სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების და თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვითარების თაობაზე

2012-12-28 04:56
Featured image

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თვითმმართველობის  რეფორმა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. 

 
ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა.  სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფოში, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა "მრგვალი მაგიდის", "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს.
 
სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღესაც ნარჩუნდება და სახეზეა თვითმმართველობებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეულ წევრთა "ქართულ ოცნებაში" გადასვლის მრავალი მაგალითი. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არსებული სისტემისა და პრაქტიკის შენარჩუნება მომავალშიც ანალოგიურ პრობლემებს შეუქმნის როგორც ზოგადად ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ისე, კონკრეტულად, მმართველ პარტიას.
 
ფაქტია, რომ რეალური თვითმმართველობის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და თავისუფალი საზოგადოების ფორმირება. სწორედ ამიტომ, თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებამდე, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია:
 
ყველა დაინტერესებული მხარისა და მთლიანად ქართული საზოგადოების აქტიური მონაწილეობით დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დიალოგი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით;
შემუშავდეს და დაინერგოს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ყოველი მხარის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მოთხოვნილების მაქსიმალურ დაკმაყოფილებასა და ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან რეალურ დაახლოებას;
თვითმმართველობები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისაგან. ნათლად განისაზღვროს მათი ფორმირებისა (არჩევნები) და საქმიანობის (რეგლამენტი) წესი და ისინი უზრუნველყოფილნი იქნენ საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მეაქნიზმებით;
ნათლად გაიმიჯნოს ქვეყნის ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა უფლებამოსილებანი, ამ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, მატერიალური (ფინანსური და ქონებრივი) რესურსები და გამოირიცხოს სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივ უფლებამოსილებებში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა;
ჩამოყალიბდეს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ისეთი ინსტიტუციონალიზებული მექანიზმები, რომლებიც საფუძველშივე აღმოფხვრის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ საზოგადოებრივი ინტერესებით მანიპულირების შესაძლებლობას.
 
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მივესალმებით 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას 2013 წელს ყოვლისმომცველი დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების თაობაზე და  იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს წინამორბედთა შეცდომებს. 
 
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს არ დაუშვან ადგილებზე ვითარების შემდგომი დაძაბვა, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საზოგადოებრივი ინტერესებით მანიპულირების ყველა მცდელობის აღსაკვეთად და ქვეყანაში ევროპული ტიპის თვითმმართველობის დასამკვიდრებლად.
 
 
 
 
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
ადგილობრივი დემოკრატიის თვითმმართველობის ქსელი 
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კოალიცია „ჯანმრთელი სამყარო“
საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“
რეგიონული მედია ასოციაცია
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის"
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
დემოკრატ მესხთა კავშირი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
გორის საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს მედია-კლუბი
ახალგაზრდული ცენტრი „საქართველო“
ასოციაცია -საზოგადოება განვითარებისათვის,
ასოციაცია "არგომედია" 
ლენტეხისა და ცაგერის ქალთა არაფორმალური ქსელი
ასოციაცია "მედია და საზოგადოება"