სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ზურა ვაზაგაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოშიც დაიცავს

  2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას. საიას მომართეს ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში ნათქვამი ფრაზა - ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც ზურა ვაზაგაშვილის მშობლები მოითხოვენ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. ვაზაგაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები დაიცავენ. საია იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივარი დროულად და ობიექტურად იქნება განხილული.  

2012-05-10 14:08 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა”

  ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ქ. ბათუმში  2012 წლის 26-27 მაისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს  18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.  

2012-05-10 12:05 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება“-ს მონაწილე 35-მა ორგანიზაციამ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შესთავაზა

  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კამპანიის მეორე ეტაპს იწყებენ, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით,  7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში  საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 35 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს. ცვლილებების მხარდამჭერთა ხელმოწერები გრძელდება. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას: 1. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა -  პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება შემაჯამებელ ოქმში. ეს საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ მისცემს საშუალებას, უბანზე არჩევნების შედეგების გარკევევის შემდეგ შეცვალონ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არასასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ოქმების გადაკეთების შესაძლებლობას გაართულებს. უფრო მკაფიოდ გაიწერა საოლქო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამების  მექანიზმები.

2012-05-08 11:50 სრულად ნახვა

საია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს

  საია შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმრის - ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 2012 წლის 3 მაისს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ზ. დელიანიძის, ხოლო 2012 წლის 4 მაისს იმავე დაწესებულებაში თ. ბელქანიას  გარდაცვალების შესახებ. საია მიიჩნევს, რომ პატიმართა გარდაცვალების მიზეზის შესახებ უკვე გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, აუცილებელია თითოეულ  ფაქტზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მიერ. საია მიესალმება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ზ. დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. ამასთან, საია მიუთითებს სამინისტროს 2012 წლის 3 მაისის ოფიციალურ განცხადებაზე, რომ ზ. დელიანიძის საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი  და მოუწოდებს გამოძიების მწარმოებელ ორგანოებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.  

2012-05-07 13:35 სრულად ნახვა

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით

  2012 წლის 2 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან პრეზიდენტის გამოსვლის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტთა ნაწილს, მათივე განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აუკრძალეს შენობაში შესვლა. მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას. ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს გაზეთ „P.S."-ის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, 2012 წლის 3 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრაზე მისულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა ძალის გამოყენებით ჩამოართვეს. პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცათ და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეეზღუდათ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან მისულ სხვა ჟურნალისტებსაც. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლამდე ისინი დაცვას  ჰყავდა დაკავებული.  

2012-05-04 11:06 სრულად ნახვა

საია ქუთაისში აქციის მიმდინარეობის დროს მერიის დასუფთავების სამსახურის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს

საია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს გუშინ ღამით ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.” ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი პიროვნება შეკრების მონაწილეებს. შეკრება არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს არ მოეთხოვებოდათ გაფრთხილების შეტანა ქუთაისის მერიაში. შეკრება იყო კანონიერი. საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში მოთავსებულმა რამდენიმე სანთელმა.

2012-05-02 13:51 სრულად ნახვა

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მორიგი წარმატებული საქმე

2012 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე ,,აისეკ - საქართველო’’ ჟურნალ ,,ლიბერალის’’ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. ჟურნალ ლიბერალს სასამართლოში საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა. საქმე ეხებოდა ჟურნალ ლიბერალის 28 მარტი - 3 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ,,ბუნდოვანი გარიგების მსხვერპლნი’’. რომელიც აისეკ საქართველოსა და უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მსურველ სტუდენტებს შორის წარმოშობილ სახელშეკრულებო გაუგებრობებს ეხებოდა. აისეკ-საქართველო თვლიდა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს ცილისწამებას და ზიანის ანაზღაურების მიზნით 20 000 ლარსა და ჟურნალ ლიბერალის მიერ სტატიაში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიცია არ გაიზიარა და სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. საია-ს მიერ სასამართლოსთან კომუნიკაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელემ საქალაქო გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.  

2012-05-02 10:51 სრულად ნახვა

საია გმობს პარლამენტარ აზერ სულეიმანოვის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას და დეპუტატს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

საია შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებული შეფასებებით, მიიჩნევს მათ სიძულვილის ენის გამოვლინებად და გამონათქვამის ავტორს მომავალში მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, არგუმენტები არ გააჩნია, უარი განაცხადოს ოსმალთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებაზე. ჯონდი ბაღათურიას სიტყვა შეაწყვეტინა პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა და შემდეგი სიტყვით მიმართა: "ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა.” პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი წარმოადგენს ვერბალურ თავდასხმას სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე, ღიად გამოხატავს რა აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას. წარმოთქმულ ფრაზაში წარმოჩენილია, ის რომ სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი გვარის ტარება დამაკნინებელია ადამიანისათვის.

2012-04-25 12:06 სრულად ნახვა

პეტიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს

  24 აპრილი 2012 თბილისი, საქართველო ქალბატონო ფატუ ბენსუდა, ბატონო ლუის მორენო ოკამპო, ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით ქალბატონო ფატუ ბენსუდას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლო) მომავალ პროკურორად არჩევას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს როლი საერთაშორისო მართლმსაჯულების გაძლიერებაში და საერთაშორისო დანაშაულების დასჯის კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ცხრა წლის განმავლობაში. ბატონო პროკურორო, ქალბატონო პროკურორო, დღეს ჩვენს გწერთ, რათა თქვენი უფლებამოსილები ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის, რომელზეც 2008 წლიდან სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, აღსრულდეს მართლმსაჯულება.

2012-04-24 14:11 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ახალ კანონპროექტებზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“

დღეს 2012 წლის 24 აპრილს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის მოსაზრებებს კანონპროექტის  „ინფორმაციული უსაფრთხოების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროულია, რადგან ის რისკები, რომლებიც არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი ტემპით განვითარებისა და გამოყენების კუთხით, საქართველოს კანონმდებლობაშიც შესაბამისად უნდა იყოს ასახული. საკანონმდებლო ინიციატივა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, მეტად საყურადღებოა, ვინაიდან მისი მთელი რიგი დებულებები გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და გარკვეული კორექტივები შეაქვთ მასში. კერძოდ,

2012-04-24 10:27 სრულად ნახვა