სიახლეები
2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხი პირის სახელით. 2017 წლის 7 მარტს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა.
საჩივარი ეხება 2011 წლის 26 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. მომჩივანთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას პოლიციელების მხრიდან მათი დაკავებისას, რუსთაველის გამზირზე, ხოლო ერთ-ერთი მომჩივანი არასათანადო მოპყრობას, თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაყვანის შემდეგ დაექვემდებარა. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა.
2015 წლის 3 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით.
2016 წლის 5 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.
მომჩივნები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. მიღწეული მორიგების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „დუმბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს საია ვრცელი ანგარიშით გამოეხმაურა, სადაც მიმოხილულია აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ვრცელი ანალიზი. ასევე, საია მოითხოვდა პოლიციის მიერ 2011
წლის 26 მაისს აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების ფაქტების პროკურატურის მიერ დროულ და ეფექტურ გამოძიებას
საიას დახმარებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ აღიარა 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტებისათვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო
გააზიარე: