სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პარლამენტს შეჩერდეს სკოლის მანდატურებთან დაკავშირებული საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვა

2010-07-15 10:36
Featured image

საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით იხილავს კანონპროექტს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმად კანონმდებლობაში ოფიციალურად ჩნდება სკოლის მანდატურის სტატუსი. ამასთან, მანდატურებს ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოიყენონ "პირადი გასინჯვის" უფლება, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ღონისძიების გამოყენება მანდატურებს შეეძლებათ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში.

მიგვაჩნია, რომ სკოლებში მანდატურებისთვის "პირადი გასინჯვის" უფლების მინიჭება, ასევე არასრულწლოვან პირთა მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სათანადო საკანონმდებლო რეგულირების გარეშე შეიძლება ამ პირების უფლებების უხეში დარღვევის საფუძველი გახდეს. აუცილებელია, კანონმდებლობამ გაითვალისწინოს სათანადო გარანტიები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც იქნება გამოყენებული ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია არასრულწლოვან პირებთან მიმართებით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში მოხდა 2010 წლის 21 ივნისს და მისი განხილვის პროცესის დაწყება დაგეგმილი იყო 7-10 სექტემბრისათვის, თუმცა პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის, ისევე, როგორც მრავალი სხვა პროექტის განხილვა მაქსიმალურად ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო და სულ რამდენიმე დღის განმავლობაში იგი ორი მოსმენით იქნა მიღებული.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული რეჟიმის  შეჩერება და მსჯელობის გაგრძელება. კერძოდ, კანონში ინიცირებულ მუხლებთან ერთად უნდა იქნას გათვალისწინებული კანონის ობიექტთა, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვან პირთა დაცვის სათანადო გარანტიები.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განაახლოს კანონპროექტის მიღების პროცესი.