შუქრუთი - მოსახლეობა დარღვეული უფლებების პირისპირ
22 ოქტომბერი, 2024„მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს” - სასამართლო დარბაზის კართან ასე პასუხობს უილბურ ტენანტი ადვოკატ რობერტ ბილოტს ფილმში ,,შავი წყლები” (“Dark Waters”, 2019), როცა მათ უნდა ამხილონ უმსხვილესი კომპანიის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები. ფილმი, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება, აუცილებლად აგვაღელვებს. თუმცა, სანამ ეს მღელვარება ფილმის ნახვიდან მალევე გაივლის, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და მთელმა მსოფლიომ იცოდეს „სოფელი, რომელიც მიწას ჩააქვს”.
„ნუ გვინგრევთ სახლებს” - სანამ ეს სიტყვები და მზარდი რიცხვები ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა, ხოლო ხანგრძლივი პროტესტი - უფლებაშელახული მოქალაქის მოვალეობად, ბლოგის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს მკითხველს, რა ხდება იქ, სადაც „შავი ოქრო” მოიპოვება. აქ წაიკითხავთ დარღვეულ უფლებებზე (თუმცა, არა ყველა მათგანზე), ასევე, სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც იცავს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას იმ პირობებში, როდესაც ისინი ,,წართმეული სამართლის” მსხვერპლები გახდნენ.
პრობლემა - ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ (შემდგომში ,,კომპანია”) მიერ მადნის სისტემურმა მოპოვებამ საგრძნობლად გააუარესა ადგილობრივი ლანდშაფტი, უკიდურესად უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიომრავალფეროვნებაზე, შეცვალა სოციალური გარემო და მოსახლეობა დატოვა ჩამონგრეული, საუკეთესო შემთხვევაში კი, გაბზარული კედლების პირისპირ.[1] ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით თავს იჩენს სოფელ შუქრუთში, სადაც ადამიანებს სახლები ენგრევათ, ბავშვები რადიაციულ გარემოში თამაშობენ, ხოლო სუფთა ჰაერი ფუფუნებად იქცა. მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლებისგან ხანგრძლივი
პროტესტით მოითხოვს, მოისმინოს „შუქრუთის გოდება”. ბლოგის მიზნებისთვის, სამ ძირითად საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ესენია: გარემოს დაცვის უფლება, ღირსეული კომპენსაცია, გამოხატვისა და გაერთიანების უფლებების შეზღუდვა.
-
სამართლებრივი ჩარჩო და დარღვეული უფლებები
გარემოს დაცვის უფლება - ეკოლოგიური უფლებები განყენებული ცნება არ არის და ხშირად მოიაზრება სხვა უფლებებით დაცულ სფეროში, როგორიც არის სიცოცხლის, ღირსეულად ცხოვრების, ჯანმრთელობის, განვითარების, საკუთრების, კულტურული ან თუნდაც რელიგიური უფლებები.[2] შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა ნიშნავს ყველა იმ ფუნდამენტური უფლების დარღვევას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულყოფილი განვითარებისთვის. ეს განმტკიცებულია 1972 წლის სტოკჰოლმის დეკლარაციის პირველი პრინციპით, 1992 წლის რიო დე-ჟანეიროს დეკლარაციის პირველი პრინციპით,
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 2012 წლის რეზოლუციით,[3] ორჰუსის კონვენციით, რომლის წევრიც არის საქართველო და ა.შ. ყველა ამ დოკუმენტში, რომლებიც გაეროსა თუ რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების[4] მიერ არის მიღებული, მითითებულია, რომ: ყველა ადამიანს აქვს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის, სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოებაზე ხელმისაწვდომობის უფლებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, იმოქმედოს „დამბინძურებელი იხდის” პრინციპის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებით არაერთგზის აღინიშნა, რომ გამოწვევა იყო არა მხოლოდ დადგენილი ნორმების პრაქტიკული რეალიზება, არამედ ზოგიერთ საკითხში დახვეწას საჭიროებდა არსებული ეროვნული კანონმდებლობაც. მაგალითად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტების განხორციელებისას ხშირად სათანადოდ და ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას. ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკის შემცირების საკანონმდებლო ჩარჩო არის სუსტი ან სულაც ფრაგმენტული.[5]
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვას ცალკე უფლებად განამტკიცებს და გვთავაზობს საკმაოდ კომპლექსურ ჩანაწერს, რომლის თანახმად, კონსტიტუციით დაცულია ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი სიკეთეებით და მონაწილეობდეს გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში.[6] ეს ჩანაწერი შემთხვევითი არ არის, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გარემო პირობების მზარდმა დეგრადაციამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გარდაუვალი გახადა ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს კონსტიტუციური დაცვის საჭიროება.[7] თუმცა, იმავე საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო არ მიიჩნია ვალდებულად, გაეცა მის ხელთ არსებული კერძო კომპანიის მიერ მოგროვებული გარემოსდაცვითი ინფორმაცია წიაღისეულის მოპოვების შესახებ, ვინაიდან ის „კომერციული ინტერესის საგნად”[8] აღიარა და არ განამტკიცა აზრი, რომ „შეუძლებელია ამ სახის ინფორმაცია, კომერციული საიდუმლოების ეგიდით, დახურულ ინფორმაციად მიიჩნიო”.[9] ეს იმ პირობებში, როცა ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.[10] ბლოგის მიზანი სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა არ არის, მაგრამ ყურადღების გამახვილებაა იმ ფაქტზე, რომ მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფოს უჩენს მეტ ბერკეტს, დარღვევა სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს, ან, თუნდაც, ზოგიერთი საკითხი „დახურულ კარს მიღმა” დატოვოს. ეს ნათლად ჩანს შუქრუთის მაგალითზეც.
რა იგულისხმება შენიღბვაში? მაგალითად, მაშინ, როცა შუქრუთის მოსახლეობას სახლ-კარის განადგურების შიშში სძინავს, სახელმწიფო საერთაშორისო არენაზე საუბრობს არა
პრობლემაზე, არამედ შემუშავებულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია, მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების შემუშავება.[11] აუცილებელია, ასევე ვახსენოთ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია[12] და სახელმწიფოებისგან 4.5 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოხსენების წარდგენას მოითხოვს. საქართველომ ბოლო ანგარიში 2021 წელს წარადგინა, რომელშიც საუბარია გარემოსდაცვით სფეროში მიღწეულ პროგრესზე. ეს ეხება ნარჩენების გადამუშავებას, ჰაერის დაბინძურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის შემუშავებას და გარემოსდაცვითი შეფასებითი კოდექსის მიღებას.[13] მთავარი საკითხი არის არა სტრატეგია, რომელიც, შესაძლოა, იდეალურად იყოს გაწერილი, არამედ პრაქტიკაში მისი განხორციელება, საზოგადოების ჩართულობა ლოკალური პრობლემების გადაჭრაში და თავად პროცესების გამჭვირვალობა. რეალურად, შუქრუთის მოსახლეობა ითხოვს იმას, რისი უფლებაც მათ შიდაეროვნული თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აქვთ მინიჭებული. შუქრუთის მაგალითი კიდევ უფრო საყურადღებოა, რამდენადაც სახელმწიფოს ამ რეგიონში უკვე აქვს გამოცდილება გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით.[14]
ღირსეული კომპენსაციის უფლება - „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი განამტკიცებს მოქალაქის უფლებას, „მიიღოს ანაზღაურება საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანისთვის”.[15] დადგენილი პრაქტიკით, კომპენსაციის რაოდენობა უნდა განისაზღვროს მიყენებული ზიანის შესაბამისად, რაც გულისხმობს პირის იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, რა მდგომარეობაშიც ის იქნებოდა დარღვევის არარსებობის შემთხვევაში.[16] ეს ასევე ეხება ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირს, როგორც დარღვევის საფუძველს.[17]
შუქრუთის პროტესტი მხოლოდ 221 დღეს არ ითვლის. მოსახლეობა სხვადასხვა დროს მოითხოვდა ღირსეულ კომპენსაციას საწარმოს საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.[18] იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ სახელმწიფოს, შეექმნა კომპენსაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და ერთგვაროვანი სტანდარტი.[19] კომპანიის, მათ შორის, სახელმწიფოს ორი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ (1) მოსახლეობამ კომპენსაცია უკვე მიიღო[20] და (2) კავშირი კომპანიის საქმიანობასა და დამდგარ ზიანს შორის არ არსებობდა, რადგანაც დაზიანებები გამოწვეული იყო არა ამ კომპანიის საქმიანობით, არამედ საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.[21]
