სიახლეები

საია სასამართლოში იცავდა ნ.დ.-ს ინტერესებს, რომელიც ა(ა)იპ „ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან“ მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, 2025 წლის 1 იანვრიდან დისკრიმინაციულად გაათავისუფლეს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ბათილად ცნო ცენტრის დირექტორის ბრძანება ნ.დ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დააკისრა უკანონო გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ მოსარჩელის იმავე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია, მოპასუხეს მის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა.
ნ.დ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ენტემოლოგის პოზიციაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა მისი გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა მიუთითა.
სასამართლო საქმის განხილვით დადგინდა რომ, ნ.დ.-ს გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; მხარეებს შორის არსებული ხანგრძლივი და უწყვეტი შრომითი ურთიერთობის გათვალისწინებით, დასაქმებულის გათავისუფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარე ნ.დ.-ს გათავისუფლების სხვადასხვა მიზეზზე მიუთითებდა, მათ შორის, ენტემოლოგის პოზიციის საჭიროების არარსებობასა და შტატის შემცირებაზე. თუმცა, აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულ საფუძვლებს და მათი დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა.
საქმეში ასევე გამოიკვეთა დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მრავალწლიანი გამოცდილებისა და უწყვეტი შრომითი ურთიერთობის მიუხედავად, მოსარჩელე გათავისუფლდა ისეთი საფუძვლით, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ხოლო დამსაქმებლის მიერ შემდგომ წარმოდგენილი განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და დაუსაბუთებელი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ, მკაფიო და დასაბუთებულ საფუძვლებს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დაადასტუროს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.
ნ.დ.-ს საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საჯარო და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით სისტემური პრობლემები კვლავ იკვეთება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2025 წლიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სექტორში დასაქმებული პირების სამსახურებიდან გათავისუფლების პრაქტიკა, რასაც თან ახლდა მათი შრომითი გარანტიების შესუსტება და შრომითი უფლებების დარღვევის გაზრდილი რისკები.1 აღნიშნული გარემოებები სრულად შეესაბამება სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ სისტემურ პრობლემას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა გათავისუფლება ხშირ შემთხვევაში სწორედ რეორგანიზაციის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ფორმალური საფუძვლებით ხორციელდებოდა.2
სწორედ ამ ტენდენციის ჭრილში უნდა შეფასდეს ნ.დ.-ს საქმეც. სასამართლომ დაადგინა, რომ მრავალწლიანი და უწყვეტი შრომითი ურთიერთობის მიუხედავად, მისი გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო დამსაქმებელმა სასამართლო განხილვის პროცესში ვერ წარმოადგინა შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასაქმებულის უფლებების შეზღუდვა ვერ დაეფუძნება ფორმალურ ან დაუსაბუთებელ არგუმენტებს და რომ სასამართლო კონტროლი მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
1 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს, 2025, გვ. 43-45.
2 Public Defender of Georgia, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში, თბილისი, 2026, გვ. 221.
გააზიარე: