სასამართლო ინსტიტუცია - რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი
18 თებერვალი, 2025არჩევნების შემდგომ არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.1
გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მიღების შემდეგაც იყო ფორმალური და რეალურად არ ემსახურებოდა იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შინაარსობრივ შესრულებას, რასაც ინსტიტუციები უნდა გაეძლიერებინა და მოემზადებინა ევროკავშირის წევრობისთვის. ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო პროცედურულ გაუმჯობესებისკენ მიმართული და არ შეხებია სისტემის მთავარ გამოწვევას გავლენიან ჯგუფს და კორპორატივიზმს. კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (შემდგომში - „ვენეციის კომისია“) მოსამართლეთა „ვეტინგზე“2 - როგორც პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების დროებით მექანიზმის საჭიროებაზე მიუთითა.3 მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების რეკომენდაცია ასევე აისახა ევროკომისიის დოკუმენტშიც.4 დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე, მართლმსაჯულების სექტორში თანამდებობების დაკავების მსურველი კანდიდატები.5
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავისი განუზომელი ძალაუფლებით წლებია უკვე ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და სისტემის მაკონტროლებელი ძირითადი ორგანოა.
სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების დადასტურება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრების და მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიასთვის, ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო.6
წლებია, სასამართლო პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებებს მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით იღებს.7 ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შემდგომ წარმოებულ დავებში. მიმდინარე სახალხო პროტესტის დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლო განხილვებისას კი სასამართლო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რეპრესიების თანამონაწილედ მოგვევლინა.
ამ მოვლენების პარალელურად, ლიეტუვამ და ესტონეთმა გააფართოვეს დასანქცირებულ თანამდებობის პირთა სია. ლიეტუვას დასანქცირებულ პირთა შორის სამი მოსამართლეა.8 ესტონეთის მიერ დასანქცირებულთაგან ექვსი სწორედ ის მოსამართლეა, რომელიც პრო-ევროპული პროტესტის დროს დაკავებული პირების ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდენენ. დასანქცირებულ პირებს ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.9
როგორც საარჩევნო დავების, ასევე დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების საქმეების განხილვისას, თვალშისაცემი იყო, რომ საქმეებს ხშირად სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეები განიხილავდნენ, რომელთა საბოლოოდ უვადოდ გადანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს. ეს კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ახალდანიშნულ მოსამართლეებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) არჩევნების დასრულების შემდგომ, ყველა ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. საია დავობდა ბიულეტენების უკანა მხარეს დატოვებული მარკერის კვალის და ასევე, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამო, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს უყურებდა. ეს არღვევდა ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპებს.10 საიას მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით წარდენილი საჩივრები, არ დააკმაყოფილა არცერთმა სასამართლომ, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, სადაც პროცესები მოულოდნელად განვითარდა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ბათილად ცნო, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქის ელექტრონულად ჩატარებული უბნების შედეგები.11 სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალის ხილვადობა. ასევე, მოსამართლემ, რომელმაც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას როგორი მნიშვნვნელოვანია, დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი მოსამართლის არსებობა, რომელიც დავებს განიხილავს მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, შინაგანი რწმენის შესაბამისად. სამწუხაროდ, სრულიად განსხვავებულად წარიმართა პროცესი სააპელაციო სასამართლოში, სადაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა 26-მდე საქმე, მათ შორის, საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. გაერთიანებული საქმის განხილვა 23 საათის განმავლობაში მცირე შესვენებებით მიმდინარეობდა. ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება და მისი განხილვის ხანგრძლივობა არღვევდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი პროცესისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მხარეებს რეალურად ქონდეთ შესაძლებლობა განახორციელონ ეფექტური სამართალწარმოება, რაც საქმის განხილვისა და სხდომის წარმართვის გონივრულ ვადებს მოიცავს.12 დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილებების მიღების ვადებიც.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე არაერთხელ დადგა საქმეების გამიჯვნის შესახებ შუამდგომლობა იგი არ დაკმაყოფილდა. ნიშანდობლივია, ისიც, რომ სააპელაციო საჩივრები თავიდან სხვადასხვა მოსამართლეებს დაეწერა, შემდეგ მოხდა მათი გაერთიანება და პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი კოლეგიის შემადგენლობა.
პროცესზე არ დაკმაყოფილდა დიმიტრი გვრიტიშვილის აცილების შუამდგომლობა, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი და სისტემაში ერთ-ერთი გავლენიანი მოსამართლეა. მომხსენებელი მოსამართლის, დავით ახალბედაშვილის ნაცვლად, სხდომას ფაქტობრივად ის უძღვებოდა.
დიმიტრი გვრიტიშვილმა საქმეების გამიჯვნის შუამდგომლობის განხილვისას განმარტა, რომ არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო სასამართლოში სხვადასხვაგვარი პრაქტიკა ვერ იქნებოდა.13
ამ ფონზე ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრების არდაკმაყოფილების თაობაზე, ვადის დარღვევით გამოაცხადა, ეს აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზი სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა იყო, რათა ამ ორი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები არ აცდენოდა ერთმანეთს. საარჩევნო დავებზე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემურობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელსაც უნდა დაედგინა დაირღვა თუ არა ხმის ფარულობის პრინციპი ხმის მიცემისას, ხარვეზიანად ჩატარდა. პირველ რიგში, გაუგებარი და დაუსაბუთებელი იყო, რატომ ჩაატარა განმეორებით ექსპერიმენტი სააპელაციო სასამართლომ, მაშინ როდესაც ვადებში ისედაც შეზღუდული იყო და რატომ არ გაიზიარა თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. ექსპერიმენტის ჩატარება სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გამოცდილ თანამშრომელს მიანდო, რომელსაც ბიულეტენი კონვერტის მეშვეობით იმგვარად არ მოუთავსებია ხმის მთვლელ აპარატში, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ვიდეოში იყო ნაჩვენები. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეებმა თავადაც მიიღეს ექსპერიმენტში მონაწილოება, რა დროსაც აშკარად გამოჩნდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი. მიუხედავად ამისა, დიმიტრი გვირიტიშვილმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი დასრულდა იმ დროს, როდესაც ცესკოს წარმომადგენელმა ბიულეტენი შეაცურა აპარატში.14 საბოლოოდ, სასამართლომ 23 საათიანი პროცესის შემდეგ ყოველგვარი განმარტების გარეშე, საჩივრების არდაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.
საარჩევნო დავებზე პროცესების დროს, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, სისტემაში არსებული გამოწვევები. მოსამართლეები პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობენ არა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის შესაბამისად, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
პრო-ევროპული დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები სასამართლო ხელისუფლების მიერ ლეგიტიმური პროტესტის დროს ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი წესით დაკავებული პირების საქმეების განხილვისას, სამართლიანი სასამართლოს უფლება უგულებელყოფილია.15
დაკავებული პირების პროცესები ტარდებოდა ღამის საათებში, ადვოკატებს არ ეძლეოდათ სათანადო დრო მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დასაცავად. სასამართლო იყენებდა მკაცრ სანქციებს. არცერთი სრულად გამამართლებელი შედეგი არ დამდგარა მშვიდობიანი დემონსტრანტების სასარგებლოდ. დაკავებულთა უმრავლესობას, ჰქონდათ შესამჩნევი დაზიანებები სახისა და თავის არეში, ამის მიუხედავად სასამართლო არ დებდა პროცესებს და მთელი ამ დროის განმავლობაში დაკავებულებს უწევდათ საკნებსა თუ სხდომის დარბაზში ყოფნა.16 აქციაზე დაკავებული პირების უმეტესობა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა დღემდე არცერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა შემთხვევაში, სასამართლო ობიექტური გარემოებების გამოკვლევის გარეშე აკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ.17 მაშინ როდესაც, პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად ბრალდების მხარე ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.18
მოსამართლე ზოგჯერ არა ნეიტრალური არბიტრის, არამედ ბრალმდებლის როლსაც ითავსებდა. ის ნაკლებად უსვამდა კრიტიკულ კითხვებს ბრალდების მხარეს, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთს არა ბრალდებულს, არამედ ბრალდების მხარეს აკისრებს.19 პროცესებზე დაკავებულები ყვებოდნენ დაკავების დროს მათზე, ტრანსპორტში თუ განყოფილებაში მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. მოსამართლე ფორმალური საფუძვლების მოშველიებით არ იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსს მიემართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, რათა მომხდარიყო დაკავებულის წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევის გამოძიება.
პროცესების ანალიზით ირკვევა, რომ სასამართლო თვალს ხუჭავს ადამიანთა წამებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, უფრო მეტიც, თავად გვევლინება რეპრესიების მონაწილე მხარედ, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსებს პროტესტის მონაწილე, უკანონოდ დაკავებული პირების წინააღმდეგ იყენებს.
მიმდინარე მოვლენებმა და მოსამართლეების არაკვალიფიციურთან ერთად, არაკეთილსინდისიერმა, ადამიანურობას მოკლებულმა განხილვებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის ეროზიას. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას წინ აღუდგება და გარკვეულ ბალანსის ცენტრს შექმნის მმართველის პარტიის რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის.
