GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

ადრეული გაფრთხილების სისტემები - კატასტროფების პროგნოზირებისთვის აუცილებელი მექანიზმები საქართველოსთვის

16 სექტემბერი, 2024

გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწყერის შემთხვევები. მაგალითად, ასეთი სტიქიური პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტში[1] იყო. მანამდე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლიც მოჰყვა.[2] ასევე მეწყრული პროცესები გამოვლინდა აჭარაში.[3] 1 წლის წინ კი, შოვის ტრაგედიის[4] შედეგად, არაერთი ადამიანის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, იყო მსხვერპლიც, რომ აღარ ვისაუბროთ კურორტის ინფრასტრუქტურასა თუ ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების შელახვაზე. ტრაგედიები საქართველოს არ აკლია, თუმცა მათი პრევენციისა და აღმოფხვრის გზები ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ ჩანს.


საქართველოს კონსტიტუციის[5] 29-ე მუხლში ამოვიკითხავთ, რომ „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. გარდა ამისა, 2000 წელს საქართველომ განახორციელა ორჰუსის[6] კონვენციის რატიფიცირება,[7] რომელიც ძალაში 2001 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. ამ კონვენციის მიხედვით, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება გულისხმობს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების ვალდებულებას, ამა თუ იმ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია (პასიური ვალდებულება), ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებას, მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით შეაგროვონ, განაახლონ და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია (პროაქტიული ვალდებულება).[8]


ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა, არსებობდეს სისტემა, რომელიც ხსენებული მიზნის რეალიზებას უზრუნველყოფს. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილია ადრეული გაფრთხილების სისტემები (Early Warning Systems - EWS). UNDRR[9]-ის თანახმად, მოსალოდნელ საფრთხეზე 24 საათით ადრე გაფრთხილება ზარალს 30%-ით ამცირებს. ადრეული გაფრთხილების სისტემები მოიცავს ოთხ ძირითად კრიტერიუმს:[10] რისკის ცოდნა, რომელიც ეფუძნება მონაცემთა სისტემურ შეგროვებას; საფრთხის და მოსალოდნელი შედეგების გამოვლენა, მონიტორინგი, ანალიზი; ოფიციალური წყაროს მიერ დროული, ზუსტი და ქმედითუნარიანი გაფრთხილება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის; რეაგირების შესაძლებლობა, ანუ სამოქმედო გეგმის არსებობა. EWS, თავისთავად, ინდივიდუალურია ქვეყნებისა და მათი საჭიროებების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს sms შეტყობინება,[11] რადიო, ტელევიზია, სოციალური ქსელი, გამაფრთხილებელი სირენა, რომლებსაც მოჰყვება მოსახლეობის ინფორმირება მოქმედების ინსტრუქციით. დღესდღეობით, ეფექტური ადრეული გაფრთხილების სისტემებით გამოირჩევიან შვეიცარია,[12] იაპონია და ნიდერლანდები,[13] რომლებიც იყენებენ  სხვადასხვა ტიპის სენსორებს ეროზიის მონიტორინგისა თუ ნიადაგების სხვა სახის გადაადგილების აღმოსაჩენად, აკვირდებიან ნალექების ინტენსივობას. გარდა ამისა, კონკრეტულად განსაზღვრული უწყებები უზრუნველყოფენ კვლევების ჩატარებას, შედეგად, სტიქიის ზონაში მოქცეულებს, ინფორმაციის ოფიცრებისა და სპეციალური რეესტრების საშუალებით, დროულად მიეწოდებათ ინსტრუქციები და ეძლევათ აუცილებელი ზომების მიღების შესაძლებლობა.


ზემოხსენებულ ქვეყნებს, შესაბამისი სისტემების ფუნქციონირებით არ ჩამორჩება ინდოეთიც, რომელსაც, სიღარიბის მიუხედავად, საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი თანხების წყალობით, აქვს გამართული და ეფექტური სენსორები საფრთხეების აღმოსაჩენად. და რა ხდება ამ დროს საქართველოში? ვერ ვიტყვით, რომ ფინანსური სიდუხჭირე არ გვაძლევს ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის საშუალებას, ვინაიდან United Nations Development Programme-მა საქართველოში განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა მრავალი ტიპის საფრთხის აღმოჩენის ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. პროექტი 2018 წლის 1-ელ მარტს დამტკიცდა და მისი ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.[14] ამავე წლის ივნისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა"[15] იარსებებდა. თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში მოყვანილი ტრაგედიები ცხადყოფს, მექანიზმი ამ დრომდე არ არსებობს - 2024 წელშიც!


