სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რა მნიშვნელობა აქვს საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

2011-04-26 18:10
Featured image

2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გზავნილებს შეიცავს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მისამართით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელთა ჩადენაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, რათა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდეს (ეფექტური გამოძიების წარმოება). ევროპის სასამართლომ საქმეში _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ დარღვეულად ცნო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, რადგან სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე არ იყო ჩატარებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.

 

სასამართლო შეძრა ,,სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. . . ერთობლივმა ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო მკვლელობის [ამ] შემაძრწუნებელ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლისკენ”: კერძოდ, 
* შს სამინისტროს ქმედებებმა გამოძიების საწყის ეტაპზე, 
* პროკურატურის გულგრილობამ გამოძიებისადმი, 
* სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსებაზე, 
* ეროვნული სასამართლოების მიერ სასამართლო პროცესის არასათანადოდ ჩატარებამ და მსჯავრდებულთა ნაადრევმა გათავისუფლებამ, 
* საქართველოს პრეზიდენტის არაგონივრულმა თანაგრძნობამ მსჯავრდებულთა მიმართ.

სასამართლომ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 იანვრიდან 2006 წლის 5 მარტამდე ჩატარებული გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მაშინ, როდესაც 2006 წლის 31 იანვარს-1 თებერვალს უკვე არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ ს. გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, სავარაუდოდ, შსს-ს მოხელეთა დამნაშავეობა იკვეთებოდა, გამოძიებას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაინც თავად შსს აწარმოებდა და არ მოხდა საქმის გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის.

ამ კუთხით სასამართლომ გამოძიების რამდენიმე ხარვეზზე გამოთქვა საფუძვლიანი შეშფოთება:
- სწორედ 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ისეთიც, რომელმაც მოგვიანებით გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქმის ბედზე;
- გამოძიებაში ჩართული პირების იერარქიული დაქვემდებარება _ დ. ახალაია, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი შსს-ში მიმდინარე გამოძიებაზე, იყო ინციდენტის ღამეს შარდენის კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი და, იმავდროულად, შემდგომში დამნაშავედ ცნობილი გ. ალანიას უშუალო უფროსი;
- სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია იმ ფაქტით, რომ მას შემდეგ, რაც (სავარაუდოდ, 2 თებერვალს) დ. ახალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაიგეს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირებისა და შსს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირზე ჩადენილ დანაშაულთან, არ მოხდა საქმის გადაცემა პროკურატურისათვის, არამედ გამოძიება კვლავ გაგრძელდა შს სამინისტროს გამომძიებლების მიერ.

ევროპის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 5 მარტის შემდეგ ქ. თბილისის პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი, ობიექტური, და, რაც მთავარია, ჯეროვანი.

ამ კუთხით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტებზე:
- გამოძიების ეტაპზე საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა და მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა იწვევდა დაზარალებული მხარის უფლებების უგულებელყოფას; ისინი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
- გამომძიებელმა, ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ დაზარალებული ლ. ბუხაიძე არ იცნობდა საქმის მასალებს, მისი დაკითხვის დროს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმ გარემოებაზე, თითქოსდა ლ. ბუხაიძემ და სანდრო გირგვლიანმა ინციდენტის ღამეს შარდენის კაფე ცალ-ცალკე დატოვეს; ლ. ბუხაიძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გარემოებას საქმის გამოძიებისათვის მაშინ, როცა გამომძიებლისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ ფაქტების აღწერის ეს ვერსია თანხვედრაში მოდიოდა შემდგომში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გია ალანიას მიერ მიცემულ ჩვენებასთან. გამომძიებლის მიერ ლ. ბუხაიძისათვის დასმული შეკითხვები სწორედ ამ ვერსიის გამყარებას ისახავდა მიზნად.

- 8 მარტს ჩატარებული ამოცნობის დროს გამომძიებლის მიერ ამოცნობის ოქმში განზრახ არ იქნა დაფიქსირებული ლ. ბუხაიძის მიერ მიცემული ცალსახა ჩვენება, რომ ერთ-ერთი ამოსაცნობი პირი – ო. მელნიკოვი იყო დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთ-ერთი პირი.
- დაზარალებულთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ უარი განაცხადა, მოწმის სახით დაკითხულიყო ყველა ის პირი, ვისთანაც ინციდენტის ღამეს სატელეფონო კავშირი ჰქონდათ მსჯავრდებულებს.

- გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში მსჯავრდებულები მოთავსებული იყვნენ ერთ კამერაში, რაც წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ამ დროს დ. ახალაიას ძმა იყო.
- გამოძიება არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა სახის ბასრი საგნით და ოთხი მსჯავრდებული პირიდან კონკრეტულად რომლის მიერ ჰქონდა მიყენებული დაზიანებები ს. გირგვლიანს, მაშინ როდესაც ჩატარებული ექსპერტიზა ცალსახად ამბობდა, რომ კისრის არეში დაზიანებები მიყენებული იყო ბასრი საგნით. გამოძიება, ამასთან დაკავშირებით, სიტყვაზე ენდო მსჯავრდებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ს. გირგვლიანს, სავარაუდოდ, გაქცევის შემდეგ მიადგა.

ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვისას ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ დაზარალებულ მხარეს არ ეძლეოდა ადეკვატური დრო და საშუალება, გასცნობოდა საქმის მასალებს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ასეთი სირთულის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდა. ბუნებრივია, ასეთ მოკლე პერიოდში საქმის მასალების გაცნობა და სათანადოდ მომზადება რთული იქნებოდა როგორც დაზარალებული მხარის, ასევე თვით სასამართლოსთვის.
ევროპის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დაზარალებული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა და არ გამოიკვლია ინციდენტის ღამეს შარდენ ბარში მყოფ პირთა სატელეფონო საუბრები. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზარალებული მხარის არც იმ არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომ სატელეფონო საუბრების მხოლოდ ნაწილი იქნა გამოყენებული საქმეში, მაშინ როცა გამოძიებას აღნიშნული საუბრების სრული ვერსია ჰქონდა ამოღებული.

ევროპული სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია, ასევე, იმ ფაქტით, რომ ეროვნულმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სასამართლო განხილვის დროს ლ. ბუხაიძის მიერ მიცემულ ცალსახა ჩვენებას, რომ მეოთხე პირი, ვინც მისი და სანდრო გირგვლიანის ცემაში მონაწილეობდა იყო ო. მელნიკოვი. აღნიშნული სერიოზული ბრალდება სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირდაპირი მსხვერპლის ჩვენება. ევროპული სასამართლოს აზრით, ო. მელნიკოვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომელიც ინციდენტის ღამეს კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში იყო, ფაქტობრივად, დაადასტურებდა დაზარალებული მხარის ბრალდებებს, რომ არსებობდა თანამონაწილეობა დამნაშავეებსა და კაფეში მყოფ პირებს შორის.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც დამნაშავეებსა და კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში მყოფი პირების კავშირზე მიუთითებდა, თუმცა, გამოძიებამ, ისევე, როგორც სასამართლომ, ამ დეტალების გამოკვლევა არ ისურვა.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიდა სასამართლოების მიერ დამნაშავეებისათვის შეფარდებული და შემდგომში მათ მიერ რეალურად მოხდილი სასჯელი - პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების გამო - არ იყო ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური. სასამართლოს აზრით, მსგავსი არაგონივრული ტოლერანტობა დამნაშავედ ცნობილი ოთხი სახელმწიფო მოხელის მიმართ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის გამოსწორების საშუალებას არ იძლევა.

ევროპის სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის 38-ე მუხლი ევროპის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის არასათანადო თანამშრომლოების გამო. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მიერ მოთხოვილი ვიდეო მასალები, ჩაწერილი 23 CD დისკზე, 2008 წლის 22 დეკემბრის ნაცვლად გადაუგზავნა ერთი წლის დაგვიანებით, ანუ მხოლოდ 2009 წლის 15 დეკემბერს, ისიც, მხოლოდ სასამართლოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად. სასამართლომ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მაინც არასრული სახით წარუდგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავდა მოვლენებს თბილისი-კოჯორის გზაზე ღამის 2-დან 3 საათმდე. 1 საათიანი ჩანაწერის ნაცვლად საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 68 წამიანი ვიდეო ჩანაწერი წარუდგინა.

ევროპული კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად, ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობას განმცხადებლებისათვის სამართლიანი ანაზღაურების სახით 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ ევროპის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა ხარვეზი, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, სადაც დანაშაულის ჩადენაში სახელმწიფო მოხელეების სავარაუდო მონაწილეობა იკვეთება, რათა მომავალში მაინც უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი საქმეების ეფექტური გამოძიება ეროვნულ დონეზე.