სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო სამსახურის რეფორმა ხარვეზებით მიმდინარეობს

2019-03-06 10:51
Featured image

საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხარვეზებით და, რიგ შემთხვევებში, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევებით მიმდინარეობს. კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირების უკონკურსოდ დანიშვნის ზრდის ტენდენცია, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დაგვიანებით ამოქმედება და საჯარო მოხელეებს შორის შეფასების შედეგების არაპროპორციული გადანაწილება, ასევე რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სხვა სამინისტროებში მობილობის დაბალი მაჩვენებელი და სამინისტროების მიერ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისათვის გადახდილი კომპენსაციის დიდი ოდენობა.

სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:

1. არსებული მდგომარეობა: 2018 წლის განმავლობაში, სამინისტროებმა შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მიიღეს სულ 197 პირი, რომელთაგან გამარტივებული კონკურსი ჩატარდა 67 შემთხვევაში, ხოლო 130 პირის დასაქმება მოხდა კონკურსის გარეშე (დამხმარე ფუნციების შესასრულებლად - 75, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 55 პირი).

 

შეფასება: სამინისტროების მიერ  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირების უკონკურსოდ დასაქმების მაჩვენებელი 2-ჯერ აღემატება კონკურსის საფუძველზე დასაქმებული პირების რაოდენობას, რაც, ერთის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის არსებულ გამარტივებულ კონკურსს აზრს უკარგავს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმის რისკებს საჯარო დაწესებულებაში.

 

2. არსებული მდგომარეობა: სამინისტროების დიდმა ნაწილმა (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; თავდაცვის სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო) პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე ბრძანებები კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით მიიღო (2018 წლის მარტიდან 2018 წლის ივნისის პერიოდში), ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის განმავლობაში არ დანერგილა პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და მეთოდოლოგია.

 

შეფასება: პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვა და განხორციელება მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო დაწესებულებამ შეფასების წესი და მეთოდოლოგია უნდა განსაზღვროს შეფასების პერიოდის დასაწყისში, რაც სამინისტროების უმეტესობის მიერ  არ განხორციელებულა.

 

3. არსებული მდგომარეობა: 2018 წლის განმავლობაში სულ შეფასდა 984 საჯარო მოხელე, რომელთაგან 243 მოხელე არის ხელმძღვანელ პოზიციაზე. საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო შეფასება მიიღო - 427 (44%), კარგი - 546 (55%),  ხოლო დამაკმაყოფილებელი  - 11 (1%) საჯარო მოხელემ. ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 243 საჯარო მოხელიდან, საუკეთესო შეფასება მიიღო  - 130 (53%)-მა, კარგი -112-მა (46%), ხოლო დამაკმაყოფილებელი - 1 (0.4%) საჯარო მოხელემ.

 

შეფასება: სამინისტროებმა ვერ უზრუნველყვეს საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების შედეგების გონივრული და პროპორციული გადანაწილება, რაც საჯარო მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ობიექტური სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

4. არსებული მდგომარეობა: შეფასების შედეგების საფუძველზე, 2018 წლის ბოლოს საჯარო მოხელეებზე გაცემული ფულადი ჯილდოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 1 831 281 ლარი. თითოეულ საჯარო მოხელეზე გაცემული ფულადი ჯილდოს ოდენობა თვიური ანაზღაურების ოდენობის 60-დან 100%-მდე მერყეობს.

 

შეფასება: იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებული საჯარო მოხელეების 99%-მა დადებითი შეფასება მიიღო, საჯარო დაწესებულებამ ყველა მათგანს მისცა ფულადი ჯილდო, რაც წახალისების მექანიზმის არსებობას აზრს უკარგავს.

 

5. არსებული მდგომარეობა: 2018 წლის განმავლობაში სამინისტროების ნაწილში ჩატარებული რეორგანიზაციების საფუძველზე სულ გათავისუფლდა  89 საჯარო მოხელე. რეორგანიზაციის პროცესში, სამინისტროებმა მობილობით გადაიყვანეს 42 საჯარო მოხელე (39 - იმავე საჯარო დაწესებულების, ხოლო 3 - სხვა დაწესებულების სისტემაში) ხოლო 47 საჯარო მოხელე ჩაირიცხა რეზერვში. რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე გაცემული კომპენსაციის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 354 200 ლარს.

 

  • რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირებისას მობილობის ინსტიტუტი მხოლოდ სამინისტროს სისტემის შიგნით ფუნქციონირებს, ხოლო ერთი სამინისტროდან მობილობის წესით საჯარო მოხელეების სხვა სამინისტროს სისტემაში გადაყვანა პრაქტიკაში თითქმის არ ხდება. მობილობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების არარსებობა ვერ ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით გაცემული თანხის ოდენობას.

 

კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

- სამინისტროებმა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირის მისაღებად, როგორც წესი, გამოაცხადონ გამარტივებული კონკურსი და უკონკურსოდ მიღება დაუშვან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს;

- სამინისტროებმა შესაფასებელი წლის დაწყებისთანავე დაამტკიცონ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესი და მეთოდოლოგია, დროულად ჩაატარონ შუალედური შეფასებები და უზრუნველყონ შეფასების შედეგების გონივრული და პროპორციული გადანაწილება საჯარო მოხელეთა შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით;

- სამინისტროებმა ხელი შეუწყონ რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების შემცირების შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა მობილობის წესით გადაყვანას, როგორც სამინისტროს სისტემაში, ასევე სხვა სამინისტროში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე.

 

წარმოდგენილი კვლევის მიზანია საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი ინსტიტუტების პრაქტიკაში დანერგვის შეფასება. კვლევა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ა) საჯარო სამსახურში მიღება; ბ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა და მათი მობილობის წესით დასაქმება; დ) რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა;  კვლევა მოიცავს ერთწლიან პერიოდის, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კვლევა ეფუძნება სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად წარმოდგენილ კვლევა არ მოიცავს აღნიშნულ სამინისტროებში არსებულ ვითარებას.

 

იხილეთ კვლევა.