სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა

2009-12-09 12:10
Featured image

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს ”მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის  მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

მონიტორინგი განხორციელდა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით  გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კანონიერების შესწავლა, ფინანსური რესურსის რაციონალური  ხარჯვის კონტროლი, გამოვლენილი კანონდარღვევების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატიურ უგულებელყოფას. ირღვეოდა კანონის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც  წარმოადგენენ შესყიდვის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელების მნიშვნელოვან გარანტს.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი სამართლებრივი დარღვევები:
•    სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა;
•    ტენდერების წარმართვა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით;
•    დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში;
•    საბიუჯეტო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა;
•    მშენებლობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად განხორციელება.
ასოციაციის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის საჭიროებას. მოცემულ ეტაპზე, გზის მშენებლობის პროექტი განხორციელების სტადიაზეა. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში წარმოადგენს ამ დროისათვის არსებული მონაცემებისა და შედეგების ანალიზს. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების შეფასებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომდევნო ანგარიშში წარმოგიდგენთ.

მწვანე ალტერნატივას მიზანს წარმოადგენდა პროექტის გამჭვირვალობის გაზრდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა, მთავრობისა და დონორების  ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მდგრადი განვითარების პრინციპების შესატყვისი გადაწყვეტილებების ლობირება.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავდა პროექტის ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციებთან შესაბამისობის, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის, გარემოსდაცვითი საკითხების მონიტორინგს. გამოიკვეთა როგორც პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული დარღვევები, ისე სისტემური პრობლემები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილი შეუსაბამობების დროულად გახმოვანებამ და მიზანმიმართულმა ლობირებამ  უკვე ამ ეტაპზე მოიტანა ხელშესახები დადებითი შედეგები პროექტის გაუმჯობესებისა და ხარჯვის ეფექტურობის ამაღლების კუთხით.

ამასთანავე, მონიტორინგის შედეგების ანალიზმა ნათლად გამოაჩინა, რომ  პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპებზე შესაძლებელია თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა: ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დარღვევა, უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, სანებართვო პირობების დარღვევა. მწვანე ალტერნატივას მონიტორინგი შემდგომში ამ საფრთხებზე იქნება მიმართული.