სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს

2018-02-05 19:45
Featured image

საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი  მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ  2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში  ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით,  გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა; ამ მონაცემების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ (რომელიც 2017 წლის აპრილის განწყობებს ასახავდა), ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-ით მეტი გამოკითხული უჭერს მხარს, ვიდრე - ნატოში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს.   

მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის  არაფექტურობაზე და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე.

იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე ზემოქმედებაა, საქართველო კი ამ გამოწვევების ეპიცენტრში დგას,  საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია. გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2017 წლის 13 აპრილს, მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ დამტკიცება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა.  თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ამ დოკუმენტის, ასევე ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2014-2017 წლები) სამოქმედო გეგმები ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს.

ამ სტრუქტურულად გაუმართავ და ფრაგმენტულ გეგმებში გაწერილი აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს საერთო არაფერი აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციასთან; მაგალითად, მათში შესულია ისეთი აქტივობები როგორიცაა გამწვანების აქციები, ნარჩენების მართვის ტრეინინგები, ადამიანით ვაჭრობის პრევენციის კამპანია, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო შემეცნებითი ღონისძიება - ბაღის ფრინველთა საათი, ვანის სატაძრო ქალაქისა და მისი შემოგარენის აეროფოტოგრაფირება და სხვა.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი  ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი,  სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის. კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მზადაა ამ საკითხებზე  ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. 



ხელმომწერი ორგანიზაციები: 

1. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia

2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - Georgian Young Lawyers’ Association

3. საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველო - Transparency International Georgia

4. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency

5. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center

7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

8. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia

9. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies

10. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center

11. კავშირი საფარი - Union Sapari

12. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics

13. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia

14. ფონდი "ღია საზოგადოება -  საქართველო" - Open Society Georgia Foundation

15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies