სიახლეები
საია მოუწოდებს ხელისუფლებას, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე
29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.
რამდენიმე დღეში - 8 ნოემბერს, ამას მოჰყვა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემურ ჭკუასელის კომენტარი მედიასთან, სადაც მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება იგეგმება. ონლაინ გამოცემა „ინფო-9“-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭკუასელმა აღნიშნა, რომ დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყმება და დეპარტამენტის სახით იფუნქციონირებს, რასაც სავარაუდოდ ასევე მოჰყვება კადრების შემცირება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნაჩქარევად და შესაბამისი კონსულტაციების გარეშე არ უნდა მიიღოს გადაწყვეტიელება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე შემდეგ მიზეზთა გამო:
განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანა:
საქართველოს კონსტიტუციის 812-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო მინისტრი ინიშნება კონსტიტუციით დადგენილი წესით განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უარყოფით გზავნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებისთვის და შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ დიასპორა თითქოსდა აღარ წარმოადგენს „განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას.“
დიასპორის სამინისტროს მნიშვნელობა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება-აღსრულებაში:
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მთავრობის #18 დადგენილებით. აპარატის შექმნის მიზანს, ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს შემდეგი: „აპარატი იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.“ აპარატის სხვადასხვა ამოცანას შორის, ერთ-ერთად განისაზღვრა: „ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან.“
მომდევნო წლებში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდ ინტერესს მოჰყვა დიასპორასთან ჩართულობის ახალი მექანიზმების შექმნა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, მათ შორის:
- 2011 წლის 24 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ,“
- 2015 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის #622 დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, სადაც მიგრაცია და განვითარება (რომელიც თავად სტრატეგიაში დაკავშირებულია დიასპორული ინვესტიციების წახალისებასთან) პირველად აისახა ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტში. სტრატეგიის თანახმად, აპარატის კომპეტენციად კიდევ ერთხელ განისაზღვრა „საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, ქართული დიასპორის წარმომადგენლების ეკონომიკური თუ სოციალური პოტენციალის მობილიზება ქვეყნის განვითარებისთვის,“
- 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიაში ცალკე თავები დაეთმო საკითხებს, რომლებიც ეხება დიასპორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში, მაგალითად, ერთ-ერთ მიზნად განისაზღრა: „საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების, დიასპორის წარმომადგენლების და იმიგრანტთა ეკონომიკური და ადამიანური რესურსის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვა.“
მეტიც, დიასპორასთან კავშირის აუცილებლობა აისახა სახელმწიფოს სხვა სტრატეგიის დოკუმენტებშიც, მაგალითად, დიასპორასთან ურთიერთობა წარმოადგენს შემდეგი სახელმწიფო დოკუმენტების განუყოფელ კომპონენტს:
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება;
- სავიზო ლიბერალიზაციის საქმედო გეგმა;
- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია.
იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკვანძო საფეხურზეა და დიასპორის ჩართულობისადმი საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით მზარდია, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება არა მხოლოდ დააზიანებს ურთიერთობას დიასპორასთან, არამედ მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ამოცანების მიღწევას, როგორიცაა: დიასპორული ინვესტიციების მობილიზება, საქართველოს პოპულარიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასაჩქარებლად და სხვა. ამ მიზნების განსახორციელებლად, 2016 წლის 25 მარტს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეიქმნა მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავმდჯომარეობს სწორედ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიმართულება შედარებით ახალია, ხოლო დიასპორის როლი განსაკუთრებით მზარდი მიგრაციისა და განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანია დიასპორის სამინისტროს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ამ ამოცანების მისაღწევად.
ფინანსური არგუმენტი
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ:
- დიასპორის სამინისტროში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა შეადგენს 20 თანამშრომელს, ხოლო დიასპორის მინისტრის აპარატის ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარს ცოტაოდენით აღემატება;
- შედარებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და აღნიშნული ციფრი 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საგანგაშო კი ის არის, რომ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თანხების აუცილებლობის შესახებ და არ არსებობს გამჭვირვალობის რაიმე მექანიზმი, რაც ეჭვებს ბადებს ხარჯვის რაციონალურობასთან დაკავშირებით (იხ. საიას განცხადება აღნიშნულ საკითხზე);
- იმ პირობებში, როდესაც ბევრად დიდი თანხები იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დასაბუთების გარეშე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, გაურკვეველია, თუ რატომ აუქმებს სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვან აპარატს. ამიტომ, ხარჯების დაზოგვის მიზნით, უმჯობესია, ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთოს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციაზე.
სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ნაჩქარევად არ უნდა გააუქმოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და გადაწყვეტილების მიღებამდე გამართოს საჯარო კონსულტაციები პროცესში ჩართულ პირებთან - მათ შორის, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ემიგრანტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა, რათა არ შეფერხდეს დიასპორის მიმართულებით მიმდინარე პროგრამების/სტრატეგიის განხორციელება და არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მიმართულება. ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
გააზიარე: