სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარტის თვის საიას წარმატებული საქმეები

2014-04-07 18:44
Featured image

 საიას დახმარებით კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე

 
საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა ლ.ს-ს. იგი ერთ-ერთ სამინისტროში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2012 წლის დეკემბერში მისი გათავისუფლება მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლ.ს-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი, შესაბამისად, მოპასუხე სამინისტროს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა და იძულებითი განაცდურის სახით კანონით დადგენილი 3 თვის ხელფასის ანაზღაურება.
 
ჯ. ო. და ჯ. ო. მუშაობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 10 მაისის ბრძანებით ისინი უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან. საიას თელავის ოფისის დახმარებით, მათ სარჩელით  სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართეს და სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ  მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით ორივე ბენეფიციარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოსარჩელეთა შრომითი მოწყობის თაობაზე დაევალა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და ბენეფიციარი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა. დამსაქმებელმა მათ აუნაზღაურა იძულებითი განაცდური, თითოეულს-1140 ლარის ოდენობით.
 
საიას დახმარებით მოხელის გათავისუფლების საკითხი განმეორებით განსახილევლად საჯარო დაწესებულებას დაუბრუნდა
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში ნ.მ-ს ინტერესებს იცავდა. ის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფცის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად მუშაობდა. რწუნებულის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად  ნ.მ. იძულებული გახდა დაეწერა პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ დროისათვის ის იმყოფებოდა ორსულად.  ქარელის  მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 8 იანვრის ბრძანებით ნ.მ.  დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. საიას გორის ოფისის დახმარებით ნ.მ.-მ სარჩელით  ხაშურის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით მიმართა, რომ ზემოაღნიშნული პირადი განცხადება  მის ნამდვილ ნებას არ გამოხატავდა და ზეწოლის შედეგად იყო დაწერილი. მან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა ნ.მ-ს სარჩელი იმ საფუძვლით, რომ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დაწერილი იყო პირადად მის  მიერ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით ნ.მ-ს საკასაციო საჩივრი  დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელის შრომითი მოწყობის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საჯარო მოხელის პირადი განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, საქმის გარემოებათა გამოკვლევის და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე არ შეიძლება გახდეს მისი განთავისუფლების საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საიას მოსაზრებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მსგავსი სახის განმარტება სადაო საკითხზე სასამართლოს აქამდე არ გაუკეთებია. საიას აზრით ამ განმარტებამ მომავალში უნდა შეცვალოს ანალოგიურ საქმეებზე აქამდე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა.
 
საიას გორის ოფისის  დახმარებით  მოქალაქეები  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დამსაქმებლისაგან კომპენსაციას მიიღებენ
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში მდებარე თურქული სამშენებლო კომპანიიდან გათავისუფლებული ცხრა დასაქმებულის ინტერესებს. მათთან შრომითი ხელშეკრულებები დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. 2013 წლის აგვისტოში დამსაქმებელმა მათ ისე შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რომ არც კი გაუფრთხილებია წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთან, არ აუნაზღაურდათ საქართველოს შრომის კოდექსით ხელშეკრულების შეწყვეტისას გათვალისწინებული კომპენსაციაც. საიას გორის ოფისის დახმარებით მათ სარჩელით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. ამავე სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც დასაქმებულებს მოთხოვნილი ორი თვის  ნაცვლად აუნაზღაურდებათ კომპენსაცია თვენახევრის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
 
საიას დახმარებით ხუთ პირს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდა
 
საიას საადვოკატო დახმარების შედეგად 5 პირის სასარგებლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება რაც ჯამში შეადგენს 12063 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხეს ასევე დაეკისრა გადასახდელი თანხის დაყოვნებისათვის 0.07% ანაზღაურება ყოველ გადაცდენილ დღეზე, რომლის ჯამი მნიშვნელოვნად აღემატება ძირითად დავალიანებას.
 
საიას დახმარებით  დევნილს შეუნარჩუნდა საცხოვრებელი ფართი
 
საიას თბილისის ოფისი იცავდა დევნილი ბ.წ-ს ინტერესებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  (სამინისტრომ) საცხოვრებელი ფართით 2012 წელს დააკმაყოფილა. 2013 წელს სამინისტრომ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბ. წ.-ს აღნიშნული ფართიდან გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება. სამინისტროს არგუმენტით, ბ.წ. არ ცხოვრობდა გადაცემულ ფართში, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდებოდა.
სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატის არგუმენტები და ბ.წ.-ს გამოსახლების თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
 
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
 
საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი გამოძიებასა და სასამართლოში იცავდა მოქალაქე დ.ო-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა ცემაში. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო ბრალდებულის უდანაშაულობაში. საქმეში არსებული მტკიცებულებების  საფუძველზე ადვოკატი ადასტურებდა, რომ დ.ო. მოქმედებდა უცილებელი მოგერიების ფარგლებში და თუნდაც მისი ქმედება დაკვალიფიცირებულიყო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად, რადგან მას არ მოჰყოლია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ბრალდებულის ქმედება დასჯადი არ იყო. მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული დ.ო. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
 
საიას დახმარებით ი.ქ-ს მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
 
საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა ი.ქ.–ს. იგი  2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილე იყო. აქციიდან რამდენიმე დღეში,  2007 წლის 13 ნოემბერს მას ბრალი წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა – მეორე ნაწილი ითვალისწინებს ამ ქმედებაში მონაწილეობას).
საიას დახმარებით, ი.ქ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორსა და ქალაქის პროკურორს და ითხოვა მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. საბოლოოდ, პროკურატურამ ი.ქ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.
 
საიას გორის ოფისის დახმარებით მოქალაქეს სოციალური დახმარების გაცემა აღუდგა
 
საიას გორის ოფისი სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას რ.ც-ს ინტერესებს იცავდა. მისი ოჯახი 2006 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას. რ.ც-ს ოჯახის ერთადერთ შემოსავალს მხოლოდ მისი პენსია შეადგენს. 2013 წლის ნოემბრის თვეში მათ შეუწყდათ სოციალური დახმარების მიღება იმ საფუძვლით, რომ  სახლში დაამონტაჟეს ახლადშეძენილი ბუნებრივი აირის გამათბობელი.
საიას გორის ოფისის დახმარებით რ.ც-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და გაასაჩივრა სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რ.ც-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოხდა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება და სოციალური დახმარების აღდგენა.
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაკავებული ფართის  საბაზრო ღირებულების 75% აუნაზღაურდება
 
საიას აჭარის  ფილიალი სასამართლოში მოსარჩელე მ.ფ-ს ინტერესებს იცავდა, რომელიც კანონიერად  სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობდა. საიას აჭარის  ფილიალის დახმარებით მან სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საცხოვრებელი სადგომის  მესაკუთრის მიმართ   დაკავებული ფართის  საბაზრო ღირებულების 25% სანაცვლოდ საკუთრების  უფლების გადაცემის მოთხოვნით. ამავე სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად მ.ფ-ს ოჯახი მესაკუთრისგან მიიღებს დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ს (7000 აშშ დოლარს), რის შემდეგაც განახორციელებს საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლებას.
საიას დუშეთის ოფისის  დახმარებით მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელი უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა
საიას დუშეთის ოფისი სასამართლოში მოქალაქე ნ.ი.-ს ინტერესებს იცავდა, რომლის მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 (ათასი)  ლარის ოდენობით,  ხე-ტყის კონფისკაციით ან მის გარეშე.
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით ნ.ი. სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა სხვა სამართალდაღვევისათვის და 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვალად შეეფარდა 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.