სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

2013-09-30 03:10
Featured image

„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საიამ პარლამენტს 26 სექტემბერს წარუდგინა. 

დღეს მოქმედი კანონი „პოლიციის შესახებ“ 1993 წელს არის მიღებული და საკმაოდ მოძველებულია. დიდი ხანია დღის წესრიგში დგას მისი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ჩანაცვლების საკითხი. ახალი კანონის პროექტის სტრუქტურა კარგად არის ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები ცალკე თავად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა. აღნიშნული გაუმჯობესებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ამავდროულად, აღვნიშნავთ, რომ პოლიციის საქმიანობის გამართულად წარმართვისათვის არ კმარა მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ კანონის განახლება. მნიშვნელოვანია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირეული ცვლილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვა, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული პატიმრობის განმსაზღვრელი ნორმებისა, რომლებიც აშკარა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციითა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნები უკავშირდება: შსს-ს პოლიტიკურ მიუკერძოებლობას; პირის იდენტიფიკაციასთან, პირის მოწვევასა და ზედაპირული შემოწმება-დათვალიერების რეგულირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; სპეციალური საშუალებების გრადაციას, მათი გამოყენების წესსა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს; გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებას; პოლიციელების შრომითი უფლებებს და კანონპროექტში წარმოდგენილ სხვა პრობლემატურ საკითხებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განსახილველ კანონპროექტს.
 
საიას მოსაზრებები პოლიციის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით იხ. თანდართულ დოკუმენტში.