GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 თებერვალი, 2018

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებული ჩ.ნ. თანამესაკნეებმა საპირფარეშოში ყელგამოჭრილი ნახეს.[1] სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანებას ერთჯერადი საპარსი საშუალებით.[2] გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა.[3]

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მომხდარ შემთხვევასთან მიმართებით, აუცილებელია ყურადღების გამახვილება მედიაში გავრცელებულ მნიშვნელოვან გარემოებაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ვერ იქნა აღმოჩენილი დანაშაულის იარაღი.[4] ლოგიკურია, რომ აღნიშნული ფაქტი აღძრავს ეჭვს მოვლენათა შესაძლო სხვაგვარი მიმართულებით განვითარების კუთხით, განსაკუთრებით, მსჯავრდებულის მძიმე დაზიანების გათვალისწინებით, რაც, დიდი ალბათობით, გამორიცხავდა მისი მხრიდან იარაღის თავიდან მოცილების შესაძლებლობას.

ამავე გარემოების გათვალისწინებით, დამატებით დასაბუთებას საჭიროებს გამოძიების 115-ე მუხლით დაწყების ფაქტიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციამ შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შექმნას ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებისას (მაგალითად, თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის  შემთხვევაში, არ ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება, კომპიუტერული მონაცემების ამოღება და სხვა).

საქართველოს უახლოეს ისტორიაში პენიტენციარულ სისტემაში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია მსგავსი შემთხვევების მიმართ საზოგადოების მომეტებული ინტერესი და უნდობლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ზედმიწევნით სწრაფად, ეფექტიანად და უზრუნველყოფილი იყოს მომხდარ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა.

დამატებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგების მიუხედავად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სანათადო ყურადღება გამახვილდეს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტსა და, ზოგადად, პენიტენციარულ დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. შესაბამისად, სათანადო მოკვლევის საფუძველზე, აუცილებელია, ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს ყველა ის საკანონმდებლო, პრაქტიკული თუ სხვა ტიპის ხარვეზი, რომლებიც, შესაძლოა, არ იყოს სათანადოდ ეფექტიანი ამ ტიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

 


[1] http://www.interpressnews.ge/ge/samartali/478133-konstituciis-42-e-mukhli-gldanis-me-8-datsesebulebis-erth-erth-sakanshi-patimari-yelgamotcrili-nakhes.html;

[2] http://www.moc.gov.ge/ka/pressamsakhuri/akhali-ambebi/article/22895-sasjelaghsrulebisa-da-probaciis-saministros-ganckhadeba;

[3]http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/478192-eqimi-gldanis-cikhidan-shemoyvanili-patimris-mdgomareoba-kritikulad-mdzimea-mas-magistraluri-siskhldzarghvebi-aqvs-dazianebuli.html;

[4] http://www.interpressnews.ge/ge/samartali/478133-konstituciis-42-e-mukhli-gldanis-me-8-datsesebulebis-erth-erth-sakanshi-patimari-yelgamotcrili-nakhes.html

სხვა სიახლეები