სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასამართლოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების სავარაუდო გამოსახლების პროცესის შესახებ მიმართავს

2011 წლის 10 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. 2011 წლის 05 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქ. თბილისში, სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალური შეტყობინებები გადასცა, რომლის თანახმადაც, სასატუმროდან დევნილების გამოსახლება, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს განხორციელდება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

2011-08-10 07:24 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“

29 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“. დისკუსიის მსვლელობისას სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების მექანიზმები, მათ შემუშავებასა და ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. აღნიშნული განხილვის მიზანი იყო, ხელი შეეწყო ეფექტური გზების მონახვისთვის იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელმწიფო საშინაო ვალად. დღესდღეობით აღნიშნული დავალიანების გასტუმრება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის #835 განკარგულების საფუძველზე ევალება თბილისის მერიას, თუმცა ამ დრომდე საქართველოს 4000-მდე მოქალაქე ამაოდ ელოდება საკუთარი უფლების დაკმაყოფილებას.

2011-07-29 16:07 სრულად ნახვა

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობით აერთიანებს კიდევ ათ არასამთავრობო ორგანიზაციას, 2011 წლის 29 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ნიკა გილაურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა. კოალიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ონლაინ აუქციონი შპს ”ალფა-კომი”-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №203829250) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე (მართვის უფლებით გადაცემის ვადა 4 წელი). შპს. „ალფა-კომი“ შეიქმნა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე და მისი სამართალმემკვიდრეა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციას უწევს 36 ანძას, მათ შორის თბილისში ფუნიკულიორზე მდებარე ანძას, რომელთა დახმარებით გადაიცემა ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალები და ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას.

2011-07-29 14:10 სრულად ნახვა

სატელეფონო მოსმენების ვადების გასაიდუმლოების საკითხი საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენებს შეეხება. აღნიშნული კანონი მართალია არეგულირებს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის წესს, თუმცა, არ განსაზღვრავს ვადებს, თუ რა პერიოდით არის ნებადართული კონკრეტული პირის მიმართ ხსენებული ღონისძიების განხორციელება. ვადებთან დაკავშირებულ საკითხს ცალკე არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ვადით არიან უფლებამოსილნი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პირის სატელეფონო მოსმენებზე ფარული მოსმენები აწარმოონ. ხოლო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი ვადები არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამა თუ იმ პირს უსმენენ თუ არა ფარულად.

2011-07-26 14:13 სრულად ნახვა

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ  2011 წლის 12 ივლისს ს/ს ,,პარკ პლეისი~-ს დირექტორის განცხადების საფუძველზე პოლიციამ დაიწყო ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #80-ში (ყოფილი სასტუმრო ,,ვაკე~) მდებარე შენობიდან დევნილთა გამოსახლება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ მასში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. Aსაია-ს დახმარებით დევნილებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ განცხადებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ ობიექტში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ)~ შესაბამისად განახორციელა ინდივიდუალური შეტყობინებების დარიგება, რომლის თანახმად გამოსახლება სავარაუდოდ 25 ივლისს განხორციელდება.

2011-07-22 11:05 სრულად ნახვა

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივანს , გიგა ბოკერიას ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" ახსნის თხოვნით ოფიციალურ მიმართვას უგზავნის. როგორც უკვე ცნობილია,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან:  ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში)  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) და ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი). ამ საკითხთან დაკავშირებით, კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ მოითხოვს, ოფიციალურად მიეწოდოს ინფორმაცია, ფოტორეპორტიორების საქმე სრულად წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას, თუ მხოლოდ საქმეში არსებულ გარკვეულ მასალებს ადევს შესაბამისი გრიფი. ასევე, აცნობონ, შესაბამისი ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხი, ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა და თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი. დაკავებულთა ადვოკატების ცნობით, საქმის მასალები სრულად არის გასაიდუმლოებული, ხოლო ადვოკატებს დადებული აქვთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილი.

2011-07-20 09:19 სრულად ნახვა

საიას განცხადება 26 მაისის აქციის დაშლის დროს ჩადენილ დარღვევებზე შსს გენინსპექციის მოკვლევის შედეგებზე

2011 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან პროკურატურის, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს ჩადენილი დისციპლინარული დარღვევის ფაქტები და დასაჯა 16 თანამშრომელი, მათ შორის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან.   აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საია მიიჩნევს, რომ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა და მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით. თუმცა საია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს თუ ფაქტობრივად რა სახის სამართალდარღვევისთვის დაეკისრათ პასუხისმგებლობა აღნიშნულ პირებს და ამასთან, რა თანამდებობები ეკავათ მათ. მათ შორის, განცხადებიდან არ ჩანს დაისაჯნენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ 26 მაისის აქციის აღკვეთის ღონისძიების დაგეგმვის პროცესში და უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებლები ოპერაციის ჩატარებაზე.

2011-07-20 08:45 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტები საქართველოში ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის

2010 წლის 20 დეკემბრიდან - 2011 წლის დეკემბრამდე საია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტს  ”ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში”. პროექტი მოიცავს როგორც თბილისს, ასევე საქართველოს შვიდ რეგიონს, სადაც საია-ს რეგიონული ოფისებია განთვასებული, კერძოდ: ქუთაისი, აჭარა, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი და დუშეთი. პროექტი ხორციელდება საია-ს სტრატეგიულ მიდგომებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოში მოქალაქეთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ 3 კომპონენტის ერთობლიობით: ეფექტური კანონმდებლობის უზრუნველყოფით, ინდივიდუალურ უფლებათა დარღვევებზე რეაგირებითა და უფლებათა დარღვევების პრევენციით, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერებს ამაღლების გზით. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, პროექტი 3 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: 1. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობის მიზნით - საია თავისი საპარლამენტო მდივნის დახმარებით,  შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მოამზადებს და პარლამენტში ლობირებას გაუწევს ახალ კანონპროექტებს.

2011-07-18 15:38 სრულად ნახვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიო 17 ივლისს აღნიშნავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიცია, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს ეფექტიანად გამოიძიონ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს. მათ შორის, ომის დროს გამოვლინდა ეთნიკური წმენდის ნიშნები კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი პირების მიმართ. ასევე, ადგილი ჰქონდა სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, უძრავი ქონების მასობრივი განადგურების, იძულებითი გამოდევნის, უკანონო  პატიმრობის, ტყვეობის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს კონფლიქტის ორივე მხარეს. აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულმა არაერთმა პირმა მიმართა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოებს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. შესაბამისი ოფიციალური ორგანოები კონფლიქტის ორივე მხარეს აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, თუმცა, დღეის მდგომარეობით არც ერთ მხარეს პროგრესი და მნიშვნელოვანი ძალისხმევა ეფექტიანი გამოძიების მიზნით არ შეიმჩნევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკა ერთგვარად განსხვავდება რუსეთსა და საქართველოში.

2011-07-18 13:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2010 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. აღნიშნული პროცესი იყო გამჭვირვალე, რადგანაც მას  დაუბრკოლებლად ესწრებოდა რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც თავის მხრივ საზოგადოებას მოლაპარაკების პროცესის მინდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდნენ.  როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 ივნისს ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებეს ეხება. მოგვიანებით აღნიშნულ შეთანხმებას კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეუერთდა. 2011 წლის 8 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი განიხილავს თემებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე ასახვას ჰპოვებს კანონმდებლობაში. ცნობილია, რომ სარედაქციო ჯგუფი მეორედ ორი კვირის  შემდეგ შეიკრიბება. სარედაქციო ჯგუფის შეხვედრას არ დასწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  საზოგადოებისათვის ასევე უცნობია აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი.

2011-07-13 13:24 სრულად ნახვა