სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და IDFI საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართავენ

2016-11-18 16:39
Featured image

18 ნოემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ( გაზეთი ბათუმელების სახელით),  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების შესახებ განცხადებებით მიმართეს.  

ორგანიზაციები ითხოვენ გამოძიების დაწყებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის თაობაზე. ორი სხვადასხვა, თუმცა არსით იდენტური საქმეები ეხება IDFI-ის და საია-ს მიერ შსს-ში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა  IDFI-ის და საიას  სარჩელები (IDFI - 2014 წლის 24 დეკემბერს; საია - 2015 წლის 6 იანვარს)  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ეს გადაწყვეტილებები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, (IDFI - 2016 წლის 13 ივლისი; საია - 2015 წლის 29 სექტემბერი), თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა შესაბამისად, ორი სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის, სრულყოფილი სახით გაცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება, თუმცა შსს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღუსრულებია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ განახორციელებს, და რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ შსს-ს შეუძლია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ჩვენთვის უცნობია, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირ(ებ)ის ვინაობა ან/და მათი ბრალეულობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აშკარაა

დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამდენად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის და 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ჩვენ, მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების  მოთხოვნით.