ავტორი: ნინო ნოზაძე
ბლოგი მომზადდა ნინო ნოზაძის მიერ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ევროკავშირის შეხედულებებს.
1 „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს, 2024 წლის 28 ნოემბერი, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html, განახლებულია: 09.12.24.
2 მოსამართლეთა ვეტინგი გულისხმობს მათი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერებისა და მუშაობის ხარისხის შემოწმების პროცესს, რაც მოითხოვს მათ გარკვეულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობას. ეს პროცესი, როგორც წესი, ტარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და, ასევე, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად. Commission For Democracy Through Law (Venice Commission) Compilation Of Venice Commission Opinions And Reports Concerning Vetting Of Judges And Prosecutors, Strasbourg, 19 December 2022, ხელმისაწვდომია:https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2022)051-e#:~:text=Vetting%20of%20judges%20and%20prosecutors%20as%20examined%20in%20earlier%20VC,and%20integrity%20in%20public%20office, განახლებულია: 23.12.2024.
3 Venice Commission, Georgia follow-up opinion to previous opinions concerning the organic law on common courts, CDL-AD(2023)033-e, 9 October 2023, პარა. 11, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/x4xO9NR, განახლებულია: 07.12.2023.
4 COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions 2023 Communication on EU Enlargement policy, page 20-21, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/fqtFO, განახლებულია: 19.12.2024.
5 COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions 2023 Communication on EU Enlargement policy, page 20-21, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/fqtFO, განახლებულია: 13.12.2024.
6 Public Designations of Mikheil Chinchaladze, Levan Murusidze, Irakli Shengelia, and Valerian Tsertsvadze, Due to Involvement in Significant Corruption, Press Statement, U.S. Department of State, 5 April 2023, available at: https://www.state.gov/public-designations-of-mikheil-chinchaladze-levan-murusidze-irakli-shengelia-and-valerian-tsertsvadze-due-to-involvement-in-significant-corruption/, accessed: 2.10.24.
7 ვერძეული ს. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში (2013-2021 წლები), თბილისი, 2021 წელი, გვ. 4, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/btvyD, განახლებულია: 24.12.2024
8 ცნობილია "ქართული ოცნების" იმ მაღალჩინოსნების ვინაობა, ვინც ლიეტუვამ დაასანქცირა - სია, მთავარი არხი, 2024 წლის 15 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/172722-tsnobilia-kartuli-otsnebis-im-maghalchinosnebis, განახლებულია: 20.12.24.
9 ვინ მოხვდა ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში?, Forbes Georgia, 2024 წლის 16 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://forbes.ge/vin-mokhvda-estonethisa-da-lietuvis-mier-sanqtsirebultha-siashi/, განახლებულია: 20.12.24.
10 საია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2014 წლის 30 ოქტომბერი, https://gyla.ge/post/GYLA-gancxadeba-30octomberi, განახლებულია:10.12.2
11 თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2024 წლის 04 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/tetritskaro-gadatskvetileba-4noemberi, განახლებულია:19.12.24.
12თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2024 წლის 7 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo?fbid=976681024503920&set=a.485094683662559, განახლებულია: 19.12.24.
13 საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი, რადიო თავისუფლება, 2024 წლის 6 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33189870/lbl0lbi394230.html, განახლებულია: 20.12.24.
14 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2024 წლის 6 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo?fbid=976278384544184&set=a.485094683662559, განახლებულია: 20.12.24.
15 კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2024 წლის 12 დეკემბერი, ხელმისაწვდომია:https://gyla.ge/post/koalicia-gancxadeba-12dekemberi?fbclid=IwY2xjawHbQe5leHRuA2FlbQIxMAABHR_9vcYQWR8qUBi7Tc3xLoO8G_B5bK3oe1Rt7Cz5upXRhSDHxkw0_0NamQ_aem_Czpeu9QE3MOH24gB3U-WKA, განახლებულია: 20.12.24.
16 არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება დაკავებული პირების შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2024 წლის 01 დეკემბერი, ხელმისაწვდომია:https://gyla.ge/post/arasamtavrobo-organizaciebis-qselis-gancxadeba-dakavebulebze?fbclid=IwY2xjawHbQ5xleHRuA2FlbQIxMAABHa-TzQ7Hp-K1FvwLjvIsF5uSf5g9ovNtCK45jv0E8MjimKkE1-cm7Pq1DA_aem_iqWNOKWTDviAvWk0nOdMhw, განახლებულია:19.12.24.
17 დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები, 2024 წლის 10 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/siskhlis-saqmeebis-montoringi-demonstratnebi-gyla, განახლებულია: 10.12.24.
18 იქვე.
19 იქვე.
გააზიარე: