ირაკლი ხოფერიას საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

ირაკლი ხოფერიას სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მოწმე (გიორგი - გიგი ქათამაძე) არსებითად ცვლის თავის ჩვენებას. აღნიშნული მოწმე გამოძიებას, ირაკლი ხოფერიას მიერ მიცემულ ჩვენებას უდასტურებდა. საია მოითხოვს მოწმის მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება[1]. აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგანაც აუცილებელია დადგინდეს თუ რამ გამოიწვია ჩვენების არსებითად შეცვლა, ხომ არ ყოფილა აღნიშნულ მოწმეზე რაიმე ზეწოლა და მისი დაყოლიება ჩვენების შეცვლაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოფერიას საქმის გამოძიება ჭიანურდება. მიუხედავდ იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

საია მოუწოდებს შესაბმის ორგანოებს, დროულად დასრულდეს ირაკლი ხოფერიას საქმის გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ მოძალადე პოლიციელები.  

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია,  ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით კი, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

 


[1] მუხლი 372. ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე: გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge