სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2 ფოტოსურათი; შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას). საბუთების მიღება ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას.მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.

2011-09-19 14:26 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა. შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2011 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით. განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

2011-09-19 14:17 სრულად ნახვა

საიას განცხადება ”ჰერკულესის” მუშების გაფიცვის დაშლასთან დაკავშირებით

  2011 წლის 15 სექტემბერს პოლიციამ ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშათა აქცია დაშალა. გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნები ქარხანაში არსებული პირობების გაუმჯობესება იყო. ქარხანა ”ჰერკულესის” მუშები სარგებლობდნენ მათთვის საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებას, დავის შემთხვევაში, დროებით, ნებაყოფლობით თქვას უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. დავა ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მუშების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები წერილობითი სახით მიეწოდა ქარხნის ადმინისტრაციას, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამ უკანასკნელთა მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ქარხნის მუშებმა, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის დაცვით, გაფიცვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს გამაფრთხილებელი გაფიცვა. შესაბამისად, გამაფრთხილებელი აქციიდან 24 საათში ქარხანა ”ჰერკულესის” მუშებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება. რაც შეეხება გაფიცვაში მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ გაფიცვის დაწყების დღიდან, პოლიციის მიერ მოხდა ამ უფლებაში უხეში ჩარევა გაფიცულთა დაშლისა და დაკავების გზით. საია-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გაფიცვის დაწყების დღიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეები განლაგებულები იყვნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად რომ არ ახდენდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საფუძველი ხელი შეეშალათ გაფიცვაში მონაწილე პირებისათვის ამ უფლებით სარგებლობაში.

2011-09-17 14:40 სრულად ნახვა

მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველად პროექტთან დაკავშირებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა’’ აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. 30 ივნისს ორგანიზაციებმა გამოვხატეთ მკვეთრი პოზიცია რვა პარტიის მიერ შეთანხმებულ საკითხებთან დაკავშირებით, შევაფასეთ რა ისინი როგორც არასაკმარისი საარჩევნო გარემოს რეალური გაჯანსაღებისათვის ქვეყანაში. 1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვესწრებოდით საქართველოს პარლამენტში სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვერას, რომლის დროსაც განიხილებოდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. მიგვაჩნია, რომ რვა პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე სარედაქციო ჯგუფის მიერ შეხვედრაზე განხილული შეთანხმების საკანონმდებლო ფორმულირებები საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას. მათი სრულყოფის შემთხვევაშიც, არასაკმარისად მივიჩნევთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის შემოფარგვლას მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებზე მსჯელობით, მათი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტში ფორმულირების მიღმა დარჩენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და მისი საქმიანობის წესი, მედია მონიტორინგი.

2011-09-13 07:23 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საიას სოლიდარობას უცხადებენ

2011 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მიმდინარე წლის 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბრიტანეთში დაფუძნებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd დასკვნა წარუდგინა, რომელიც ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებისათვის მეტად საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საია სიცრუის შეგნებულ გავრცელებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის მისამართით არაკორექტული კომენტარები გაკეთდა ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც საია „პოლიტიკურ თამაშებში“ ჩართვისთვის დაადანაშაულეს. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამაში „ქრონიკა“ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის რომ კრიტიკის ობიექტია საიას უფლება - მოიპოვოს და გაავრცელოს საქმესთან დაკავშირებული პროფესიული ინფორმაცია, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და არა ექსპერტის დასკვნის სიზუსტე.

2011-09-13 07:04 სრულად ნახვა

საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

2011 წლის 9 სექტემბერს, 16:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია/მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობამდე გამართა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, ორგანიზაცია იქცა ხელისუფლებისა და მედიის ნაწილის თავდასხმის ობიექტად. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებულ ლეგიტუმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რამდენიმე დღეა საიას წინააღმდეგ მიმართული, ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმებს მიღმა მომზადებული სიუჟეტები ვრცელდება, რომლებიც ორგანიზაციაზე თავდასხმას უფრო წარმოადგენს ვიდრე დისკუსიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

2011-09-09 14:10 სრულად ნახვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია საიას ოფისთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთან 8 სექტემბერს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერით საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები გადაიცა. სოლიდარობის აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.

2011-09-08 13:58 სრულად ნახვა

კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით საია თავის კომენტარს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პირველ რიგში, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ საიას მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა. შესაბამისად, შსს-ს მტკიცება საიას მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯების თაობაზე უსაფუძვლოა. მიგვაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტურ გამოძიების ჩატარების მიზნებისათვის, შს სამინისტროს პირველ რიგში უნდა შეესწავლა საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, შსს-მ განცხადებები ისე გააკეთა, რომ ფოტო ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ შეუსწავლია, აპრიორი გამორიცხა ამ მტკიცებულების სანდოობა და აღნიშნა, რომ საიას მხრიდან ადგილი აქვს ფაქტების დამახინჯებას.

2011-09-06 16:17 სრულად ნახვა

ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საია მის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს აქვეყნებს

2011 წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საიას თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა. 26 მაისის შემდეგ საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს. ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საიამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd1 სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით ჩვენ ექსპერტ კენეტ ლინჯს2 გავუგზავნეთ 1. რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა, 2. ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო (ფოტო #2) და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს DABS Fingerprints/Forensics Ltd-მა გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა (იხ. დანართი). ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და #4 სურათზე (რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეოს ამსახველი ფოტო მასალა) გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც დაფიქსირდა როგორც #4 ფოტოზე, ისე სიკვდილის შემდეგ პროზექტურაში გადაღებულ ფოტოზე. ვიდეო ჩანაწერის შემოწმების შედეგად ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეო მასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეო მასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული.

2011-09-06 09:05 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის ინტერესებს, რომელიც ამჟამად სასჯელს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დეწესებულებაში იხდის. ამჟამად, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ის გადაყვანილია ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში. იოსებ წიკლაურის ჯამრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის დროული კურსის ჩატარება. სწორედ ამ მიზნით მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით, დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა 2011 წლის 28 ივნისს ჩატარდა. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, სასამართლო სამედიცინო ექპერტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომელიც გადაიგზავნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში თუმცა, მსჯავრდებულის ოჯახს დღემდე არ ჩაბარებია.

2011-08-18 09:57 სრულად ნახვა