GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 ივნისი, 2017

08.06.2017

საია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, აქტიურად აკვირდებოდა და არაერთხელ გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავას. ორგანიზაციამ არაერთხელ აღნიშნა ის ხარვეზები და გარემოებები, რაც ფიქსირდებოდა დავის განხილვის დროს სასამართლოში და სასამართლო განხილვის პარალელურად, რომლებიც აჩენდა კითხვებს ამ დავასთან მიმართებით სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით; აღნიშნული გარემოებები ასევე ცალსახად ტოვებდა აღქმას, რომ ამ საქმის შედეგთან დაკავშირებით არსებობდა ხელისუფლების დაინტერესება.

2017 წლის 4 აპრილს ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სრული სახით. ამჯერად საია საზოგადოებას მიაწვდის გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის სამართლებრივ შეფასებას.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასახული არაერთი განმარტება შეიძლება  აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს, წარმოდგენილ შეფასებაში შევეხებით მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებმაც საბოლოოდ განაპირობა მიღებული შედეგი.

საქმის მოკლე შინაარსი

ქიბარ ხალვაშმა და შპს ,,პანორამა“ წარდგენილი სარჩელით აცხადებდნენ, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით გარიგებები დაიდო იმდროინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული იძულებისა და მუქარის შედეგად; ნასყიდობის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა წილების რეალურ ღირებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალ საფასურს; წილების გასხვისებასთან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იყო. მოპასუხე მხარე არცერთ დასახელებულ გარემოებას არ დაეთანხმა და აცხადებდა, რომ ამჟამინდელი მესაკუთრეები წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ შემძენებს და არ არსებობდა წილების დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენდა ამორალურ გარიგებებს, რადგან სადავო ქონება მოპასუხეების საკუთრებაში გადავიდა შეუსაბამო ფასად. შესაბამისად, სასამართლომ სადავო გარიგებები ბათილად მიიჩნია და ქონების დაბრუნების დასასაბუთებლად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მართალია, არ დგინდება ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი, მაგრამ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატას ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია, გარიგების ამორალურობის სამართლებრივი საფუძვლით”. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, გარიგებების ბათილობა ფაქტია და არ საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნად მითითებას. სწორედ ამიტომ, დიდმა პალატამ ამ ნაწილში გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

სამართლებრივი საკითხები

  1. ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი

სამართალწარმოების ფარგლებში შესაბამისი მხარისთვის სასარგებლო შედეგის დადგომა დაკავშირებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა/არ დადგენასთან, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. მოცემულ საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდა მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილება მხარეებს შორის.

მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება მოცემულ საქმეში მნიშნელოვანი იყო ისეთი საკითხების სწორად გადასაწყვეტად, როგორებიცაა იძულების დადასტურება; იძულების მიჩნევა საყოველთაოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად; შემძენის (მათ შორის იმ პირების, რომლებიც არ ყოფილან მოწვეული საქმეში მხარეებად) კეთილსინდისიერება; უფლებამოსილი პირის მიერ შეცილების კანონით დადგენილ ვადაში განხორციელება.

დიდი პალატის განმარტებით, მოპასუხეებმა, კონკრეტულად კი, შპს „გეო-ტრანსმა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ განახორციელეს კვალიფიციური შეცილება, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების უდავოდ მიჩნევა.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის ერთმნიშვნელოვნად ასეთი შეფასება არ არის გამართლებული.  საპროცესო თანამონაწილეობისას ერთი კონკრეტული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ან არაკვალიფიციური შეცილება მოსარჩელეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთისგან და მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება ავტომატურად დადგენილად არ ითვლება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოპასუხე არ წარადგენს კვალიფიციურ შედავებას, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებთან ერთად სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს რამდენად არის საკმარისი მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

მოცემულ დავაში მოსარჩელე ითხოვდა წილების დაბრუნებას, რაც მოიაზრებს თავდაპირველი გარიგების ბათილად ცნობას. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რადგან ზოგადად, მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგების არსებობისას მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი, იმ მხარეს ეკისრება, რომელიც გარიგების ბათილობას ითხოვს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ არაკვალიფიციურად წარადგინა შესაგებელი ან საერთოდ არ წარადგინა, ეს იძულების გზით მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის დასადასტურებლად არ არის საკმარისი და მისი გაქარწყლების მტკიცების ტვირთიც ერთმნიშვნელოვნად მოპასუხე მხარეს არ შეიძლება დაეკისროს.

