სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება

2011-07-05 20:00
Featured image

აღსანიშნავია, რომ რომელიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება არ გულისხმობს მისთვის რაიმე შეღავათის/პრივილეგიის მინიჭებას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სხვადასხვა ტიპის შეღავათები ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რაც არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გამომდინრეობს თავად ეკლესიისთვის მინიჭებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსიდან. აღნიშნული პრობლემების მოგვარებას (თანაბარი საგადასახადო რეჟიმი ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის, საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა) წინამდებარე კანონპროექტი არ ხდის შესაძლებლად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი სტატუსის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა ყველა რელიგიური მიმდინარეობისათვის. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში კვლავ რჩება გარკვეული ბუნდოვანება. ერთის მხრივ, არ არის ნათელი თუ როგორ, რა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რელიგიური გაერთიანების მხრიდან საქართველოსთან ისტორიული კავშირის ქონას. მეორეს მხრივ, არ არის ცხადი, თუ რას გულისხმობს ”რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.” აღნიშნული ჩანაწერი იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დახვეწას საჭიროებს.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ კანონს გაეცანით აქვე. (07.07.11)