საყურადღებოა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით არაერთი ვალდებულება აკისრიათ ბუნებრივი კატასტროფების რისკის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად. 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებითა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები მოიცავს კლიმატის ცვლილებასთან სათანადო ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების საჭიროება ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, შესაბამისი მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მიმართულებით.[16] გარდა ამისა, საქართველო არის სენდაის ჩარჩო-დოკუმენტის ხელმომწერიც. კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა (2015-2030) არის გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული ის ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლის მიზანია, არსებითად შეამციროს კატასტროფების საფრთხე და, შესაბამისად, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თავიდან აირიდოს და არსებითად შეამციროს შესაძლო მატერიალური და ეკონომიკური ზარალი.[17] სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ სისტემის ინტეგრაცია თავისი პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში, ინვესტიციები ჩადოს ადრეული გაფრთხილების სისტემების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი შესაძლებლობების გაზრდაში.[18]


აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ვითარებაა დღევანდელ რეალობაში კატასტროფების პრევენციის კუთხით. 2023 წელს რაჭასა და გურიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საიამ შეიმუშავა საადვოკაციო დოკუმენტი,[19] რომელშიც დასვა საკვანძო შეკითხვები ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენცია-მართვასთან დაკავშირებით, ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, განცხადებებით მიმართა შესაბამის ორგანოებს. შეკითხვები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: რატომ არ გააჩნია საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა? რატომ არ არის დანერგილი ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც არის როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ისე სენდაის ჩარჩო-პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულება? აქვს თუ არა, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების პასპორტი[20] ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები? უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, რატომ არ არის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი? დღემდე რატომ არ არსებობს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტები? ეს და სხვა შეკითხვები დღემდე უმეტესად პასუხგაუცემელია. არ არსებობს შესაბამისი მექანიზმები ან მათი შექმნა სამომავლოდ არის გადადებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენციასა და მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.[21]


ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ESW სისტემის დანერგვის მთავარი მიზანია  არა კატასტროფების თავიდან აცილება, არამედ გამოწვეული ზიანისა და მსხვერპლის შემცირება. შესაბამისად, სახიფათო ტერიტორიის დროულად დაცლა მოსახლეობისგან, მათთვის საცხოვრებლების უზრუნველყოფა, ცნობიერების ამაღლება, ევაკუაციის გეგმის დანერგვა, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს გაფრთხილების მიღებისას და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, პირდაპირპროპორციულად დადებითად იმოქმედებს ხსენებული მიზნების რეალიზებაზე. ამ ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის საჭიროების წინაშე კი საქართველო ნამდვილად დგას.


 


 


ბლოგი მომზადდა მარიამ ჯიქიძის მიერ, გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსათვის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. 


ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსათვის შეხედულებებს.


 

[1] „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ძველი მეწყრული სხეული გააქტიურდა - გარემოს ეროვნული სააგენტო“, bm.ge, 20.02.24, ხელმისაწვდომია: https://rb.gy/fgh7a5 [26.04.2024].

[2] „ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს“, „რადიო თავისუფლება“, 07.02.2024, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32809636.html [26.04.2024].

[3] „სტიქია აჭარაში“, tv.ge, 07.02.2024, ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/video/stiqia-acharashi-11/ [26.04.2024].

[4] „ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები“, „რადიო თავისუფლება“, 04.08.2023, ხელმისაწვდომია: https://rb.gy/f91e6p [26.04.2024].

[5] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29.

[6] კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

[7] Vardosanidze K., Kiss C., ACCESS TO ENVIRONMENTAL JUSTICE IN GEORGIA, 2023, 16.

[8] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებები“, 2021, 8.

[9] UNDRR, Early warnings for all (EW4All).

[10] Brazzola N., E. M. Helander S., United Nations Development Programme (UNDP), Five approaches to build functional early warning systems, 2018, 16.

[11] Brazzola N., E. M. Helander S., United Nations Development Programme (UNDP), Five approaches to build functional early warning systems, 2018, 19.

[12] Stay risk informed. Be prepared. Switzerland’s multi-hazard early warning system.

[13] Access to environmental information: key elements and good practices.

[14] REDUCING THE RISK OF CLIMATE-DRIVEN DISASTERS IN GEORGIA.

[15]„2-3 წელში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება" - რას ამბობდა ლევან დავითაშვილი 2018 წელს, TV პირველი [ 07.08.2023 ], https://rb.gy/3runu7 [26.04.2024].

[16] საია,  საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, 2023, 10, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/bitv8.

[17] UN, სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამა (2015-2030), ხელმისაწვდომია: https://www.undrr.org/publication/sendai-framework-disaster-risk-reduction-2015-2030.  

[18] საია,  საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, 2023, 23, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/bitv8.

[19] იქვე.

[20] პასპორტი - ეს არის წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხს, მოსალოდნელ შედეგებს, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისთვის გაწეული საქმიანობის შეფასების, ასევე საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების წესს („სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი).

[21] „საია ეხმიანება ნერგეეთში, მახუნცეთსა და წონიარისში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემა შექმნას“, საია, 2024-02-12, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/wMN38 [26.04.2024].