საიამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს მოქალაქე დ. ც.-ს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და დ. ც. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით). 122-ე მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. სასამართლომ დ.ც.-ს დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. პროკურორმა აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურორი სააპელაციო სასამართლოსაგან ითხოვს დ.ც.-ს დამნაშავედ ცნობას უფრო მძიმე, 117-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე საიას დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მოიხადა მისთვის დანიშნული 10 თვიანი პატიმრობის ვადა და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.