სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

2013-05-28 06:54
Featured image

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესწავლის და შეფასების მიზნით საიას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ფაქტების შესწავლის შემდგომ, საზოგადოების (განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის) დაინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხზე საჯარო განცხადების გავრცელება. 

 
აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობაში მოვლენები ამგვარად განვითარდა: 
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 2013 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება. 
 
2013 წლის 8 აპრილს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება გიორგი ბარამიას მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უმაღლესმა საბჭომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე, რომ აფხაზეთის ა/რ-ის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს პრეზიდენტთან. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა არ ანსხვავებს ერთმანეთისგან გათავისუფლებას პირადი განცხადების საფუძველზე და სხვა საფუძვლით გათავისუფლებას შორის. კანონმდებლობა გათავისუფლების ყველა შემთხვევაში ადგენს ერთიან პროცედურებს.  შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა ფორმალურ ხასიათს  ატარებდეს), უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო პრეზიდენტთან შეთანხმებით. 
 
გარდა აღნიშნულისა, 2013 წლის 8 აპრილს უმაღლესმა საბჭომ ამავე საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია დანიშნა  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ისე, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყდა. იმ დროს მოქმედი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება თუ ,,დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა". მიუხედავად ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნისა, როგორც აღვნიშნეთ, ვ.ყოლბაიას დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყდა.
 
სავარაუდოდ, აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით, 2013 წლის 10 აპრილს, უმაღლესმა საბჭომ ცვლილებები შეიტანა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“. განხორციელებული ცვლილებებით სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უჩერდება უფლებამოსილება. თუმცა, ცხადია, ეს ცვლილება ვერ გაამართლებს ამ ცვლილების განხორციელებამდე არსებულ დარღვევას. უფრო მეტიც, იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ცვლილება განხორციელდა არა იმ მიზნით, რომ ზოგადად წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირების უკეთესი წესი შექმნილიყო, არამედ ცვლილება მიზნად უკვე განხორციელებული დარღვევის ,,გამოსწორებას" და ნორმატიული აქტის ერთ პირზე მორგების მიზანს ისახავდა.
 
საზოგადოებაში კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას პირველ რიგში ხელს უწყობს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ კანონმდებლობის განუხრელი დაცვა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ორგანოსთვის რამდენად მოსაწონი და მისაღებია ნორმატიული აქტების მოთხოვნები, ის ვალდებულია იმოქმედოს დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო თუ ეს წესი შეცვლას საჭიროებს, მაშინ ჯერ უნდა შეიცვალოს წესი და შეცვლილი წესის შესაბამისად, შემდეგ უნდა შეიცვალოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და არა პირიქით. ამასთან, ნორმატიული აქტები უნდა იცვლებოდეს მაშინ, როდესაც უმჯობესდება ქცევის ზოგადი წესები და არა მაშინ, როდესაც ასეთი ცვლილება კონკრეტული პირის თუ პირთა ჯგუფის ინტერესებში შედის.