საშვილოსნოსა და საკვერცხის ამოკვეთა. 

გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით, საიას დახმარებით პაციენტმა მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“. პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს წინაშე დაისვა სამი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და მათ დაეკისრათ შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობა. 

სააგენტოს დასკვნის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ, სამედიცინო პერსონალის მხრიდან რეცენზენტთა შეფასებით, არ იქნა ნაცადი ორგანოს შემანარჩუნებელი ტაქტიკა. ამასთან, პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა, თუმცა, აღნიშნული ექიმების მიერ დაუსაბუთებლად გამოირიცხა, ხოლო, დაგვიანებული მოქმედების შედეგად პაციენტს ამოკვეთეს საკვერცხე. 

გარდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობისა, პრობლემური იყო პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. ინფორმირებული თანხმობის არ არსებობის პირობებში, როდესაც მას არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა ნება საშვილოსნოსა და საკვერცხის ამოკვეთის შესახებ, პაციენტს შეეზღუდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად, ხოლო საქმეში პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ მოიპოვება. 

ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვისას მიიჩნიეს, რომ მოპასუხე დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობა გამოიხატა აუცილებელი, შესაბამისი გულისხმიერებისა და წინდახედულების ნორმების დარღვევაში, პროტოკოლით დადგენილი მეთოდების არასრულად გამოყენებაში, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და მას წაერთვა მომავალში ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა (გარდა სუროგაციის გზით ბავშვის დაბადებისა). შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს პაციენტის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდა. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული, რადგან იგი ექვემდებარება გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში. 

პაციენტის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალი წარმოადგენდა.