სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

2014-06-11 13:04
Featured image
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 9 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდებოდა. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს.
 
კვლევის მიმდინარეობისას შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
 
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. მსგავსი ფაქტები აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.
 
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის - 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და  ძალადობის - 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის - 1, სამსახურიდან გათავისუფლების - 2,  პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის - 1 ფაქტი.
 
მართალია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავისუფალი და არაძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მისი უპირველესი ამოცანა იყო, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი აქტებისა და დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის ძალისხმევისა, მომხდარიყო წინასაარჩევნო დარღვევების პრევენცია, მთელ რიგ შემთხვევებში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები უხეშად ირღვეოდა, რაც აღნიშნული კომისიის მუშაობას არაეფექტურს ხდიდა.
 
საანგარიშო პერიოდში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის/საარჩევნო ბლოკის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად ამბობდნენ და საკუთარ კანდიდატურებს რეგისტრაციიდან ხსნიდნენ. აღნიშნულ ინფორმაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიები აწოდებდნენ. საიას და პარტნიორი ორგანიზაციების  ინფორმაციით, 2 ივნისის მდგომარეობით, 9 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა.  დაზარალებულები, ძირითადად, არ აკონკრეტებდნენ, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. პარტიების ან თავად კანდიდატების განმარტებით, მათთან ხორციელდებოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, ადგილი ჰქონდა ახლობლის სამსახურიდან გათავისუფლების ან „პრობლემების შექმნის“ მუქარას, ასევე „დანაბარების გადმოცემას ახლობლების მეშვეობით. აღნიშნულის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ინიციატივით საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის საკმაოდ ბევრი ფაქტი (527 ფაქტი) დაფიქსირდა.  აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში კანდიდატებმა ზეწოლის შედეგად მოხსნეს კანდიდატურა.
 
კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ვფიქრობთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, უარყო საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები და მასში პოლიციელთა შესაძლო მონაწილეობა.  პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდო ზეწოლის 61 ფაქტიდან მხოლოდ 4 ფაქტზე დაიწყო  გამოძიება.  ამ ფონზე, ძალადობის, ზეწოლის უპირობო დაგმობისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, არაადეკვატური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებდა სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.  
 
„ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა წინადადება და ცესკოს მოუწოდა, მიეღო სათანადო ზომები იმისათვის, რომ პარტიათა კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნა არ მომხდარიყო.  ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილების პროექტი მანამდე უკვე მომზადებული ჰქონდა და მისი მიღება მომდევნო დღეს იგეგმებოდა, რაც  „ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი გახდა და ეს გარემოება საკუთარ ინიციატივად წარმოაჩინა.
 
მიგვაჩნია, რომ ცესკოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, თუ რა შემთხვევებში გაუქმდებოდა პარტიული სია მასში კანდიდატთა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობისას,  დადებითად აისახა წინასაარჩევნო გარემოზე.  დადგენილება დაეხმარა ყველა იმ პარტიას, რომლებიც, კანდიდატთა რეგისტრაციიდან მოხსნის გამო, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფრთხის წინაშე იდგნენ. თუმცა, აღნიშნული დადგენილების მიღებით, ცესკო გასცდა თავისი უფლებამოსილების მანდატს,  ვინაიდან  დაადგინა საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებული წესი.
 
წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის რეგულაცია, რომელიც გამგებლობისა და მერობის კანდიდატებისაგან ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ცენზს აწესებს და ამ რეგულაციის ბუნდოვანება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ განმარტა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაცია იყო მიკერძოებული და არათანმიმდევრული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატის საკითხი განიხილებოდა, ცესკოს  ერთი და იგივე სტანდარტით უნდა ემოქმედა. ეს გარემოება ჩრდილს აყენებს ცესკოს იმიჯს და მის პოზიტიურ ინიციატივებს.
 
საია დადებითაც აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმად, ძირითად შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეები ხმას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემენ.  მსგავსი ინიციატივა პოზიტიურია და განსხვავდება ადრე არსებული პრაქტიკისგან, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ხმას ძირითადად დისლოკაციის ადგილის მიხედვით აძლევდნენ.
 
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო კანონმდებლობაში, კერძოდ, მოქმედ გამგებლებს/მერებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება არ ჰქონდათ და ისინი გამგებლის/მერის პოსტზე საქმიანობას უთავსებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას.  მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევებში, არსებულმა საკანონმდებლო ხარვეზმა წარმოშვა სახელმწიფო და პარტიული რესურსის გამიჯვნის პრობლემა და წაშალა ზღვარი პარტიულ და სახელმწიფო საქმიანობას შორის.
 
საანგარიშო პერიოდში კვლავ ჰქონდა ადგილი სოციალური პროექტების ინიცირების ფაქტებს, რომელთა დაწყება წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. აღნიშნული ინიციატივებით, მართალია, კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, თუმცა, ისინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს შეიცავდა.