ამ პირობებში სახელმწიფო ვერ ახერხებს, იპოვოს ბალანსი კერძო კომპანიის ინტერესებსა და საჯარო სიკეთეს შორის. თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ირჩევს მხარეს, რამდენადაც პროტესტის მონაწილეები არა ჩვეულებრივ პირებად, არამედ „რადიკალური ჯგუფის წევრებად” შეირაცხნენ.[22] ამასთანავე, 2017 წლის მაისიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზში“, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანიშნულია სპეციალური მმართველი.[23] სახელმწიფო აცხადებდა, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ არ ხდებოდა წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური ათვისება, გარემოს დაცვა, სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა, ჯამურად, 416 110 418,51 ლარი შეადგინა.[24] სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, მიუთითა, რომ ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებით უმუშევარი დარჩებოდა ათასობით ადამიანი. შესაბამისად, გადაწყდა, რომ კომპანიაში უნდა დანიშნულიყო სპეციალური მმართველი (არაუმეტეს 3 წლის ვადით).[25]
აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ, მაშინ, როცა საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე დაბალია,[26] ქვეყანაში არ არსებობენ ამ სფეროში სპეციალიზებული მოსამართლეები.[27] სასამართლო კოლოსალურად დიდ საკითხს იხილავს 24 საათში და გამოაქვს სარწმუნო განჩინება. ეს ვადა 2020 წლის 8 მაისის განჩინებით -
3 წლით, ხოლო 2023 წლის 16 მაისის განჩინებით - კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა. ფაქტია, რომ ასეთ პირობებში კომპანიასა და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის მოძებნა გართულდა, ან ამის საჭიროება, სულაც, მოისპო, რამდენადაც კომპანიის მმართველობითი ფუნქცია თავად სახელმწიფომ იტვირთა. ისიც ფაქტია, რომ სპეციალური მმართველის პირობებში, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შესრულდა.[28] რამდენიც არ უნდა შეიფუთოს პრობლემა არგუმენტით, რომ ,,შუქრუთი საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილ პრობლემებს იმკის”, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისგან გაქცევის ფაზაში უფრო ამყოფებს, ვიდრე ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაში.
გამოხატვისა და გაერთიანების უფლებების შეზღუდვა, როგორც პროტესტის ჩახშობის მცდელობა - უფლებაწართმეული პირისთვის, რომელიც უპირისპირდება უმსხვილეს კომპანიას და, იმავდროულად, სახელმწიფოს, პროტესტი ერთადერთ იარაღად რჩება. დადგენილი პრაქტიკით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია.[29] გარდა ამისა, არა მხოლოდ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვა, არამედ, ზოგ შემთხვევაში, საპარლამენტო საქმიანობის შეფერხებაც კი ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების უარყოფად და შეიძლება მოექცეს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) ფარგლებში.[30] ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2022 წელს მოუწოდა საქართველოს, გაეორმაგებინა (“Redouble”) გამოხატვისა და გაერთიანების უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიები.[31] რაც შეეხება უშუალოდ კარვის გაშლის აკრძალვას, შემთხვევითი არ არის, რომ სამართალდამცავი პირები აკრძალვის საფუძველს ვერ ასახელებენ. ამის მიზეზად რამდენიმე არგუმენტის დასახელება შეიძლება: (1) ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპები ცალსახად აღიარებს აქციის მიმდინარეობისას კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას,[32] (2) საქართველოს საქალაქო სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ კარავი შეიძლება იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალება,[33] (3) ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთან მიმართებით აღინიშნა, რომ შიდაეროვნული კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები დროებითი კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს[34] და სხვ.
ამ სამართლებრივი მიგნებების პარალელურად, რომლებიც სახელმწიფოსთვის ცნობილია, პარლამენტთან შუქრუთელებს შეეზღუდათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლება. მათ წვიმის დროსაც კი არ მიეცათ შესაძლებლობა კარავი გაეშალათ.[35] „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას სახელმწიფო შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად იყენებს”, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელშიც ორგანიზაცია მოუწოდებდა სახელმწიფოს, უარი ეთქვა კარვების გაშლის ბლანკეტურ აკრძალვაზე და ხელი შეეწყო შუქრუთის მოსახლეობის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებას.[36] მაშინ, როცა აქციის მონაწილეები ითხოვენ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფო თავად ცდილობს, უფლებაში ჩარევის გზით, პრობლემის იგნორირებას და პროტესტის ჩახშობას.
სამწუხაროდ, უფლებაში ჩარევა მხოლოდ კარვის გაშლის აკრძალვაში არ გამოიხატება. მეთოდებმა უფრო მკაცრი ხასიათი მიიღო, რამდენადაც სისხლისსამართლებრივი დევნა გახდა პროტესტის ჩახშობის გზა. პროკურატურამ, „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების” ბრალდებით, ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა.[37] ბრალდების საფუძველი არის კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება, ბრალდებულების მიერ სავენტილაციო სისტემის მუშაობის განზრახ შეფერხება, რამაც, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.[38] ამგვარი ბრალდება, მინიმუმ, სარკასტულია, რამდენადაც, პრობლემის მოგვარების გზების ძიების სანაცვლოდ, სახელმწიფო გვთავაზობს იმ პირების დასჯას, რომლებიც ფუნდამენტური უფლებების დაცვას ითხოვენ. მეტიც, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა შპს „მაღაროელმა“ დაზარალებულების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და კომპანიის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან 5,5 მილიონი ლარის ანაზღაურება მოითხოვა.[39] ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როცა 2 წლის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს მიუთითა, არ გამოეყენებინა სამოქალაქო და სისხლის სამართლის დებულებები, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალება.[40]
დასკვნის სახით, შემთხვევითი არ არის, რომ რეალური პრობლემები ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების ჩრდილქვეშ რჩება. ეს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკაა რესურსების გასაფანტად. მისგან თავის დაღწევა შეგვეძლება მაშინ, როცა რეალობას ხელოვნურად ვერ დაგვაშორებენ. რეალობა კი ის არის, რომ შუქრუთელებს ფუნდამენტური უფლებები ერღვევათ და ამ დარღვევის სიმძიმე თითოეულ მოქალაქეზე ახდენს გავლენას.
ავტორი : მარიამ სხვიტარიძე
ბლოგი მომზადდა მარიამ სხვიტარიძის მიერ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და
ჩართულობის
ხელშეწყობა
და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და
მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ
ასახავდეს
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის, ევროკავშირის შეხედულებებს.
[1] „ჯორჯიან მანგანეზი”
ალყაში
- ხელისუფლება
გარემოსა
და
ხალხის
წინააღმდეგ, გიორგი მგელაძე, 13.02.2021, „რადიო
თავისუფლება“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/93Usm [16.09.2024].
[2] UNEP, ‘Factsheet on Human Rights and the
Environment: Linkages between Human Rights and the Environment’ Nairobi,
June 2015.
[3] იხ. https://documents.un.org/doc/resolution/gen/g12/131/59/pdf/g1213159.pdf [20.09.2024].
[4] მაგალითისთვის იხ. ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2004/35/EC დირექტივა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ.
[5] იხ. Analysis
of Gaps between National Legislation of Georgia and World Bank Environmental
and Social Framework,
June 2020 [20.09.2024]. ასევე - Alternative
report of the Public Defender (Ombudsman) of Georgia on the Status of
Implementation of the Aarhus Convention 2017-2020 [20.09.2024].
[6] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის
გადაწყვეტილება №2/1/524 საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე
გიორგი
გაჩეჩილაძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“,
II-2.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის
№3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ
„მწვანე
ალტერნატივა”
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-25.
[9] მოსამართლე მ. კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის
14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ
„მწვანე
ალტერნატივა”
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“,
II-9.
[10] „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 5,
პუნქტი 2, ქვეპუნქტი „მ“; ორჰუსის კონვენცია, მუხლი 6.
[11] Third periodic report submitted by Georgia under articles
16 and 17 of the Covenant, due in 2007, ICESCR, 16 December 2022, p. 28,
available at: https://shorturl.at/YTmTK [16.09.2024].
[12] UN General Assembly Resolution 60/251, March 2006.
[13] National report submitted in accordance with paragraph 5 of
the annex to Human Rights Council resolution 16/21, Georgia,
A/HRC/WG.6/37/GEO/1, 2021, p. 18, available at: https://shorturl.at/432iB [16.09.2021].
[14] მაგალითისთვის იხ. „ჩაცმულებს გვძინავს
ღამე"
- ჭიათურის
სოფელ
ითხვისში
სახლები
ინგრევა, 29.03.2022, „რადიო
თავისუფლება“, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/31776448.html [16.09.2024].
[15] „გარემოს
დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 6, ქვეპუნქტი
,,ზ”.
[16] ECtHR, ‘Rules of the
Court. The Practice Direction on Just Satisfaction Claims (issued by the
President of the Court in accordance with Rule 32 of the Rules of Court on 03
June 2022)’, § 8.
[17] Verein
Klimaseniorinnen Schweiz and Others v. Switzerland, no. 53600/20, 9 April
2024, § 415.
[18] „შუქრუთში
პროტესტის
ნიშნად
პირი
სამმა
ქალმაც
ამოიკერა“,
24.05.2021, „პუბლიკა“, ხელმისაწვდომია: https://rb.gy/x7k9oh [16.09.2024].
[19] ,,გაუმჭვირვალე პრაქტიკები,
პასუხისმგებლობის
ბუნდოვანი,
გაფანტული
სისტემა
და
საზედამხედველო
უწყებების
გულგრილობა
კომპენსაციის
სამართლიანად
დაანგარიშებასა
და
ადმინისტრირებას
შეუძლებელს
ხდის”
- სოციალური
სამართლიანობის
ცენტრი
შუქრუთში
მიმდინარე
წინააღმდეგობას
ეხმაურება
და
პასუხისმგებელი
უწყებებისგან
ინსპექტირებას
მოითხოვს, 21.05.2021, სოციალური
სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/r20Xb [16.09.2024]. იხილეთ
ასევე: EMC, მწვანე ალტერნატივა
და
საია
შუქრუთსა
და
ითხვისში
არსებულ
კრიზისს
ეხმიანებიან,
24.02.2024, მწვანე ალტერნატივა, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/OUV6y [16.09.2024].
[20] „შუქრუთის
აქციის
რადიკალური
ჯგუფის
წევრები,
რომელთაც
კომპენსაციები
უკვე
მიღებული
აქვთ,
ისევ
თანხას
ითხოვენ
- აღნიშნულ
საკითხს
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა“,
13.09.2024, ტვ „იმედი“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/NK27E [16.09.2024].
[21]
„ჯორჯიან მანგანეზი“:
ჭიათურის
სოფელ
შუქრუთში
ზიანი
საბჭოთა
პერიოდს
უკავშირდება, 12.11.2019, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/404780/ [16.09.2024].
[22] მაგალითისთვის იხ. „შუქრუთის
აქციის
რადიკალური
ჯგუფის
წევრები,
რომელთაც
კომპენსაციები უკვე
მიღებული
აქვთ,
ისევ
თანხას
ითხოვენ“,
13.09.2024, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/uehVx [16.09.2024].
[23] „ჯორჯიან
მანგანეზი“ - კომპანიის პროფილი, „მწვანე
ალტერნატივა“, დეკემბერი, 2019, ხელმისაწვდომია: https://greenalt.org/app/uploads/2019/12/GM_Geo_2019.pdf [16.09.2024].
[24] იქვე.
[25] იქვე.
[26] იხილეთ კვლევა ,,გარემოსდაცვითი განათლებისა
და
ცნობიერების
დონის
შეფასება
ეროვნულ
დონეზე”, 2022, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kzEac [09.09.2024].
[27] Vardosanidze, Ketevan and Csaba Kiss, Access to Environmental Justice in Georgia, October 2023, GIZ and
UNDP, available at: https://shorturl.at/TCzCb [16.09.2024].
[28] „ჭიათურა
- უბედურების
ზონა“,
23.05.2023, „მთის ამბები“, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=0Mf_yBzjaww [16.09.2024].
[29] Handyside v. United
Kingdom, Judgment of 1976, no. 5493/72, ECHR, § 49; Şener
v. Turkey, Judgment of 2000, no. 26680/95, ECHR; Thoma v. Luxembourg, Judgment of 2001, no. 38432/97, ECHR; Dichand and Others v. Austria, Judgment
of 2002, no. 29271/95, ECHR.
[30] Makarashvili and
Others v. Georgia, nos. 23158/20, 31365/20, 32525/20, 30 January 2023,
ECHR, §§ 89-94.
[31] Concluding observations on the fifth periodic report of
Georgia, Human Right Committee, 135th session 27 June–27 July 2022, available
at: https://shorturl.at/qgRgZ [22.09.2024].
[32] Osce/odihr Panel of Experts on the Freedom of Assembly,
Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, Warsaw/Strasbourg 2010, § 18, p. 30, available at: https://www.osce.org/files/f/documents/4/0/73405.pdf [22.09.2024].
[33] მაგალითისთვის იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის
31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463-16.
[34] Urgent Opinion on Proposed Amendments to the Law of Georgia
on Assemblies and Demonstrations and to the Administrative Offences Code,
OSCE/ODIHR, Warsaw, 6 November 2023, available at: https://www.osce.org/files/f/documents/7/a/557847_0.pdf [22.09.2024].
[35] „მოშიმშილეები
პარლამენტთან“,
17.09.2024. „მთის ამბები“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/BGvGR [18.09.2024].
„2016 წლის
31 აგვისტოს
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
ადმინისტრაციულ
საქმეთა
კოლეგიამ
N3/6463-16 საქმეზე
უკანონოდ
მიიჩნია
აქტივისტებისთვის
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
წინ
კარვის
განთავსებაზე
უარის
თქმა
და
მერიას
დაავალა,
მათთვის
ამის
შესაძლებლობა
მიეცა”,
დეტალურად
იხ.
აქტივისტების
უფლებები
შეკრება-მანიფესტაციისას
[18.09.2024].
[36] „საია
შუქრუთელების
შეკრების
თავისუფლების
დარღვევას
ეხმიანება“,
17.09.2024, საია, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/XGA0L [18.09.2024].
[37] „შუქრუთის
პროტესტის
3 მონაწილეს
ბრალი
წაუყენეს“,
31.07.2024, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/733623/ [18.09.2024].
[38] შუქრუთის
აქციის
მონაწილეებს
საჩხერის
სასამართლომ
გირაო,
1000-1000 ლარი
შეუფარდა, 01.08.2024, „რადიო
თავისუფლება“, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33059710.html [18.09.2024].
[39] „შუქრუთელებს
სასამართლომ
მაღაროს
შესასვლელის
პიკეტირება
აუკრძალა“, 13.08.2024,
„რადიო თავისუფლება“,
ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33077347.html [18.09.2024].
[40] Concluding
observations on the fifth periodic report of Georgia, Human Right Committee,
135th session 27 June–27 July 2022, available at: https://shorturl.at/qgRgZ [22.09.2024].
გააზიარე: