სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქუთაისის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" (RICDOG) - იყავით აქტიური ყველგან და ყოველთვის

2024-05-30 11:45
Featured image

RICDOG სათემო ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოების მინი მოდელად ხედავს. ორგანიზაციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია მრავალფეროვან გარემოში ცხოვრება, ურთიერთობა და საქმის ერთობლივად კეთება. RICDOG-ის განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა, როდესაც სხვადასხვა თაობის ადამიანები თანამშრომლობენ და ერთიანი ძალებით ქმნიან სიახლეებს, უმკლავდებიან გამოწვევებს და აზიარებენ ცოდნას.

RICDOG კომპლექსური ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე. მაგალითად, აქვს გეიმიფიცირებული ორგანიზაციული სტრუქტურა, ფინანსების მოძიების სწავლებისთვის იყენებს „გამოწვევებს“, აქვს სამაგიდო თამაშების ცენტრი ქალაქ ბაღდათში (Game Zona, ბაღდათის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით), რომელიც ახალგაზრდებში საჭირო უნარების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად შევქმენით 10-ზე მეტი სამაგიდო, ონლაინ თამაში, ხოლო ყოველ კვირა დღეს გვაქვს თამაშების დღე, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. RICDOG სწრაფად ვითარდება, მუდმივად ეძებს ახალ მიდგომებს და მეთოდებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს ორგანიზაციის საქმიანობაში და გაავრცელოს თავისი მისია, ხედვები და სტანდარტი. წევრობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ისე დისტანციურად.

RICDOG ახალგაზრდული სულისკვეთების ორგანიზაციაა. ეს განპირობებულია იმით, რომ აქტიურად ახორციელებს ერასმუს+ პროგრამებს. 2007 წლიდან მოყოლებული 1000-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო გაცვლით ბანაკებსა და ტრენინგებში. ამით ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გააქტიურებას და მათთვის ახალი პერსპექტივების შექმნას.

2005 წლიდან (დაფუძნებიდან) დღემდე ორგანიზაციამ მეტი გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობისთვის გაიარა შიდა განვითარების საფეხურები. ჩამოყალიბდა სტრუქტურა, დაიხვეწა ორგანიზაციის წესდება, შემუშავდა განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი. RICDOG-ს თავისი საქმიანობის 70% ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისკენ აქვს მიმართული, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისთვის სპეციალური პროგრამა „მართე შენი ორგანიზაცია“ შექმნა.

წლიდან წლამდე ორგანიზაცია 20-ზე მეტ პროგრამა-პროექტს ახორციელებს, რომლებიც ყველა თაობისთვის არის გათვლილი. ამ პროგრამების უმრავლესობა მოხალისეობრივად ხორციელდება და, რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, ასეთებია: პროგრამა „მოხალისეთა კლუბი“, რომელიც ხელს უწყობს მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას; „ნეირო ლიდერობის პროგრამა", რომელიც ლიდერული უნარების განვითარებასა და აქტიური მოქალაქეების ფორმირებაზე მუშაობს. ის თამაში-წიგნის „ლიდერთა ეპოქა“ საფუძველზე ხორციელდება; აუცილებლად აღსანიშნავია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც საქართველოს მასშტაბით - 650, ხოლო იმერეთში 93 სკოლაში ხორციელდება. მისი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. საქველმოქმედო ღონისძიება „ის მაინც არსებობს“ შემუშავდა მარტოხელა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით და მის ირგვლივ ყოველი წლის დეკემბერში ქალაქი ქუთაისი ერთიანდება. 13 წლის განმავლობაში ის, ორგანიზაციის აქციიდან, მთელი ქალაქის ღონისძიებად იქცა. ყოველ წელს 31 დეკემბერს ღამის 00:00 საათიდან საახალწლო ქარავანი სტუმრობს ოჯახებს. ამ წლების განმავლობაში 115 მრავალშვილიანი ოჯახის 500-ზე მეტ ბავშვს გაულამაზა ახალი წელი.

ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა RICDOG სტანდარტი და თაობა, რომელსაც ჩვენ „RICDOG Gens“ ვუწოდებთ. RICDOG Gens - ადამიანები, რომლებიც არიან აქტიურნი ყველგან და ყოველთვის, ინოვაციურები, მრავალფეროვნები, კრეატიულები და ინტელექტუალურები. ასე რომ, თუ ასეთი ადამიანი ხარ, ან ასეთებს იცნობ, ჩვენ თქვენ გეძებთ და შემოგვიერთდით, რათა ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე. ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურა და საქმიანობა თქვენთვის ღიაა!

წარმატების მაგალითები RICDOG-თან ერთად

გვანცა თოთაძე - 2011 წელს ორგანიზაციაში მოხალისედ მოვიდა, გაიარა სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც განივითარა უნარები, გაიღრმავა ცოდნა, შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის სპეციფიკა. მისი მონდომებისა და ორგანიზაციის დემოკრატიულობის თანხვედრამ შედეგად მოხალისედ მოსული გვანცა გენერალური მდივანი გახადა. თუმცა, ამით მისი წარმატება არ დასრულებულა. ვადის ამოწურვის შემდეგ მან არაერთი შემოთავაზება მიიღო როგორც ქართული, ასევე უცხოური კერძო სექტორებიდან და საჯარო სამსახურიდან. გარდა მისი საქმიანობისა, ის დღემდე რჩება აქტიურ მოქალაქედ. რაც მთავარია, RICDOG-ში არსებული სტრუქტურის მეშვეობით მას მიეცა შესაძლებლობა, ახალ პოზიციაზე ყოფილიყო არჩეული. გასული წლის ნოემბერში ორგანიზაციის წევრებმა ის მეორე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ციცი გალიდანაა. ის RICDOG-ის პროექტში ჩაერთო, ბევრი რამ ისწავლა, გახდა გაბედული, თვითდაჯერებული ადამიანი, გაიღრმავა ენის ცოდნა და ჩამოყალიბდა მიზანდასახულ მოქალაქედ. ის გამგეობის წევრად აირჩიეს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. როგორც თავად წერს, RICDOG-მა მას სითამამე და მიზნის მიღწევის უნარი მისცა. მან შეძლო, საკუთარი ძალებით მიეღწია არაერთი წარმატებისთვის უცხო ქვეყანაში და დღეს უკვე თავის თანატოლებს ეხმარება, მიიღონ განათლება გერმანიაში.

ორგანიზაციას ასეთი წარმატებული მაგალითები ბევრი აქვს. RICDOG მუდამ იყო საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მომტანი და კვლავ გააგრძელებს უკეთესი მომავლის ხელშეწყობას ყველა თაობის ჩართულობით.

ავტორი: გვანცა თოთაძე


ბლოგი მომზადდა გვანცა თოთაძის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.