სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოები ეხმაურებიან ბესიკ ხარძიანის მკვლელობას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეფექტურად წარმართოს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი

2015-03-31 16:56
Featured image

გამოვხატავთ შეშფოთებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, სრულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული მკვლელობის საქმე, გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობა იმთავითვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის მიმართ შესაძლო ანგარიშსწორება, რომელიც ასევე მიზნად ისახავს პროცესის სხვა მხარდამჭერების დაშინებას. ეს ტრაგიკული შემთხვევა, შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც იური ვაზაგაშვილის ვანდალური მკვლელობის გაგრძელება, რომელიც მიმართულია სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, საზოგადოებაში გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის პროცესის სწორად წარმართვას, ეს პროცესი შესაძლოა კონკრეტულმა მოქალაქეებმა აიღონ საკუთარ თავზე.
 
2004-2012 წლებში ჩადენილი უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2012 წლამდე ყურადღებას ამახვილებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები. არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის აუცილებლობა არაერთი საერთაშორისო ექსპერტისა თუ ანგარიშის ყურადღების ცენტრში მოექცა. 
 
გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტმა, 2014 წლის ანგარიშში აღნიშნა: “ მონაწილე სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს წარსული დარღვევები... მან ყველა ღონე უნდა იხმაროს მსხვერპლთა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისთვის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად
 
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტომას ჰამერბერგის 2014 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, „სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ერთმნიშვნელოვანი და ცხადი გეგმა თუ როგორ აპირებს მოახდინოს რეაგირება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. ცხადი პოლიტიკის არარსებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დაძაბულობის გაღრმავებას, რაც ასევე იწვევს მსხვერპლთა უფლებების განგრძობით დარღვევას. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კომპენსაციის დეტალური სტრატეგია იმ შემთხვევაშიც კი თუ, არსებობს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის ფინანსური სირთულეების წინაშე.“
         
აღნიშნულზე საუბრობს ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასების 2014 წლის ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ უნდა დანერგოს დავების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი და გამოიძიოს საკუთრების უფლების დარღვევასთან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან, ასევე საპროცესო გარიგებების სისტემის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრები;''
 
დარღვეული უფლებების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი შეფასებაც, სადაც ნათქვამია, რომ „უახლოეს წარსულში წამებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის   სისხლისსამართლებრივი დევნის და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა, დიდი მემკვიდრეობა კვლავ რჩება და ასობით მსხვერპლი კვლავ მოითხოვს უფლების დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარებას.“
  
მიუხედავად აღნიშნულისა, დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი უკიდურესად ნელა და არაეფექტურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს ხედვა და გეგმები ამ მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა და დღემდე უცნობია პოზიციები მთელ რიგ კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც არსებითია დარღვეული უფლებების აღდგენის უზრუნველსაყოფად.  პასუხგაუცემელ საკითხებს შორისაა ისიც, რამდენად თავისუფალია სამართალდამცავი ორგანოები იმ კადრებისაგან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იყვნენ აღნიშნული უფლებადარღვევის ფაქტებში, და იმ შემთხვევეაში თუ კვლავ თანამდებობებზე რჩებიან, რამდენად დაცულია დღეს ამ საქმეებზე სიმართლის დადგენა მათი მხრიდან არასათანადო ზეგავლენებისაგან. 
 
კითხვები რჩება პროკურატურის ახლადშექმნილი დეპარტამენტის მანდატთან და ეფექტურობასთან დაკავშირებითაც. ამასთან, დეპარტამენტის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის კომპეტენციაში არ შედის მთელი რიგი უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიება, რასაც 2004-2012 წლებში ჰქონდა ადგილი. მაგალითად, უკანონო და დაუსაბუთებელი თავისუფლების აღკვეთის საქმეები.
 
გაჭიანურებული მართლმსაჯულება იწვევს საზოგადოების დაბნეულობას, ნერგავს შიშს და ასუსტებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ რისკების გაცნობიერებით, რაც შეიძლება თან ახლდეს, ერთი მხრივ, საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაჩენას, ხოლო მეორე მხრივ - სამართლიანობის აღდგენის პროცესის საკუთარ თავზე აღებას, მოვუწოდებთ 

საქართველოს მთავრობას:
- დაუყოვნებლივ შეიმუშაოს დარღვეული უფლებების აღდგენის კონკრეტული და ეფექტიანი სტრატეგიის დოკუმენტი, მათ შორის სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობისა და საჯარო დისკუსიების გამართვის გზით; 
 
საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს:
 
- კრიტიკულად გააანალიზონ მოქმედი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და შეაფასონ შესაძლო ცვლილებების საჭიროება დარღვეული უფლებების აღდგენის უზრუნველსაყოფად;
- გადადგან ნაბიჯები შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად, იმისათვის, რომ შეიქმნას დარღვეული უფლებების აღდგენის რეალური შესაძლებლობა;
 
საქართველოს პროკურატურას:
- უფლებადარღვევის აღნიშნული საქმეების გამოძიება უზრუნველყოს სწრაფად, ეფექტურად და გამჭვირვალედ; 
- მიიღოს ყველა ზომა, რათა აღნიშნული უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიებისას თავიდან იყოს აცილებული სამართალდამცავ ორგანოებში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა; 
 
საქართველოს პარლამენტს:
- განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზემოაღნიშნული მიმართულებით; 
- წამყვანი როლი შეასრულოს უფლებების აღდგენის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი