სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა

2013-10-03 08:15
Featured image

ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებას ეხებოდა.

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სპეციალურად ამ მიზნით პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილი კომისიის მიერ:

რომელ სასწავლო მიმართულებებს და ფაკულტეტებს მიენიჭათ უპირატესობა და რა კრიტერიუმებით ისარგებლა კომისიამ გამარჯვებულთა შერჩევისას;
რამდენი იყო გასაცემი თანხების მთლიანი ბიუჯეტი;
იმ პირთა სია, რომელთაც საკონკურსო კომისიამ მიანიჭა დაფინანსება და თითოეულ ადამიანზე გასაცემი (გაცემული) თანხის რაოდენობა.
 
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისის საიამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა ითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღემდე არ მომხდარა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არც წარდგენილი ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა არ მომხდარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
შესაბამისად, დღეს 2013 წლის 3 ოქტომბერს საიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება მოითხოვა. 
 
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას.