სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიაცენტრი გახსნეს

2010-05-20 13:06
Featured image
2010 წლის 20 მაისიდან მუშაობა დაიწყო სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივმა საარჩევნო მედიაცენტრმა. მედიაცენტრი განთავსებულია "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" მედიაკლუბის შენობაში (მარი ბროსეს ქუჩა #6).

მედიაცენტრის საშუალებით ზემოხსენებული ორგანიზაციები ჟურნალისტებს და ფართო საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

•    საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება და ამავე კოდექსით დადგენილი ვადების დაცვა;
•    საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა;
•    პოლიტიკური პარტიების და მათი კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიები;
•    წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
•    წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა.

არჩევნების დღეს მედიაცენტრი იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთებს განცხადებებს შემდეგ საკითხებზე:

•    საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობა;
•    არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები;
•    საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცედურების მიმდინარეობა.

არჩევნების დღის შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ:

•    რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის შედეგებს;
•    საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესის შეფასებას;
•    არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს;
•    მთლიანი საარჩევნო პროცესის შეფასებას და რეკომენდაციებს გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად.

პრესრელიზები მომზადდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათი დაბეჭდილი ვერსიები მედიაცენტრშივე გავრცელდება, ხოლო ელექტრონული ვერსიები დაიგზავნება ინტერნეტით და განთავსდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების ვებგვერდებზე (www.transparency.ge, www.isfed.ge da www.gyla.ge).

მედიაცენტრში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამომრჩევლებს, მისცემს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს მედიაცენტრს და მიაწოდოს ინფორმაცია მის  მიერ გამოვლენილი დარღვევის შესახებ. ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია აღირიცხება სპეციალურ ბაზაში და დაეგზავნება მედიაცენტრში გაერთიანებულ ორგანიზაციებს. ისინი ამ ინფორმაციას გადაამოწმებენ და, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ცხელი ხაზის ნომერია 144 896, რომელიც იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო არჩევნების დღეს – 24 საათის განმავლობაში.  

მედიაცენტრს აფინანსებს ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".