დიდი პალატა ასევე უთითებს მოპასუხეთა თანამონაწილეობაზე იძულებაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ  სადავო გარიგებები ფორმალურად იდებოდა, იმ მიზნით, რომ  მოსარჩელეებს წილების ნატურით დაბრუნებაში ხელი შეშლოდათ. სასამართლოს განმარტებით, ,,გარიგებათა ჯაჭვში მონაწილეობდნენ ურთიერთდაკავშირებული პირები და მათი ქმედებები კოორდინირებული იყო, მათ საკუთრებად სადავო წილების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ისინი ვერ ჩაითვლებიან წილების კეთილსინდისიერ შემძენებად“.  წილების დაბრუნებასთან მიმართებით, ფაქტობრივად დღის წესრიგში დადგა იმ ხელშეკრულებების სამართლებრივი ბედის გადაწყვეტაც, რომლებიც დაიდო პირველი ხელშეკრულებების შემდგომ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვაში არ იყვნენ ჩართულნი ის პირები, რომლებიც პირველ და ბოლო ხელშეკრულებებს შორის დადებული გარიგებების მხარეებს წარმოადგენდნენ. დიდი პალატის მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ წილების მოსარჩელისთვის დაბრუნებით არამხოლოდ პირველი, არამედ შემდგომ დადებული ყველა გარიგება მიიჩნია მოჩვენებითად, ისე, რომ გარიგებების მონაწილე ყველა მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა ემტკიცებინა საკუთარი კეთილსინდისიერება.  აღნიშნულ საკითხზე დიდი პალატის მსჯელობა ზედაპირული და არათანმიმდევრულია. ამასთან, დაზუსტებას საჭიროებს ,,ურთიერთდაკავშირებული პირების“ ცნება და ბუნდოვანია, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ ასეთად გარიგების მონაწილეები, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა არამხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე, არამედ მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების საკითხის გადაწყვეტაზეც.

 

  1. ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული იძულება არის თუ არა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი

დიდი პალატის განმარტებით, ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული იძულება საყოველთაოდ ცნობილია. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საჯაროდ არაერთხელ გაცხადდა, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშშიც აისახა, ხოლო 2009 წლის 21 აპრილს მოსარჩელეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა და 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა იგი პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ 2008 წლის დეკემბერში ქიბარ ხალვაშმა საჩივარი წარადგინა პროკურატურასა და პარლამენტში, სადაც აცხადებდა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ზეწოლით, იძულებით დაათმობინეს საკუთრება ტელევიზიის წილზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არ არის დადასტურებულად მითითებული, რომ ქიბარ ხალვაშს მართლაც იძულებით მოუწია ქონების დათმობა.

საია მიიჩნევს, რომ დიდი პალატის მიერ მოხმობილი გარემოებები იძულებას საყოველთაოდ დადასტურებულად ვერ აქცევს. კანონმდებლობის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს. შესაძლებელია სასამართლომ მართლაც პრეიუდიციად ჩათვალოს თავად ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ანგარიშებსა თუ პარლამენტის მიერ მიღებულ აქტში საუბარია ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებულ იძულებაზე და მის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, თუმცა, ეს არ შეიძლება თავად იძულების ფაქტის  საყოველთაოდ დადგენილ გარემოებად მიჩნევის საფუძველი გახდეს. პირის პოლიტიკური ნიშნით დევნილად მიჩნევა ავტომატურად არ ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებისას იგი იძულებას დაექვემდებარა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სამართალწარმოება გამიჯნულია სისხლის სამართალწარმოებისაგან და სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენიც კი არ ათავისუფლებს პირს მტკიცების ტვირთისაგან სამოქალაქო დავაში.

 

  1. შეცილების ვადა

იძულებით დადებული საცილო გარიგებისას  სამართლებრივი შედეგის მისაღწევად, სახეზე უნდა იყოს სამართლებრივად ნამდვილი შეცილება. შეცილების ვადით განსაზღვრის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ თუ უფლებამოსილი პირი არ ისარგებლებს კანონმდებლობით განსაზღვრული ამ საშუალებით (შეცილებით), საცილო გარიგება ნამდვილი გახდება და სამართლებრივ ძალას შეიძენს. შეცილების, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობა მეორე მხარის მიერ მის შეცნობასთანაა დაკავშირებული.  მოცემულ შემთხვევაში, დიდი პალატის მიერ შეცილებად იქნა მიჩნეული საქართველოს პროკურატურაში 2008 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება მოპასუხე მხარის მიმართ განხორციელებულ შეცილებად, რადგან მოსარჩელემ (ქიბარ ხალვაშმა) პრეტენზიით (საჩივრით) მიმართა პროკურატურას და აღნიშნული ნების გამოვლენა გაურკვეველია, თუ როდის გახდა ცნობილი მოპასუხე მხარისათვის და საერთოდ გახდა თუ არა ცნობილი. შეცილებისათვის აუცილებელი იყო, რომ აღნიშნული ნების გამოვლენა მისულიყო მოპასუხე მხარესთან, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა თუ არა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ არის.

ასევე, დაუსაბუთებელია დიდი პალატის მსჯელობა შეცილების ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დიდი პალატა უთითებს, რომ თუ მხარეს შეცილება არ განუხორციელებია, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ნორმების საფუძველზე. ზიანის ანაზღაურებაში უზენაესი სასამართლოს მიერ მოაზრებულია ზიანის ნატურით ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურების დელიქტური ნორმის ასეთი განმარტება აზრს უკარგავს სამოქალაქო კოდექსით იმპერატიულად დადგენილ შეცილების სავალდებულოობას საცილო გარიგებებთან მიმართებით და აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება (მათ შორის ნატურით ანაზღაურება) თუნდაც შეცილება მისი მხრიდან განხორციელებული არ იყოს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საცილო გარიგებების არსთან და შეცილების განუხორციელებლობის შედეგებთან. შეცილების განუხორციელებლობის შემთხვევაში გარიგება ხდება ნამდვილი, შესაბამისად გაურკვეველია, თუ როგორ არის შესაძლებელი ნამდვილი გარიგების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე დავა.

 

  1. მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი

დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება ბუნდოვანია. გადაწვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე და 408-ე მუხლების (დელიქტი) საფუძველზე, აგრეთვე, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის (ვინდიკაცია) საფუძველზეც. უზენაესი სასამართლო თავადვე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია, და რომ სასამართლო ასეთ დროს ვალდებულია გამოიყენოს ერთ-ერთი საფუძველი. დიდი პალატა უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად იყენებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე 998-ე და 408-ე მუხლებს, თუმცა, არ განმარტავს, რატომ გამორიცხა მოცემულ შემთხვევაში მის მიერვე მოხმობილი 172-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.

ამ საკითხის დასაბუთება მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ორი საფუძველი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა ხანდაზმულობის ვადასა და განსხვავებული წინაპირობების არსებობას ითვალისწინებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული განმარტებები სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების ასეთი ბუნდოვანი მითითება გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი სისწორის კუთხით კითხვის ნიშნებს აჩენს და ქმნის გაურკვევლობას, თუ რომელი ნორმა უნდა გამოიყენონ სასამართლოებმა მსგავსი ტიპის დავის გადაწყვეტისას მომავალში[1].

აქვე საყურადღებოა ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის (უსაფუძვლო გამდიდრება) საფუძველზე მოხდა. შესაბამისად,  მნიშვნელოვანი იყო დიდ პალატას ემსჯელა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ (2017 წლის 02 მარტი), საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე 2017 წლის 28 აპრილს მიიღო განჩინება (საქმე #ას-224-213-2017)  რომელიც ეწინააღმდეგება დიდი პალატის განმარტებებს. კერძოდ, განჩინებით დასტურდება, რომ თუ გარიგება ბათილად იქნა ცნობილი, ასეთ შემთხვევაში უკან დაბრუნება უნდა მოხდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით -  976-ე და 978-ე მუხლების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ამ განჩინების გამომტანი სამი მოსამართლიდან ორი ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას დიდი პალატის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა, განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებიათ.  ამასთან, 2017 წლის 28 აპრილს მიღებულ განჩინებაში უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობდა, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახული იყო მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.

აღნიშნული განმარტება აჩენს კითხვებს, რამდენად შეესაბამება დიდი პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებებს უზენაესი სასამართლოს შემდგომი პრაქტიკა. ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე დიდმა პალატამ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის განჩინება გარიგებების ბათილობის ნაწილში და სწორედ ამიტომ, განჩინების ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც იგივე ტიპის სხვა საქმეში - 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების ნაცვლად მიიღო განჩინება. აღნიშნულ საკითხს აქვს პრინციპული პროცესუალური დატვირთვა, რადგან თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოიტანდა განჩინებას, და არა გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  კონვენციის მოთხოვნათა დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საქმის ხელახალი განხილვის უფლება ექნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და არა პირდაპირ უზენაეს სასამართლოს[2].  

 

 


[1] ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის“.

 

[2] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.”

 

 

სხვა სიახლეები