სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში შესული ცვლილებები საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” # 495 ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის პროცედურებს.
აღნიშნულ ბრძანებაში მოცემულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში გამოსახლება ჩერდება. ამ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული დევნილთა მოწმობა, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ცვლილებები საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 24 აპრილს შანდორ პეტეფის ქ. #15-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრ ,,სპეცავტომეურნეობიდან” დევნილების გამოსახლებას, რითაც აშკარად დაირღვა იქ მცხოვრები დევნილთა უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2007 წლის 8 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ” # 495 ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში, რათა მართლზომიერი მფლობელობის და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მოწმობა, რომელზეც დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია უძრავი ქონების მისამართი ან სახელწოდება.
ამასთან, საიამ ასევე წერილობით მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გიორგი ხევიაშვილს, რათა შუამდგომლობა გაუწიოს ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას.