სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას სასამართლოში ვიდეო და ფოტო გადაღების უფლების დაშვების თაობაზე

2012-12-05 09:04
Featured image
კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სასამართლოში ფოტო, ვიდეო, კინო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის დაშვების თაობაზე ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც დიდი ხანია კოალიციის წევრი ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ. 
უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინიციატივით მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იუსტიციის საბჭოსთან და საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრებთან, თუმცა უშედეგოდ.
 
ვთვლით, რომ სასამართლოში სხდომების გადაღების დაშვება არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც გამჭვირვალობის სტანდარტის, ასევე, სასამართლოსადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. 
 
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და მხარს დაუჭერს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებას.