სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პროკურატურას მოახდინოს სათანადო რეაგირება პოლიციელთა მხრიდან ამირან ძებისაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ზეწოლაზე

2014-11-11 12:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ვასილ ლომსაძეს ინტერესებს, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სცემეს.  მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ლომსაძე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, პროკურატურამ ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სავარაუდო დამნაშავე პოლიციელთა გამოვლენის ნაცვლად, ვასილ ლომსაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წაუყენა ბრალი. სწორედ ვასილ ლომსაძის სასამართლო პროცესის დროს, მოწმეზე, რომელიც ადამიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, შსს-ს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ ზეწოლა განახორციელეს. აღნიშნულის თაობაზე საიას დაუკავშირდა მოწმე ამირან ძებისაშვილი, რომელიც მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ამირან ძებისაშვილი განმარტავს, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს მოწმის სტატუსით იმყოფებოდა ვასილ ლომსაძის სასამართლო პროცესზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოში დაკითხვისას მან ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ზაალ ადამიას მიერ ვასილ ლომსაძის ცემის ფაქტზე.  იმ დროს, როდესაც პროცესზე გამოცხადდა შესვენება და ამირან ძებისაშვილი გამოვიდა სასამართლო შენობიდან (მას სახლიდან უნდა მოეტანა პირადობის მოწმობა), სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა, მიზეზის აუხსნელად, ძალის გამოყენებით ჩასვეს იგი მანქანაში. იმავე დღეს, სასამართლო პროცესზე, ამირან ძებისაშვილმა განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოხდა მასზე ზეწოლა და აქვს საფუძვლიანი შიში, რომ დააბრალებენ დანაშაულის ჩადენას (ჩაუდებენ ნარკოტიკულ ნივთიერებას ან იარაღს). ამიტომ, ქ. რუსთავში ვერ ბრუნდება. 
 
ამირან ძებისაშვილი ამბობს, რომ იმავე საღამოს დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის მეშვეობით და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. ოპერატორმა განუცხადა, რომ დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდებოდნენ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, თუმცა დღემდე მას არავინ დაკავშირებია. ამდენად, მისთვის უცნობია რა რეაგირება მოჰყვა გენერალური ინსპექციის მხრიდან მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
 
საია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ, ზედმიწევნით და ეფექტურად მოახდინოს აღნიშნული ფაქტების შესწავლა და დაიწყოს გამოძიება.