სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) შეიტანა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქმეზე, რომელიც უკავშირდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" სარჩელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ.
სარჩელი შეეხება ცესკოს 2025 წლის 3 აპრილის N22/2025 დადგენილებას, რომლითაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა.
საიას შეფასებით, აღნიშნული დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებას საარჩევნო უბნებზე და მათ შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულონ დაკვირვების ფუნქცია.
ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები დადგენილებაში, პირველ რიგში, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტია. ამის გარდა, ის არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს დამკვირვებლის საქმიანობას. კერძოდ, მას ეკრძალება თავისუფლად გადაადგილება უბანზე, რაც ხელს უშლის სრულყოფილ დაკვირვებას. წარმოდგენილი ცვლილებების ფონზე, დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ მათ უპირველეს მოვალეობას - ვერ დააიდენტიფიცირებენ პოტენციურ დარღვევებს და ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რაც გახდება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევას, რადგან დათვალიერება მხოლოდ დროებითი გადამოწმების მიზანს ემსახურება და არა მონაცემების ჩაწერას, აღრიცვას ან სხვაგვარ დამუშავებას.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაციის პიროებებში ობიექტური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული დადგენილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებელთა უფლებების დაცვა, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
დამატებითი ინფორმაცია და დეტალები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
გააზიარე: