სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პეტიცია - საყდრისი-ყაჩაღიანის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

2014-12-18 15:33
Featured image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

 

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა. ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით.

დღეის მდგომარეობით, საყდრისი-ყაჩაღიანში არქეოლოგიური ობიექტის დაშლის სახელით ადგილი აქვს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებას, რისი უფლებაც კომპანია „RMG-Gold”-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული აქვს. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან  ხდება კანონმდებლობის უხეში დარღვევა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს. თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყოველგვარ პასუხიმსგებლობას იხსნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე არ გამოძიებულა საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების წინა ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის 8 იანვარს და 13 მარტს. პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან დღემდე საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურება სამართალდამცავთა თვალწინ მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში საზოგადოების ნდობა პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საკმაოდ დაბალია. ამავდროულად, სადავო ბრძანებების გამოცემის მომდევნო დღესვე, გასაჩივრების ვადების გაუსვლელად საყდრისის განადგურება ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენა წინასწარ იყო დაგეგმილი და 13 დეკემბერს მხოლოდ სისრულეში იქნა მოყვანილი. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, აუცილებლად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ის რესურსი და საშუალება, რომელიც უკანონო ქმედების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ სახეზეა ინფორმაცია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინაარმდეგო ქმედებების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, მისი შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია და აღნიშნული გარემოებებიდან ერთის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, პეტიციაზე ხელმომწერი პირები მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დადგენილი წესით  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვათ.

 

პეტიცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის და ხელმისაწვდომია აქ

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მწვანე ალტერნატივა

ტფილისის ჰამქარი

აღმოსავლეთ პარტნიორობის, ხელოვნების და კულტურის საბჭო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

ხელმომწერთა სია პერიოდულად განახლდება და გამოქვეყნდება.