სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია „ბათუმი რივიერას“ საქმეზე გაცემულ მშენებლობის ნებართვას ასაჩივრებს

2020-09-09 11:40
Featured image

დღეს საია-მ ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ორგანიზაცია ,,ბათომის“ სახელით ,,ბათუმი რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაასაჩივრა. ადმინისტრაციულ საჩივარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განიხილავს. საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები არღვევს გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. გეგმის ფარგლებში სსიპ ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გამოსცა ბრძანება V კლასის შენობა-ნაგებობის (ხასიათდება მომეტებული რისკით) „სილქ თაუერი“-ს და ლაგუნას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

საია-მ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით შეისწავლა სამშენებლო დოკუმენტაცია. გამოიკვეთა, რომ ერთ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მეორე შემთხვევაში კი - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესი წარმართულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით და გადაწყვეტილებების მიღებისას არ შეფასებულა პროექტის გავლენა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. ასევე შეუსწავლელია პროექტის ურბანული თავსებადობა ქალაქთან, ბულვართან და სანაპირო ზოლთან, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფიზიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან. შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ პროცესში ასევე არ გაანალიზებულა საჯარო და კერძო ინტერესები და საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც უხეშად ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.