სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს გამოძიების ორგანოებს არ დაუშვან კანონის მეტისმეტად ფართო და არაგონივრული ინტერპრეტაცია

2012-07-18 07:11
Featured image

ამა წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის: მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 2012 წ. 18 ივლისს პრესკონფერენცია გამართა.

შსს-ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ასევე, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის  ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით.

შსს უთითებს, რომ აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (პრიმა) მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის. გვსურს გამოვეხმაუროთ სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე გამოძიების წარმოებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (პრიმა) მუხლი სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად მიიჩნევს მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც თავად ნორმის სათაურიდან და შინაარსიდან იკვეთება. ამავე მუხლში მოხსენიებულია „კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება“, რაზეც შსს-ც მიუთითებს. თუმცა  მიგვაჩნია, რომ მოხმობილი ჩანაწერი უნდა განიმარტოს ვიწროდ, მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულთან მიმართებაში. მას არ უნდა მიეცეს ისეთი ფართო ინტერპრეტაცია, როგორსაც შსს გვთავაზობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით დასჯადი იქნება ნებისმიერი კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, რაც სისხლის სამართლის სპეციფიკის გათვალისწინებით ნონსენსი იქნებოდა. ამა წლის მაისის თვეში, 164-ე (პრიმა) მუხლში ცვლილებების შეტანის დროს დისკუსიისას, სწორედ ამგვარ ვიწრო წაკითხვასა და განმარტებაზე თანხმდებოდნენ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დაკავებულ პირებს:  მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას ბრალი არ წარედგინებათ ამომრჩევლისათვის მატერიალური და არამატერიალური ქონების გადაცემაში/შეთავაზებაში, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის მთავარი კომპონენტია. გამოძიების ხელთ არსებული მასალები მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა ან უკანონო შემოწირულებებზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე. უკანონო საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების განხორციელება, რასაკვირველია, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა ის ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ გარიგების დადება, რომელიც მიზნად ისახავს ამავე კანონის მე-3 თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას, გამოიწვევს დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. შესაბამისად, შსს-ს განცხადებაში მითითებულ ქმედებებზე რეაგირება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა. მართლაც, მოცემულ დრომდე უკანონო შემოწირულებების ყველა საქმეზე რეაგირება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განხორციელდა. აღნიშნული საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანის ტენდენცია, რომელიც დღეს გამოიკვეთა, შემაშფოთებელია.

შსს-ს განცხადებაში აღწერილი ქმედებების კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაშიც კი, სრულიად შეუსაბამო, არაპროპორცული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, მოვუწოდებთ  პროცესის მწარმოებელ ორგანოს, შეწყვიტოს მოცემულ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისათვის გადაუგზავნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ამავე განცხადებაში გვსურს ხაზი გავუსვათ საკითხს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომავალში, ოპერატიული ღონისძიების განხორციელებისას.

შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ გარიგების სქემის ერთ–ერთ მონაწილეს წარმოადგენდა კონსერვატიული პარტიის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ლომია, რომელსაც წინასწარ მოძიებული 6 ფიზიკური პირისთვის უნდა გადაეცა თანხა საწევრო შენატანებისთვის. შსს–ს მიერ ასევე გამოქვეყნებულ იქნა ვიდეო–მასალა, რომელზეც აღბეჭდილია სქემის რამდენიმე ეპიზოდი. აღნიშნული ვიდეო მასალა მოპოვებულია ოპერატიული ღონისძიების გზით, სწორედ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ.

ოპერატიული ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშინოს გონივრული ზღვარი, რაც დაცული უნდა იქნეს მასში მონაწილე უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან, რათა მათი ქმედება დანაშაულის ჩადენის წაქეზებაში არ გადაიზარდოს და არ შექმნას დანაშაულის პროვოკაციის შემადგენლობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ოპერატიული ღონისძიების განმახორციელებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური ზომების მიღება იმისთვის, რათა დაცული იქნეს გონივრული ზღვარი თითოეული ამგვარი ღონისძიების განხორციელებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ოპერატიული ღონისძიების იმგვარად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომ გამოირიცხოს დანაშაულის პროვოკაციის ნიშნების არსებობა.