სიახლეები
დღეს (30.12.2024) თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად შარაძემ რუსული კანონის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირის სისხლის სამართლის საქმე განიხილა.
ირაკლი მეღვინეთუხუცესს საქართველოს პროკურატურა ბრალს სდებს პოლიციელზე თავდასხმასა და მარიხუანას შეძენა, შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილებით.
დასკვნით ეტაპზე მყოფი სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა არ ჩატარდა და გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე კი, მოსამართლემ განმარტა, რომ 30 დეკემბრამდე გადადება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისმა სათათბიროდ გასვლამ განაპირობა.
ბრალდების და დაცვის მხარემ წარმოადგინეს დასკვნითი სიტყვები, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძემ ირაკლი მეღვინეთუხუცესი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ორივე ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით.
ზვიად შარაძე არსებითად განიხილავს ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესაც, ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაც 26 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა არ ჩატარდა, როგორც სასამართლოს წარმომადგენელმა განგვიმარტა პროკურორის მიმართვის საფუძველზე ეს სხდომაც 30 დეკემბერს გადაიდო. ხსენებულ საქმეზე დღეს, პროკურორის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, დაცვის მხარის შუამდგომლობით კვლავ გადაიდო.
ადვოკატმა განმარტა, რომ ბუბუტეიშვილთან საბოლოო პოზიციის შესათანხმებლად დრო სჭირდებოდა.
30 დეკემბერს ირაკლი მეღვინეთუხუცესის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებდნენ საქმის განხილვას, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონოდა აქტივისტების შეწყალების ბერკეტი.
საიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს დამოკიდებულებებზე დაკვირვება ბადებს ეჭვს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას.
გააზიარე: