სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია შსს-ს ყვარლის ინციდენტის ობიექტურად შესწავლისა და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს

2014-05-01 13:24
Featured image
როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ასევე მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი დააკავა. საია დაკავებულთაგან ხუთი პირის, მათ შორის, დავით ქევხიშვილის ინტერესებს იცავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 28 აპრილს საიამ განცხადება გაავრცელა.
 
ყვარლის გამგეობის თანამშრომელმა, ნინო ხუციშვილმა, საიას მიაწოდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ საკრებულოს წევრი თამაზ  გუგოშვილი პოლიციის თვალწინ ფიზიკურად უსწორდება ერთ - ერთ დაკავებულს, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. აღნიშნული ფაქტი არაერთი მედია საშუალების მეშვეობით გაშუქდა, თუმცა, საიას ინფორმაციით, ამ დრომდე მასზე რეაგირება არ მომხდარა. ვიდეო მასალაში ასევე ასახულია იმავე დღეს, საკრებულოს წევრის, თ.გუგოშვილის მიერ ნინო ხუციშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი პოლიციელთა და სხვა პირთა თანდასწრებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. 
იკვეთება, რომ დაპირისპირებული მხარეების მიმართ პოლიცია არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იჩენს და რეაგირებს მხოლოდ ერთი მხარის ქმედებებზე. შესაბამისად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პოლიცია მიკერძოებულად, მიზანმიმართულად რეაგირებდა მხოლოდ ერთი ჯგუფის ქმედებებზე.
 
საკითხავია, თუ რითია განპირობებული სამართალდამცავთა უმოქმედობა ზემოაღნიშნულ ორ ფაქტზე. თუ ყოფილი გამგებლი, დავით ქევხიშვილი, სამართალდამრღვევად ჩაითვალა იმ მოტივით, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვას, მაშინ რატომ არანაირ დარღვევად არ ჩათვალა პოლიციამ უფრო მძიმე სამართალდარღვევის (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა ერთად) ნიშნების შემცველი ქმედებები? კითხვებს ამძაფრებს ასევე ის გარემოება, რომ, როგორც ვიდეომასალიდან და თვითმხილველთა მონათხრობიდან ირკვევა, აღნიშნულ ქმედებებს პოლიციელთა თვალწილ ჰქონდა ადგილი. მაშინ, როდესაც მყისიერი რეაგირება ხდება გამგებელთან დაკავშირებით, რატომ არ ხდება საერთოდ რეაგირება მასთან დაპირისპირებულ საკრებულოს წევრის ქმედებებზე? მნიშვნელოვანია აიხსნას საკითხისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა და უმოქმედობის მიზეზები. სათანადო და დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვას, რომ ამგვარი უმოქმედობა მართლაც ხომ არ უკავშირდება შსს-ს მინისტრის მოადგილის რაიმე სახის ინტერესს, რის შესახებაც  ყვარლის ყოფილი გამგებელი და სხვა პირები არაერთხელ მიუთითებდნენ.
 
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონდარღვევაზე სათანადო რეაგირების მოხდენა საჭიროა არა მხოლოდ სამართალდამრღვევის გამოსავლენად და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, არამედ ასევე იმიტომ, რომ პოლიციელთა უმოქმედება, საკუთარი ვალდებულებისადმი გულგრილი ან შერჩევითი დამოკიდებულება, თავისი არსით, შეიძლება წარმოადგენდეს უფრო მძიმე კანონდარღვევას (შესაძლებელია დანაშაულსაც), ვიდრე იმ სახის ქმედებები, რომელთა ჩადენის მოტივითაც პოლიციამ 18 პირი დააკავა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია სამართალდამცავთა ქმედებები ობიექტურად, ეფექტურად და მიუკერძოებლად წარმოჩინდეს წინასაარჩევნო პერიოდში.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
 
1. შეისწავლოს ვიდეო მასალაში აღბეჭდილი კადრები, მოახდინოს ქმედებების სათანადო შესწავლა, სწორი სამართლებრივი შეფასება და, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის პირთათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება;
 
2. გამოარკვიოს, თუ რითი იყო განპირობებული პოლიციელთა ზემოაღნიშნული უმოქმედება და სავარაუდო შერჩევითი დამოკიდებულება ყვარლის ინციდენტში მონაწილე პირებისადმი. ამასთან, გარკვეულ უნდა იქნეს პოლიციელთა მსგავს ქმედებას მართლაც ჰქონდა თუ არა რაიმე სახის კავშირი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის რაიმე სახის არამართლზომიერ ინტერესთან თუ მითითებასთან.