სიახლეები
2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების შუამდგომლობა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2016 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.
ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სულხან წულაძეს ბრალი ედება საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე და მის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმის მუქარაში, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე ვადით. კერძოდ, ბრალდებულს პროკურატურა ედავება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მისი ელჩის განზრახ დაშინების მიზნით თავდასხმის მუქარის განხორციელებაში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს განმარტოს შემდეგი:
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტურად წარმართვას (მაგალითად, თავიდან აიცილოს პირის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და/ან მტკიცებულების განადგურების საფრთხე).
ამგვარად, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას არა იმაზე, დამნაშავეა თუ უდანაშაულო მის წინაშე მყოფი პირი, არამედ იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოძიების უზრუნველსაყოფად პირის მიმართ გამოყენებული იყოს ესა თუ ის აღკვეთის ღონისძიება (პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა და სხვ.) ამასთან, სასამართლო მსჯელობს, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაა ადეკვატური და მიზანშეწონილი დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად.
საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებებში ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევა, აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მაშინ, როცა სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება ადეკვატური კანონიერი მიზნის მისაღწევად. საქმეში ალექსინიანი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის გამოყენების დასაბუთება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. საქმეში სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის გამოყენების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები ზოგადი და განყენებული არ უნდა იყოს.
საიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტებს. ამასთან, განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არ არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციის ერთობლიობით.
კერძოდ:
- სასამართლო ზოგადად მსჯელობს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და საქმისათვის მნიშვნელოვანი იფნორმაციის განადგურების საფრთხე, თუმცა მითითება კონკრეტულ ფაქტებზე და დამაჯერებელი მსჯელობა, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ სრულად ბრალდების მხარის არგუმენტები და მივიდა ამ დასკვნამდე, განჩინებაში არ არის.
- ამასთან, განჩინებაში არ არის მსჯელობა და დასაბუთება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო აუცილებელი ყველაზე უფრო მკაცრი და შემზღუდველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და რატომ ვერ უზრუნველყოფდა იმავე მიზნის მიღწევას სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება.
- სასამართლომ მიიჩნია, რომ სულხან წულაძის ფინანსური შესაძლებლობა ერთი მხრივ ქმნის მისი ქვეყნიდან გაქცევის, მეორე მხრივ მუქარის რეალურად განხორციელების რისკს. აღნიშნული არგუმენტიც აბსტრაქტულადაა ჩამოყალიბებული. ამასთან, აღნიშნული საფრთხე სხვა არაერთი საშუალებით შეიძლება ყოფილიყო დაზღვეული, მაგალითად დამატებითი ღონისძიების სახით სამგზავრო დოკუმენტების პოლიციისთვის ჩაბარებით, რაზეც მზაობას აცხადებდა ბრალდებული.
- ამასთან, მიმალვის საფრთხის არსებობა, გონივრულად უნდა დადგინდეს ისეთ ფაქტორებზე მითითებით, როცა პირს ადრეც უცდია კანონიერი სასჯელისათვის თავის დაღწევა ქვეყნიდან მიმალვით ანდა არსებობს მიმალვის საფრთხის კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ ყოფილა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მაკაროვა რუსეთის წინააღმდეგ განმარტა, რომ მიმალვის საფრთხის დასაბუთებისათვის სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება წარმოადგინონ უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა პატიმრობის გამოსაყენებლად.
- სასამართლომ ასევე გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ პირი შესაძლოა მიმალულიყო წარდგენილი ბრალის სიმძიმისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრის შიშით. ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში ფაცურია საქართველოს წინაღმდეგ განმარტა, რომ პატიმრობის გამოყენება, მხოლოდ კანონით დადგენილი პრეზუმფციის გამო, რომელიც ეფუძნება ბრალდების სიმძიმესა და მიმალვის საფრთხეს, ახალი დანაშაულის ჩადენას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
- ამასთან აღსანიშნავია, რომ მუქარის რეალურად განხორციელების რისკი შესაძლოა დაზღვეული ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით, რომელიც იქნებოდა ეფექტური, თუმცა ბრალდებულის უფლებების უფრო ნაკლებად შემზღუდველი, ვიდრე პატიმრობა.
დაბოლოს, საყურადღებოა, რომ განჩინების თანახმად, სულხან წულაძის მიმართ დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, პირველი წარდგენის სხდომაზევე შემოწმდეს მოსამართლის მხრიდან, რამდენად არსებობდა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა და რამდენად დაცული იყო პირის დაკავებისას კანონით დადგენილი პროცედურები. ამ საკითხზე მოსამართლის მსჯელობა ზედაპირული და შაბლონურია და არ წარმოადგენს სასამართლოს წინასწარი ნებართვით, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, დაკავების აუცილებლობასა და კანონიერებაზე რეალური სასამართლო კონტროლის განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება არც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას და არც საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ სტანდარტებს.
ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ არ აკისრებს, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროკურატურამ, პირის კონსტიტუციური უფლებების დაცვით, გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად მიადევნებს თვალს აღნიშნულ საქმეს და საზოგადოებას მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.
გააზიარე: